Tuesday, July 16, 2024

ჩარლს დიკენსი - "ნიკოლას ნიკლბი" Charles Dickens - " Nicholas Nickleby"

 


         რაც თავი მახსოვს, ყოველთვის განსაკუთრებით მიზიდავდა ვიქტორიანული პერიოდის ინგლისური ლიტერატურა, რომელშიც საინტერესოდაა აღწერილი ადამიანთა ყოფა - არისტოკრატიული ოჯახებიდან დაწყებული, მდაბიო ადამიანების ცხოვრებით დამთავრებული. დღესაც ვფიქრობ, რომ მეცხრამეტე საუკუნის რეალობას სხვა ხიბლი ჰქონდა... ეტლებითა და ომნიბუსებით სავსე ნისლიანი ლონდონი, კერძო სასწავლებლების პირქუში კედლები და დაჩაგრული გმირის ფიქრები ბუხრის წინ... 

        ჩარლზ დიკენსის რომანებში ბოროტისა და კეთილის განუწყვეტელი ჭიდილია. მის ნაწარმოებებში პერსონაჟები მუდმივად განიცდიან ბოროტი, ანგარებიანი ადამიანებისგან შევიწროვებას.  ამ ნაწარმოებშიც ავტორი აღწერს ინგლისური საზოგადოების რეალისტურ სურათს. 


         მამის გარდაცვალების შემდეგ , ნიკოლასი დედასთან და დასთან ერთად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნიკოლასის ბიძა - რალფი, ხარბი ადამიანია, რომელსაც პირადი გამდიდრების გარდა არავითარი მიზანი არ გააჩნია. იგი მასწავლებლად მოაწყობს ნიკოლასს ერთ კერძო სკოლაში და ფიქრობს , რომ ამით ძმისშვილს დაეხმარა. სინამდვილეში კი თავიდან მოიშორა და გაარიდა ლონდონს.  მისტერ სკვირსი, სკოლის მეპატრონე, ბოროტი ადამიანი იყო, რომელიც სასტიკად ექცეოდა მოწაფეებს. ნიკოლასის თვალწინ გადაიშალა საშინელი სურათი. იგი შეძრწუნდა იმ მეთოდებით , რასაც სკვირსი იყენებდა მშიერ და შეშინებულ ბიჭებთან. განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა იგი სმაიკს, მოზარდს, რომლის დაცვასაც ნიკოლასი შეეცდება. იგი ფიზიკურად გაუსწორდება სკვირსს და იორკშირიდან სმაიკთან ერთად წავა.  ამის შემდეგ იწყება მისი  ამბები ლონდონსა და მის  საზღვრებს მიღმა.  წიგნში ჩნდებიან ახალი გმირები , რომელთა ნაწილი ეხმარება მთავარ გმირს , ნაწილი კი მისთვის და მისი ოჯახისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდება.  

       ნიკოლასს ფარულად წხმარებიან ბიძის კლერკი და ერთ დროს ძალიან მდიდარი - ნიუმენ ნოგსი, მოგვიანებით კი ძმები ჩირიბლები. ნიკოლასის დაც არაერთხელ დადგება განსაცდელის წინაშე , თუმცა ისიც ახერხებს გადარჩენას.  მხოლოდ ჯანმრთელობაშერყეული სმაიკი იღუპება, ადამიანი, რომელიც  სახეა იმ ულმობელი სისტემისა, რომელსაც ამხელს ავტორი რომანის წინასიტყვაობაში.


      იკითხეთ დიკენსი , იმისთვის, რომ მეტად გიყვარდეთ ადამიანები. მისი ყველა ნაწარმოები ხომ ჩვენი წარსულიდან მელანქოლიურ ამბებს გვაგონებს და სევდიანი ამბების მიღმა მაინც ოპტიმიზმით გვავსებს - ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება!!!  არაფერია ადამიანის სიყვარულზე მაღლა!!! 

No comments:

Post a Comment