Monday, July 29, 2024

პოლა ჰოკინსი - "გოგონა მატარებელში" Paula Hawkins - "The girl on the train"

 


         ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რომელიც წამიკითხავს. ერთი წინადადებით რომ დავახასიათო ეს წიგნი, ალბათ ასე ვიტყოდი : არავის ნდობა არ შეიძლება!!!  წიგნის კითხვის პარალელურად თქვენი ეჭვი ხან ერთ პერსონაჟზე გადადის , ხან მეორეზე. გარკვეულ ეტაპზე ისე ჩაიხლართება სიტუაცია, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურებ, მათ შორის იმ მთავარ სამ ქალ პერსონაჟსაც, ვისი პირით მოყოლილ ამბავსაც კითხულობ. ალკოჰოლიკი, მატყუარა და მოღალატე - რეიჩელი, ანა და მეგანი - სამი მთავარი პერსონაჟი ქალი. რომელს უნდა ენდო?! 

       ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ვმგზავრობ მატარებლით, მაგრამ არ მტოვებს განცდა , რომ ეს ყველაზე იდუმალი და ლიტერატურული ტრასპორტია, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ.  ეს არის წიგნი გოგონაზე, რომელიც ყოველდღე მგზავრობს ერთი და იმავე მარშრუტით, ზის ერთსა და იმავე ფანჯარასთან, მატარებელი ყოველდღე ჩერდება რამდენიმე წუთით სემაფორზე, სწორედ ამ დროს ყოველთვის უყურებს გოგონა მატარებლების სიახლოვეს მყოფ სახლებს, განსაკუთრებით კი ერთს.  ხედავს მომხიბვლელ წყვილს, რომელსაც წარმოსახვაში არქმევს სახელებს - ჯესი და ჯეისონი, წარმოიდგენს მათ ბედნიერ ცხოვრებას და შორიდან ხარობს მათი ჰარმონიული ურთიერთობით.  თუმცა , ერთ დღეს  რეიჩელი ხედავს რაღაცას , რაც სრულიად არ შეეფერება ამ იდეალურ წყვილს მის წარმოდგენაში... 


       რეიჩელი უკვე რაღაცით დაკავშირებულია ამ ოჯახთან , ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს და ვერ მოისვენებს მანამ , სანამ არ გაარკვევს, რა ხდება. სწორედ აქ იწყება დაუჯერებლად დაძაბული ამბავი, როდესაც რეიჩელი შეგძულდებათ, თავს მოგაბეზრებთ, მხარს დაუჭერთ, უგულშემატკივრებთ, ისევ გაბრაზდებით და ასე დაუსრულებლად...

      ეს წიგნი არის სავსე საიდუმლოებებით. არც რეიჩელმა არ იცოდა , რა ხდებოდა იმ  "იდეალური წყვილის" სახლის ფანჯრებს მიღმა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა, რომელიც არ ასვენებს რეიჩელს და მკითხველს, კითხვა , რომლის პასუხიც არის მთავარი საიდუმლოს გასაღები : რა მოხდა შაბათს ღამით? 

     ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, ვერც კი წარმოიდგენთ წინ რამხელა თავსატეხი და სიამოვნება გელოდებათ ერთდროულად.  



No comments:

Post a Comment