წიგნში ავტორი საკუთარი ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებას იხსენებს და ცდილობს გაანალიზოს სირცხვილის გრძნობა, როგორც სოციალური და შინაგანი ფენომენი. ეს წიგნი მოგვითხრობს ერთ კონკრეტულ დღეს, როდესაც ავტორის მამა ძალადობრივად მოექცა დედას. ამ მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა პატარა ანის ფსიქიკაში და სწორედ აქედან იწყება სირცხვილის განცდის ჩამოყალიბება. მწერალი აღწერს, როგორ იქცა ეს მოვლენა მისი ცხოვრების ერთგვარ საზომად - ყველაფერი იმ გარკვეულ მომენტამდე და ამ მომენტის შემდეგ.
სირცხვილი აქ მხოლოდ პირადი გრძნობა არ არის. იგი დაკავშირებულია საზოგადოებასთან, კლასობრივ განსხვავებებთან და იმ გარემოსთან, სადაც ადამიანი იზრდება. ავტორი განსაკუთრებით უსვამ ხაზს იმას, რომ სირცხვილი ხშირად მოდის არა მხოლოდ საკუთარი ქმედებებიდან, არამედ იმ გარემოდანაც, სადაც ადამიანი ცხოვრობს - ოჯახი, სოციალური სტატუსი,განათლება...
წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეხსიერებასაც. ერნო ცდილობს ზუსტად აღადგინოს წარსული, თითქოს კვლევას ატარებს საკუთარ ცხოვრებაზე. იგი არ ამშვენებს მოვლენებს და არ ცდილობს მათ შერბილებას - პირიქით, ძალიან პირდაპირ და ობიექტურად გადმოსცემს ყველაფერს. ეს ტექსტს კიდევ უფრო ძლიერს და დამაჯერებელს ხდის.
"სირცხვილი" გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბავშვობის გამოცდილება ადამიანის იდენტობაზე. ის შეიძლება იყოს როგორც დამანგრეველი, ასევე შემეცნებითი ძალა - ის გვაიძულებს ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და უკეთ გავიგოთ, ვინ ვართ სინამდვილეში.



No comments:
Post a Comment