ფიოდორ დოსტოევსკის "თეთრი ღამეები" საკმაოდ სევდიანი ნაწარმოებია ადამიანის სულიერი მარტოობისა და დაუკმაყოფილებელი სიყვარულის შესახებ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი - უსახელო მთხრობელი, ახალგაზრდა კაცია, რომელიც ცხოვრობს ილუზიებში და თავს არიდებს რეალურ ცხოვრებას. ის განიცდის უკიდეგანო მარტოობას და ცხოვრების აზრს მხოლოდ ფანტაზიებში პოულობს.
სიუჟეტი ვითარდება პეტერბურგში, თეთრი ღამეების პერიოდში , რაც ქმნის განსაკუთრებულად ლირიკულ ატმოსფეროს კითხვის დროს. ერთ ღამეს, ქუჩაში სეირნობისას, მთავარი გმირი ხვდება ახალგაზრდა ქალს - ნასტიას. ისინი მალევე უახლოვდებიან ერთმანეთს . ნასტია უყვება საკუთარი სიყვარულის ისტორიას - თუ როგორ გამოეთხოვა საყვარელ ადამიანს და როგორ ელოდება მის დაბრუნებას. მთავარი გმირს ნელ-ნელა უყვარდება ნასტია, თუმცა მისი სიყვარული უპასუხოდ რჩება, რადგან ნასტია კვლავ იმ კაცს ირჩევს, რომელსაც მთელი ეს დრო ელოდა...
მწერალი გვიჩვენებს, თუ როგორ არიან ადამიანები სევდიანად მიჯაჭვულნი წარსულს, ოცნებებს და მოლოდინს... მთავარი გმირის სიყვარული უანგაროა, მაგრამ სევდიანი. მას ღრმად სწამს , რომ სჯობს თუნდაც წამიერი ბედნიერება, ვიდრე გრძნობების და ემოციების გარეშე ყოფნა. წიგნის დასასრულს მთავარი გმირი არ იბრძვის ნასტიასთვის, არამედ მშვიდად ანებებს თავს და დიდი ტკივილის მიუხედავად, მადლობას უხდის ბედს იმ რამდენიმე ღამისთვის , როცა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდა.
დოსტოევსკი , პირადად ჩემთვის , ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული მწერალია. ეს წიგნი კი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სინაზით გაჯერებულია. აქ არ არის დიდი დრამა ან ტრაგედია. თუმცა , სევდა და ადამიანური მარტოობა იმდენად მძაფრად არის გამოხატული, რომ ის სამუდამოდ რჩება მკითხველის გონებაში და გულში.



No comments:
Post a Comment