Friday, July 5, 2024

ლეო ვარდიაშვილი - "ერთი დიდი ტყის მახლობლად" Leo Vardiashvili - "Hard by a great forest"

 


         ლეო ვარდიაშვილი ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი მწერალია. ლეო 12 წლიდან ლონდონში ცხოვრობს , ეს რომანიც ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. წყალდიდობა , რომლის შედეგადაც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები ქუჩაში დახეტიალობდნენ, იქცა ინსპირაციის წყაროდ მწერლისთვის.  ეს არის ჩამთრევი რომანი ომზე, ოჯახთან განშორებაზე და ორაზროვან სახლში დაბრუნებაზე, მსხვერპლზე, დანაშაულსა და ღალატზე, რომელიც გაჯერებულია ბურუსით მოცული საიდუმლოებებით, რომელშიც ასევე შეხვდებით შესანიშნავ იუმორისტულ დიალოგებსაც. 

         სიუჟეტი კი ასეთია :  ათასობით ქართველის მსგავსად , მთავარი გმირი საბა ოჯახთან ერთად , სამოქალაქო ომის დროს ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა. ომს კი მოჰვა საბჭოთა კავშირის დაშლა და გამყინავი ზამთარი, რომელმაც თბილისი დატოვა გაცამტვერებული, უწყლოდ და საკვების გარეშე.  საბას მამა ირაკლი, ომით განადგურებული სამშობლოდან ორი ვაჟით გაიქცა, ოცი წელი არ უნახავს შვილების დედა, რომელიც სამშობლოში დარჩა, რათა მათ გაქცევა შესძლებოდათ. როგორც იქნა , ირაკლი თბილისმა თავისთან მიიტყუა, მაგრამ , როდესაც მისი სატელეფონო ზარები წყდება , სწორედ მაშინ ჩნდება ბურუსით მოცული საიდუმლოებები. 


       საბა ბრუნდება თბილისში, სადაც სამშობლოში დაბრუნებული მამა, შემდეგ კი მამას გამოყოლილი ძმა სანდროც უჩინარდება. აეროპორტში გაცნობილი ტაქსისტი ნოდარი, რომანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ის საბას დაუმეგობრდება  და ბოლომდე ეცდება რთულ და იდუმალებით მოცულ გზაზე მარტო არ დატოვოს. პირველ რიგში ვიტყვი , რომ ძალიან მომეწონა თარგმანი, თითქოს ავტორმა მართლაც ქართულად დაწერა და არა ინგლისურად.  სამშობლოს მონატრებულ ემიგრანტებს განსაკუთრებით ვურჩევდი  წაკითხვას , იმდენად კარგად არის აღწერილი თბილისური ამბები, რომელიც არა მარტო ემიგრანტებს, ჩვეულებრივ 90 იანი წლების გამოვლილ მოქალაქეებსაც ბევრ მოგონებებს გაუღვიძებს.  


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ომს ყველაფრის გადაფარვა შეუძლია.
  • ზოგჯერ დაცინვით უნდა გამოაცალო ძალა გაჭირვებას.
  • სულ არაფერს ისევ წარმოსახვითი ჯობია.
  • სიღარიბეს ყველგან ერთი მექანიზმი აქვს - მის ნიშნებს მყისიერად ცნობ.
  • უცნაური რამეა მოგონება - მოულოდნელად რომ გაძგერებს ზურგში დანას.
  • მწარე სიმართლის დამალვა ქართველების ეროვნული სპორტია.
  • მიზეზების ძიება ფუჭი საქმეა. მიზეზი ფუჭი სიტყვებისგან შედგება, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
  • უცნაურია: თურმე, ადგილი , რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, შეიძლება იქცეს ადგილად, რომლისაც ყველაზე მეტად გეშინია.
  • კაცი ისტორიის გარეშე უფესვო ხესავითაა.
  • ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში. არ ღირს მუდამ მკვდრების დატირება. ცოცხლები ამას არ იმსახურებენ.
  • აცალე ცხოვრებას მოგატეხოს შენი რომელიმე ნაწილი. ნუ გეშინია, მოტეხილი მალე გამთელდება. მაგრამ , თუ არ გამთელდა და მაინც ფეხზე დარჩი, ესეიგი ეს ნაწილი არც ყოფილა შენთვის აუცილებელი. თამამად გაუსწორე თვალი ცხოვრების მახინჯ სახეს და განაგრძე წინსვლა. მაგრამ რაც უნდა მოხდეს, არ მისცე საშუალება, რომ ხერხემალში გადაგამტვრიოს.
  • შეიძლება იღბალი მაშინ მოდის, როცა ყველა იმედს კარგავ.
  • ღმერთი მხოლოდ იმდენ ტვირთს გვკიდებს , რამდენის ზიდვაც შეგვიძლია.
  • არანაირი ოქროს ძაფი არ არსებობს. აზრი და მიზეზი სხვადასხვა რამაა: ზოგ რამეში აზრის ძებნა სისულელეა. მიზეზი კი ყოველთვის ჭრის.

No comments:

Post a Comment