Thursday, July 11, 2024

მარიო ვარგას ლიოსა - "დეიდა ხულია და ჯღაბნია" Mario Vargas Llosa - "Aunt Julia and the scriptwriter"

 


         ჩემი პირველი გაცნობა ავტორთან სწორედ ამ წიგნით დაიწყო.  ეს არის რომანი თვრამეტი წლის ბიჭზე, რომელსაც უყვარდება ოცდათორმეტი წლის ქმარგანაცილები ქალი, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები , მისი ბიცოლის დაა. თავდაპირველი გართობა , შემდგომში გადაიზრდება სერიოზულ ურთიერთობაში და ქორწინების გამოცხადებით დამთავრდება ოჯახის წინაშე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ძალიან დიდი წინააღმდეგობა, პირველ რიგში ბიჭის მშობლების მხრიდან. მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვებს პიროვნული სურვილი, შინაგანი სითამამე და თავისუფლება და ისინი ოჯახს ქმნიან. 

        ზოგადად სიუჟეტში, ორიგინალური დიდად ვერაფერი დავინახე , თუმცა მგონია , რომ თავის დროზე ეს რომანი საკუთარ ფუნქციას შეასრულებდა და ადამიანებს ურთიერთობებზე დააფიქრებდა.  იმაზე , რომ შვილის არჩევანს პატივი უნდა სცე, ალბათ ბევრი გაიაზრებდა , რომ აკრძალვა უფრო აახლოებს და სხვის საქმეში ჩარევას უფრო უარყოფითი შედეგები მოაქვს. დღესდღეობით, ვფიქრობ , ეს პრობლემა უფრო გადაილახა და ასაკობრივი სხვაობა უმნიშვნელო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეშფოთებულ მიმიკას იწვევს, მათი რაოდენობა მაინც მცირდება. 


        მთავარი გმირების ქორწინება ყველასთვის მოულოდნელად რვა წელს გასტანს და ამის შემდეგ წყვილი დაშორდება ერთმანეთს. ამით ავტორს იმის ჩვენება უნდა , რომ მარადიული არაფერია ამ ქვეყანაზე და სიყვარულიც სრულდება ოდესმე და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა : არსებობს საერთოდ სიყვარული? რამდენად შესაძლებელია სიყვარულის პირველი დღეების შენარჩუნება მერეც... პასუხები უმეტესწილად სკეპტიკურია.

       ეს არ არის რომანი მხოლოდ თავისუფალ სიყვარულზე. პედრო კამაჩოს რადიოდადგმები, ადამიანური ყოფიერების ყველაზე ღრმა ადგილებში გვახედებს.. სამწუხაროდ სამყარო სავსეა შავ-თეთრი ფოტოებით და გვინდა თუ არ გვინდა , ჩვენს გონებას დროდადრო წვდება სხვადასხვა უბედური ამბავი... ესაა წიგნი ადამიანურ ქაოსზე და მაინც, წინააღმდეგობათა დაძლევის გზით მიზნისკენ სიარული მისი მთავარი მოწოდებაა. 



No comments:

Post a Comment