Tuesday, August 12, 2025

დაგლას სტიუარტი - "შაგი ბეინი" Douglas Stuart - "Shuggie Bain"

 


      დაგლას სტიუარტის "შაგი ბეინი" სოციო-პოლიტიკური და პიროვნული ტრაგედიების ერთიან ტილოზე ხატავს პატარა ბიჭის, შაგის მძიმე ბავშვობას. ეს არის ნაწარმოები ოჯახზე, სიყვარულზე, დამოკიდებულებაზე და ინდივიდუალურ ბრძოლაზე , სიღარიბის, მიუსაფრობის და სოციუმისგან გარიყულობის ფონზე. 

       რომანის ეპიცენტრშია შაგი ბეინი  - მგრძნობიარე, კეთილი და ცოტა უცნაური ბიჭი, რომელიც ცდილობს გადარჩეს სამყაროში,სადაც დედა ალკოჰოლიზმით არის შეპყრობილი, სამყაროში, რომელშიც მამამ მიატოვა და საზოგადოებაც არ წყალობს. შაგის დედა - აგნესი , ერთდროულად ძლიერი და სუსტი ქალია - მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს ღირსება და დარჩეს ისეთ გარემოში, სადაც პატივს არავინ არ სცემს...

      მწერალი საოცარი სიზუსტით და ემოციით გვიხატავს სოციალური დაღმასვლის, უფსკრულის პირას მყოფი ადამიანების ყოფას. ნაწარმოებში კარგად ჩანს , როგორ მოქმედებს სიღარიბე და დამოკიდებულება ოჯახის სტრუქტურასა და ურთიერთობებზე.


      შაგი არამხოლოდ საკუთარ გარემოცვასთან ბრძოლაშია, არამედ საკუთარ იდენტობასთანაც - განსხვავებულობის განცდა მას კიდევ უფრო აშორებს თანატოლებისგან. ამის მიუხედავად, მისი სიყვარულით სავსე დამოკიდებულება დედის მიმართ, გვიჩვენებს ჭეშმარიტი , უანგარო სიყვარულის ძალას.

      "შაგი ბეინი" არ არის მხოლოდ ტრაგიკული ამბავი - ეს არის ადამიანურობის, ღირსების და იმედის ძიება.დაგლას სტიუარტმა შეძლო საოცრად გულწრფელი და მტკივნეული ისტორიის გადმოცემა, რომელიც მკითხველს დიდხანს რჩება გონებაში. ეს წიგნი გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერები შეიძლება იყვნენ ადამიანები მაშინაც კი, როცა თითქოს ყველაფერი წაგებული აქვთ.



No comments:

Post a Comment