"მშფოთვარე ადამიანები" არის თბილი, ირონიული და ამავდროულად სევდიანი რომანი ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ წარუმატებლობებთან, შიშებთან და იმედგაცრუებებთან ერთად ცდილობენ თანაარსებობას.
მოქმედება იწყება უცნაური და თითქოს სასაცილო ინციდენტით - ბანკის ძარცვის მცდელობით. პატარა ქალაქის ერთ ბინაში ხვდებიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად "მშფოთვარე" ადამიანები. თავიდან ისინი ერთმანეთის მიმართ უნდობლად არიან განწყობილნი და საკმაოდ დაძაბულები ჩანან, მაგრამ მოვლენების განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იხსნებიან, უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ფარულ ამბებს, მარცხებს, იმედებს...
ბაკმანი განსაკუთრებულად ოსტატურად აერთიანებს იუმორს და დრამას - ერთი შეხედვით კომიკური სიტუაცია სინამდვილეში სავსეა ღრმა ემოციებით და ადამიანური სითბოთი. ავტორი გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ტკივილი, რომელიც სხვებისთვის უხილავია. რომანში წამოწეულია თემები, როგორიცაა თანაგრძნობა, ოჯახური ურთიერთობები, პირადი პასუხისმგებლობა და იმის მნიშვნელობა, რომ ადამიანებზე არ გვქონდეს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა.
რომანის მთავარი აზრი კი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბო : ჩვენ ყველას გვინდა გაგვიგონ, გვაპატიონ და ვუყვარდეთ ისეთები , როგორებიც ვართ - ხარვეზებით და შეცდომებით და ზოგჯერ , ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი შეიძლება შევხვდეთ ადამიანებს , რომლებიც დაგვეხმარებიან ამაში.



No comments:
Post a Comment