Wednesday, July 31, 2024

დონა ტარტი - "ოქროსფერი" Donna Tartt - "The Goldfinch"

 


       ამერიკელი მწერალი დონა ტარტი ავტორია საკმაოდ წარმატებული და ინტელექტუალური რომანების. "ოქროსფერის" წარმატებამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სიუჟეტი კი ასეთია : 13 წლის თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიქცა - მოულოდნელი წვიმისგან დასამალად.  მუზეუმში გატარებული წუთების განმავლობაში თეომ მოახერხა აღფრთოვანებულიყო ჰოლანდიელი მხატვრის კარელ ფაბრიციუსის "ოქროსფერი" სურათით, ენახა ელეგანტური მოხუცი, წითელთმიან გოგონასთან ერთად და სმენა დაეხშო საშინელი აფეთქებისგან - ტერორისტული თავდასხმა მუზეუმში... თეო უცნაურ ბრძანებას იღებს მოხუცისგან და მალევე იგებს დედის გარდაცვალებას. სწორედ ამ მომენტიდან ის თითქოს ჩაყვინთავს ტანჯვისა და თავგადასავლების ნაკადში,  რომელიც დაუსრულებლად ეჩვენება...


      აფეთქების გამოგონებით, რომელიც არასდროს არ მომხდარა, ტარტი შეგნებულად არღვევს რეალობის კედელს და ფანტასტიკურ სივრცეში ჩაგვძირავს. თეო ცხოვრობს ეგზოტიკური პერსონაჟებითა და უცნაური ნივთებით დასახლებულ სამყაროში - ასეთი ფერადი და ნათელი მხოლოდ ზღაპარში ან ბავშობაშია.  სიუჟეტური ხაზები აქ დაკავშირებულია სამკაულების დახვეწილობასთან და პერსონაჟები ცოცხლები არიან. მაგრამ მკითხველის მოხიბვლისას , ავტორი არ მალავს განზრახვას სერიოზულად ისაუბროს ხელოვნებაზე , მის მნიშვნელობაზე დედამიწაზე მცხოვრებთათვის. 

     "ოქროსფერის" მომხიბვლელობა არ მალავს შედეგს, რომელსაც ფინალში მომწიფებული თეო ხვდება. ხელოვნება საუკუნეების მაძილზე კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.  როგორც მთავარი გმირი ამბობს  - "სილამაზე უნდა გადავარჩინოთ ცეცხლს და შევინარჩუნოთ, რომ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს შეწყდეს." 



Monday, July 29, 2024

პოლა ჰოკინსი - "გოგონა მატარებელში" Paula Hawkins - "The girl on the train"

 


         ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რომელიც წამიკითხავს. ერთი წინადადებით რომ დავახასიათო ეს წიგნი, ალბათ ასე ვიტყოდი : არავის ნდობა არ შეიძლება!!!  წიგნის კითხვის პარალელურად თქვენი ეჭვი ხან ერთ პერსონაჟზე გადადის , ხან მეორეზე. გარკვეულ ეტაპზე ისე ჩაიხლართება სიტუაცია, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურებ, მათ შორის იმ მთავარ სამ ქალ პერსონაჟსაც, ვისი პირით მოყოლილ ამბავსაც კითხულობ. ალკოჰოლიკი, მატყუარა და მოღალატე - რეიჩელი, ანა და მეგანი - სამი მთავარი პერსონაჟი ქალი. რომელს უნდა ენდო?! 

       ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ვმგზავრობ მატარებლით, მაგრამ არ მტოვებს განცდა , რომ ეს ყველაზე იდუმალი და ლიტერატურული ტრასპორტია, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ.  ეს არის წიგნი გოგონაზე, რომელიც ყოველდღე მგზავრობს ერთი და იმავე მარშრუტით, ზის ერთსა და იმავე ფანჯარასთან, მატარებელი ყოველდღე ჩერდება რამდენიმე წუთით სემაფორზე, სწორედ ამ დროს ყოველთვის უყურებს გოგონა მატარებლების სიახლოვეს მყოფ სახლებს, განსაკუთრებით კი ერთს.  ხედავს მომხიბვლელ წყვილს, რომელსაც წარმოსახვაში არქმევს სახელებს - ჯესი და ჯეისონი, წარმოიდგენს მათ ბედნიერ ცხოვრებას და შორიდან ხარობს მათი ჰარმონიული ურთიერთობით.  თუმცა , ერთ დღეს  რეიჩელი ხედავს რაღაცას , რაც სრულიად არ შეეფერება ამ იდეალურ წყვილს მის წარმოდგენაში... 


       რეიჩელი უკვე რაღაცით დაკავშირებულია ამ ოჯახთან , ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს და ვერ მოისვენებს მანამ , სანამ არ გაარკვევს, რა ხდება. სწორედ აქ იწყება დაუჯერებლად დაძაბული ამბავი, როდესაც რეიჩელი შეგძულდებათ, თავს მოგაბეზრებთ, მხარს დაუჭერთ, უგულშემატკივრებთ, ისევ გაბრაზდებით და ასე დაუსრულებლად...

      ეს წიგნი არის სავსე საიდუმლოებებით. არც რეიჩელმა არ იცოდა , რა ხდებოდა იმ  "იდეალური წყვილის" სახლის ფანჯრებს მიღმა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა, რომელიც არ ასვენებს რეიჩელს და მკითხველს, კითხვა , რომლის პასუხიც არის მთავარი საიდუმლოს გასაღები : რა მოხდა შაბათს ღამით? 

     ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, ვერც კი წარმოიდგენთ წინ რამხელა თავსატეხი და სიამოვნება გელოდებათ ერთდროულად.  



Friday, July 26, 2024

ლევ ტოლსტოი - "ანა კარენინა" Leo Tolstoy - "Anna Karenina"

 


         ლევ ტოლსტოის ლიტერატურული შედევრი "ანა კარენინა" .  როდესაც ქალ პერსონაჟებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია პირველი არ გაგვახსენდეს ანა კარენინა, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურაში მოახდინა გადატრიალება. მიუხედავად იმისა , რომ თავად ტოლსტოი თვლიდა , რომ ეს არ იყო მისი საუკეთესო ქმნილება, "ანა კარენინა" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება. ცნობილია , რომ ამ რომანის 10 სხვადასხვა ვერსია არსებობდა, სანამ საბოლოო ვარიანტზე შეჩერდებოდა მწერალი. 

       მწერალმა ანა კარენინას სახე სულ მცირე ხუთი ქალის პროტოტიპისგან შექმნა. ერთი ქალისგან მან აიღო გარეგნობა, მეორისგან ტრაგიკული ბედი, მესამე ქალისგან -  წარმომავლობა, განათლება, სულიერი თვისებები, ხასიათის ნიშნები... სწორედ ამ ქალებისგან და მათი ბედისგან ტოლსტოიმ შექმნა ერთი სახე - ანა კარენინა. 


       ანა კარენინა წინააღმდეგობებით სავსე წიგნია. ამს მის სახელსა და გვარშივე ვხედავთ. კარენინა ნიშნავს გონებით მოაზროვნეს, ხოლო ანა გულით მცხოვრებს. ასევე ანა ჩამოდის, რომ შეინარჩუნოს ძმის ოჯახი და საბოლოოდ ანგრევს თავისას. ანა კარენინას და ვრონსკის შეხვედრა სისხლით იწყება და სისხლითვე მთავრდება.  

      წიგნში გვხვდება უფლის სიტყვები : "ჩემი არს შურისგება და მე მივაგო". ესაა პავლე მოციქულის ეპისტოლეში რომაელთა მიმართ. უფალი ამბობს, რომ თქვენ, ადამიანები ნუ განსჯით, მე - ღმერთი ვიმსჯელებ და განვსჯი. ეს ორი მიმართულებითაა ნათქვამი ტოლსტოისთან. პირველი ის , რომ ანა კარენინას ნუ გაკიცხავთ, ეგ თქვენი საქმე არაა, მას უფალი მიხედავს. მეორე კი გაფრთხილებაა ანა კარენინას მიმართ, რომ ვრონსკის ნუ განსჯი, ნუ დასჯი, თუმცა ანამ მაინც დასაჯა ვრონსკი თავისი თვითმკვლელობით... 

     წიგნის შესავალში ვხვდებით ფრაზას : "ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი თავისებურად უბედურია."  ეს ის წიგნია, რომელსაც ჩემი შეფასება ნამდვილად არ სჭირდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ არ გაქვთ წაკითხული, წინ პირველად კითხვის ბედნიერება გელით. 

"ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ,რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ." 


 

Monday, July 22, 2024

აგათა კრისტი - "მრუდე სახლი" , "და აღარავინ დარჩა" Agatha Christie - "Crooked House" , "And then there were none"

 


        დღეს გადავწყვიტე განვიხილო ორი წიგნი ერთ პოსტად. პირველი წიგნია დეტექტივების დედოფლად წოდებული, აგათა კრისტის " და აღარავინ დარჩა" .  არის მასპინძელი, რომელიც კუნძულზე ეპატიჟება რამდენიმე გავლენიან ადამიანს, საკმაოდ ნიჭიერს და ცნობილს. სწორედ ამკუნძულზე შეკრიბავს ყველას ერთად , რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით თავიანთ ქვეყნებში , ისინი გაიცნობენ ერთმანეთს, მაგრამ  არ იციან ვინ არის მასპინძელი და საერთოდ , რატომ  მოუწიათ ამ კუნძულზე შეკრება... წიგნში ასევე გვხვდება ლექსი , რომლის მიხედვითაც ხდება თითოეული პერსონაჟის გარდაცვალება. თითოეული პერსონაჟი აღმოაჩენს ჩაწერილ ფირს,  რომელსაც მიუტანს მოსამსახურე, და როდესაც ამ ფირს მოისმენენ, იქ წერია თითოეული ადამიანის მიერ ჩადენილი ცუდი საქციელი, ასე ვთქვათ ეგრეთწოდებული , ჯოჯოხეთისკენ განწესებული ხალხის შეკრებაა კუნძულზე... სწორედ ამ ფირების მოსმენის შემდეგ , კუნძულზე შეკრებილი ადამიანები , ცდილობენ გამოიძიონ , თუ ვინ იყო მასპინძელი, ვინ არის მთავარი ფუძემდებელი ამ იდეის... წიგნი არის საკმაოდ საინტერესო და იდეალურად დაწერილი. 


        მეორე წიგნი - "მრუდე სახლი" , რომელიც პირველივე ფურცლებიდან ჩაგითრევთ და ეცდებით თავად გამოიცნოთ თუ ვინ დგას ჩადენილი მკვლელობების უკან.  რაც შეეხება სიუჟეტს : ერთ უცნაურ, მრუდე სახლში ერთი ოჯახი ცხოვრობს, რომლის უფროსი წევრი - არისტიდ ლეონიდასი ძალზედ გავლენიანი და მდიდარი პიროვნებაა... მას ერთ დღეს მკვდარს აღმოაჩენენ, თუმცა ის ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, ის მოწამლეს... იწყება გამოძიება . ოჯახის თითოეულ წევრს შეეძლო მკვლელობა ჩაედინა , მაგრამ ხელჩასაჭიდი თითქმის არაფერია...მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდებოდა... 

      მიუხედავად იმისა, რომ მაინც ადვილი მისახვედრი იყო მკვლელის ვინაობა ჩემთვის, წიგნი ძალიან საინტერესო იყო და რამდენიმე საათში შემომეკითხა. ბევრ მომენტებში კი ჩემი ყბა ძირს იდო :) თუ დეტექტივები გიზიდავთ , უდიდესი რეკომენდაცია ამ ორ წიგნს. 




Saturday, July 20, 2024

ერიხ მარია რემარკი - "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

 


        მეორე მსოფლიო ომი - ესაა პერიოდი როცა ყავის ნახარშს ინახავდნენ ხელმეორედ ყავის დასალევად, კონსერვირებულ საჭმელს იმარაგებდნენ, გააჩნდათ მხოლოდ ორი წყვილი ტანსაცმელი, უსახლკაროები თავს აფარებდნენ ეკლესიებსა და ქუჩებს, დადიოდნენ ჯაშუშები და ნებისმიერ საეჭვო ქმედებას უმოქმედოდ არ ტოვებდნენ... პერიოდი, როდესაც სხვისი სახლის ნანგრევებში სხვა ოჯახი სახლდებოდა და ბინას იდებდა, ღამით შუქის ანთება ნატვრა იყო, მთვარის გამოჩენა მოწმენდილ ცაზე კი , უბედურების მომტანი... სხვისი წერილის ნაგლეჯის მისაკუთრება და უკანა მხარეს საკუთარი წარწერის გაკეთება მშობლების საძებნელად ქურდობის ტოლფასი... პერიოდი, როდესაც ზოგჯერ უბინაოდ დარჩენილს ღია ცის ქვეშ ძონძებისგან გაკეთებულ კარავში უფრო ტკბილად შეიძლება დაგძინებოდა , ვიდრე მშობლიურ სახლში დაბომბვის მოლოდინში. 

 


          გრებერი და ელიზაბეტი, მეორე მსოფლიო ომის დროს მცხოვრები ორი ახალგაზრდა, ერთი ჯარისკაცი, რომელმაც როგორც იქნა აიღო შვებულება და დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, მეორე მარტოდ დარჩენილი ექიმის ქალიშვილი. ორივე მშობლების დაბრუნებისა და პოვნის მოლოდინშია... ისინი ერთმანეთს ხვდებიან და სწორედ ამ შეხვედრიდან იწყებენ დატკბნენ იმ მცირე დროით რაც დარჩათ, სანამ ომი დააშორებთ...

        ეს არის უსაზღვროდ სევდიანი რომანი ადამიანებზე, რომლებიც უმცირესი ოცნებებით არსებობენ, სურთ დაიბრუნონ მშვიდი ღამეები, შეძლონ ყოველი შობის ღამეს შიშის გარეშე აანთონ შუქი და გაატარონ ტკბილი ცხოვრება, სადაც მთვარის დანახვა ციმციმა ვარსკვლავებთან ერთად, ადამიანთა მორიგ სიკვდილს არ მოაგონებთ... 




Tuesday, July 16, 2024

ჩარლს დიკენსი - "ნიკოლას ნიკლბი" Charles Dickens - " Nicholas Nickleby"

 


         რაც თავი მახსოვს, ყოველთვის განსაკუთრებით მიზიდავდა ვიქტორიანული პერიოდის ინგლისური ლიტერატურა, რომელშიც საინტერესოდაა აღწერილი ადამიანთა ყოფა - არისტოკრატიული ოჯახებიდან დაწყებული, მდაბიო ადამიანების ცხოვრებით დამთავრებული. დღესაც ვფიქრობ, რომ მეცხრამეტე საუკუნის რეალობას სხვა ხიბლი ჰქონდა... ეტლებითა და ომნიბუსებით სავსე ნისლიანი ლონდონი, კერძო სასწავლებლების პირქუში კედლები და დაჩაგრული გმირის ფიქრები ბუხრის წინ... 

        ჩარლზ დიკენსის რომანებში ბოროტისა და კეთილის განუწყვეტელი ჭიდილია. მის ნაწარმოებებში პერსონაჟები მუდმივად განიცდიან ბოროტი, ანგარებიანი ადამიანებისგან შევიწროვებას.  ამ ნაწარმოებშიც ავტორი აღწერს ინგლისური საზოგადოების რეალისტურ სურათს. 


         მამის გარდაცვალების შემდეგ , ნიკოლასი დედასთან და დასთან ერთად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნიკოლასის ბიძა - რალფი, ხარბი ადამიანია, რომელსაც პირადი გამდიდრების გარდა არავითარი მიზანი არ გააჩნია. იგი მასწავლებლად მოაწყობს ნიკოლასს ერთ კერძო სკოლაში და ფიქრობს , რომ ამით ძმისშვილს დაეხმარა. სინამდვილეში კი თავიდან მოიშორა და გაარიდა ლონდონს.  მისტერ სკვირსი, სკოლის მეპატრონე, ბოროტი ადამიანი იყო, რომელიც სასტიკად ექცეოდა მოწაფეებს. ნიკოლასის თვალწინ გადაიშალა საშინელი სურათი. იგი შეძრწუნდა იმ მეთოდებით , რასაც სკვირსი იყენებდა მშიერ და შეშინებულ ბიჭებთან. განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა იგი სმაიკს, მოზარდს, რომლის დაცვასაც ნიკოლასი შეეცდება. იგი ფიზიკურად გაუსწორდება სკვირსს და იორკშირიდან სმაიკთან ერთად წავა.  ამის შემდეგ იწყება მისი  ამბები ლონდონსა და მის  საზღვრებს მიღმა.  წიგნში ჩნდებიან ახალი გმირები , რომელთა ნაწილი ეხმარება მთავარ გმირს , ნაწილი კი მისთვის და მისი ოჯახისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდება.  

       ნიკოლასს ფარულად წხმარებიან ბიძის კლერკი და ერთ დროს ძალიან მდიდარი - ნიუმენ ნოგსი, მოგვიანებით კი ძმები ჩირიბლები. ნიკოლასის დაც არაერთხელ დადგება განსაცდელის წინაშე , თუმცა ისიც ახერხებს გადარჩენას.  მხოლოდ ჯანმრთელობაშერყეული სმაიკი იღუპება, ადამიანი, რომელიც  სახეა იმ ულმობელი სისტემისა, რომელსაც ამხელს ავტორი რომანის წინასიტყვაობაში.


      იკითხეთ დიკენსი , იმისთვის, რომ მეტად გიყვარდეთ ადამიანები. მისი ყველა ნაწარმოები ხომ ჩვენი წარსულიდან მელანქოლიურ ამბებს გვაგონებს და სევდიანი ამბების მიღმა მაინც ოპტიმიზმით გვავსებს - ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება!!!  არაფერია ადამიანის სიყვარულზე მაღლა!!! 

Thursday, July 11, 2024

მარიო ვარგას ლიოსა - "დეიდა ხულია და ჯღაბნია" Mario Vargas Llosa - "Aunt Julia and the scriptwriter"

 


         ჩემი პირველი გაცნობა ავტორთან სწორედ ამ წიგნით დაიწყო.  ეს არის რომანი თვრამეტი წლის ბიჭზე, რომელსაც უყვარდება ოცდათორმეტი წლის ქმარგანაცილები ქალი, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები , მისი ბიცოლის დაა. თავდაპირველი გართობა , შემდგომში გადაიზრდება სერიოზულ ურთიერთობაში და ქორწინების გამოცხადებით დამთავრდება ოჯახის წინაშე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ძალიან დიდი წინააღმდეგობა, პირველ რიგში ბიჭის მშობლების მხრიდან. მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვებს პიროვნული სურვილი, შინაგანი სითამამე და თავისუფლება და ისინი ოჯახს ქმნიან. 

        ზოგადად სიუჟეტში, ორიგინალური დიდად ვერაფერი დავინახე , თუმცა მგონია , რომ თავის დროზე ეს რომანი საკუთარ ფუნქციას შეასრულებდა და ადამიანებს ურთიერთობებზე დააფიქრებდა.  იმაზე , რომ შვილის არჩევანს პატივი უნდა სცე, ალბათ ბევრი გაიაზრებდა , რომ აკრძალვა უფრო აახლოებს და სხვის საქმეში ჩარევას უფრო უარყოფითი შედეგები მოაქვს. დღესდღეობით, ვფიქრობ , ეს პრობლემა უფრო გადაილახა და ასაკობრივი სხვაობა უმნიშვნელო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეშფოთებულ მიმიკას იწვევს, მათი რაოდენობა მაინც მცირდება. 


        მთავარი გმირების ქორწინება ყველასთვის მოულოდნელად რვა წელს გასტანს და ამის შემდეგ წყვილი დაშორდება ერთმანეთს. ამით ავტორს იმის ჩვენება უნდა , რომ მარადიული არაფერია ამ ქვეყანაზე და სიყვარულიც სრულდება ოდესმე და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა : არსებობს საერთოდ სიყვარული? რამდენად შესაძლებელია სიყვარულის პირველი დღეების შენარჩუნება მერეც... პასუხები უმეტესწილად სკეპტიკურია.

       ეს არ არის რომანი მხოლოდ თავისუფალ სიყვარულზე. პედრო კამაჩოს რადიოდადგმები, ადამიანური ყოფიერების ყველაზე ღრმა ადგილებში გვახედებს.. სამწუხაროდ სამყარო სავსეა შავ-თეთრი ფოტოებით და გვინდა თუ არ გვინდა , ჩვენს გონებას დროდადრო წვდება სხვადასხვა უბედური ამბავი... ესაა წიგნი ადამიანურ ქაოსზე და მაინც, წინააღმდეგობათა დაძლევის გზით მიზნისკენ სიარული მისი მთავარი მოწოდებაა. 



Monday, July 8, 2024

კრისტინ ჰანა - "ოთხი ქარი" Kristin Hannah - "The four winds"

 


        დიდი ლიტერატურა არ არის განებივრებული გმირი დედების ისტორიებით. სამწუხაროდ , ბევრი წიგნი არაა ისეთი, რომლებიც დედებზე გვიყვებიან, მათ სიძლიერესა და სიმამაცეზე, უანგარო სიყვარულსა და თავდადებაზე. იმაზე, თუ რაზე არიან დედები წამსვლელი შვილების გამო, რო  გაჭირვების ჟამს მათ შეუძლიათ გაუძლონ ქარიშხალს, მტვერს, გვალვას, თავდაუზოგავად იშრომონ ბამბის პლანტაციაში, იბრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ, გახდნენ მეამბოხენი და რევოლუციის გამომწვევი მიზეზიც კი...

       სწორედ ასეთ დედაზე მოგვითხრობს ეს საოცარი წიგნი , რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წიგნი "დიდი დეპრესიის" პერიოდის ამერიკაში გადაგისვრით. ამბავი ერთ ტეხასელ ქალზეა, ელსა მარტინელზე, რომელსაც ყველა სუსტ, მშიშარა და ცხოვრების დინებაზე მიმყოლ ქალად მიიჩნევს, საკუთარი შვილიც კი. თუმცა სწორედ ასეთ ადამიანებს აქვთ სიმამაცე, დიდი ძალა შეეწინაღმდეგონ ყველაფერ იმას , რაც უკეთესი, მშვიდი ცხოვრების შემშლელია.


        კრისტინ ჰანას წერის და ზოგადად ,თხრობის სტილი საკმაოდ საინტერესოა. ამ რომანის განსხვავებულმა , ტეხასურმა ისტორიამაც აღმაფრთოვანა. ყოველ ეპიზოდს ნათლად აღვიქვამდი გონებაში, განვიცდიდი ელსასა და მისი შვილების თითოეულ მარცხსა თუ გამარჯვებას, მათ ყოველდღიურ მიღწევებს უკეთესი ცხოვრების მისაღწევად.  

       ვფიქრობ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თუ გაინტერესებთ საკუთარი მიწის ერთგული ხალხისა და ოცნებებისთვის მებრძოლი ადამიანების მოთმინებისა და სიმამაცის ზღვარი, რომლებიც იბრძვიან მშვიდი და ლაღი ცხოვრების დასაბრუნებლად. წაკითხულის  შემდეგ  მძაფრი ემოციები ნამდვილად დიდხანს გაგყვებათ. 


სამახსოვრო ფრაზები : 

  • სიკვდილზე არ იდარდო. იდარდე იმაზე, თუ როგორ იცხოვრებ და არ შეგეშინდეს - იყავი მამაცი.
  • უდარდელ ცხოვრებას მარტო ოცნება არ ჰყოფნის.
  • სიყვარულის გარეშე ცხოვრება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ არასდროს არ გყვარებია.
  • სიყვარულს შვილი ცხოვრების დასაწყისში , ხოლო დედა დასასრულში იღებს. ღმერთი ამ მხრივ ბოროტია...
  • მამაცი იყავი! ან სხვებს მოაჩვენე რომ ხარ! ეს ერთი და იგივეა.
  • მჩაგვრელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოერევი, თუ შენს პოზიციას არ დათმობ.
  • შიში ჭკვიანურია, სანამ არ მიხვდები , რომ არასწორი რამის გეშინია.
  • სიმამაცე შიშია , რომელსაც ყურადღებას არ აქცევ.

Friday, July 5, 2024

ლეო ვარდიაშვილი - "ერთი დიდი ტყის მახლობლად" Leo Vardiashvili - "Hard by a great forest"

 


         ლეო ვარდიაშვილი ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი მწერალია. ლეო 12 წლიდან ლონდონში ცხოვრობს , ეს რომანიც ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. წყალდიდობა , რომლის შედეგადაც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები ქუჩაში დახეტიალობდნენ, იქცა ინსპირაციის წყაროდ მწერლისთვის.  ეს არის ჩამთრევი რომანი ომზე, ოჯახთან განშორებაზე და ორაზროვან სახლში დაბრუნებაზე, მსხვერპლზე, დანაშაულსა და ღალატზე, რომელიც გაჯერებულია ბურუსით მოცული საიდუმლოებებით, რომელშიც ასევე შეხვდებით შესანიშნავ იუმორისტულ დიალოგებსაც. 

         სიუჟეტი კი ასეთია :  ათასობით ქართველის მსგავსად , მთავარი გმირი საბა ოჯახთან ერთად , სამოქალაქო ომის დროს ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა. ომს კი მოჰვა საბჭოთა კავშირის დაშლა და გამყინავი ზამთარი, რომელმაც თბილისი დატოვა გაცამტვერებული, უწყლოდ და საკვების გარეშე.  საბას მამა ირაკლი, ომით განადგურებული სამშობლოდან ორი ვაჟით გაიქცა, ოცი წელი არ უნახავს შვილების დედა, რომელიც სამშობლოში დარჩა, რათა მათ გაქცევა შესძლებოდათ. როგორც იქნა , ირაკლი თბილისმა თავისთან მიიტყუა, მაგრამ , როდესაც მისი სატელეფონო ზარები წყდება , სწორედ მაშინ ჩნდება ბურუსით მოცული საიდუმლოებები. 


       საბა ბრუნდება თბილისში, სადაც სამშობლოში დაბრუნებული მამა, შემდეგ კი მამას გამოყოლილი ძმა სანდროც უჩინარდება. აეროპორტში გაცნობილი ტაქსისტი ნოდარი, რომანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ის საბას დაუმეგობრდება  და ბოლომდე ეცდება რთულ და იდუმალებით მოცულ გზაზე მარტო არ დატოვოს. პირველ რიგში ვიტყვი , რომ ძალიან მომეწონა თარგმანი, თითქოს ავტორმა მართლაც ქართულად დაწერა და არა ინგლისურად.  სამშობლოს მონატრებულ ემიგრანტებს განსაკუთრებით ვურჩევდი  წაკითხვას , იმდენად კარგად არის აღწერილი თბილისური ამბები, რომელიც არა მარტო ემიგრანტებს, ჩვეულებრივ 90 იანი წლების გამოვლილ მოქალაქეებსაც ბევრ მოგონებებს გაუღვიძებს.  


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ომს ყველაფრის გადაფარვა შეუძლია.
  • ზოგჯერ დაცინვით უნდა გამოაცალო ძალა გაჭირვებას.
  • სულ არაფერს ისევ წარმოსახვითი ჯობია.
  • სიღარიბეს ყველგან ერთი მექანიზმი აქვს - მის ნიშნებს მყისიერად ცნობ.
  • უცნაური რამეა მოგონება - მოულოდნელად რომ გაძგერებს ზურგში დანას.
  • მწარე სიმართლის დამალვა ქართველების ეროვნული სპორტია.
  • მიზეზების ძიება ფუჭი საქმეა. მიზეზი ფუჭი სიტყვებისგან შედგება, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
  • უცნაურია: თურმე, ადგილი , რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, შეიძლება იქცეს ადგილად, რომლისაც ყველაზე მეტად გეშინია.
  • კაცი ისტორიის გარეშე უფესვო ხესავითაა.
  • ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში. არ ღირს მუდამ მკვდრების დატირება. ცოცხლები ამას არ იმსახურებენ.
  • აცალე ცხოვრებას მოგატეხოს შენი რომელიმე ნაწილი. ნუ გეშინია, მოტეხილი მალე გამთელდება. მაგრამ , თუ არ გამთელდა და მაინც ფეხზე დარჩი, ესეიგი ეს ნაწილი არც ყოფილა შენთვის აუცილებელი. თამამად გაუსწორე თვალი ცხოვრების მახინჯ სახეს და განაგრძე წინსვლა. მაგრამ რაც უნდა მოხდეს, არ მისცე საშუალება, რომ ხერხემალში გადაგამტვრიოს.
  • შეიძლება იღბალი მაშინ მოდის, როცა ყველა იმედს კარგავ.
  • ღმერთი მხოლოდ იმდენ ტვირთს გვკიდებს , რამდენის ზიდვაც შეგვიძლია.
  • არანაირი ოქროს ძაფი არ არსებობს. აზრი და მიზეზი სხვადასხვა რამაა: ზოგ რამეში აზრის ძებნა სისულელეა. მიზეზი კი ყოველთვის ჭრის.