Sunday, August 10, 2025

ფიოდორ დოსტოევსკი - "იდიოტი"

 


        ამ გენიალურ წიგნში  ნათლად ჩანს , რამდენად კარგად იცნობდა ავტორი ადამიანის ფსიქოლოგიას. ავტორი უღრმავდება თითოეული პერსონაჟის შინაგან სამყაროს და ცდილობს შექმნას ადამიანების სახეები ისე, რომ მათი ემოციები მკითხველისთვის ნაცნობი გახდეს. ნაწარმოებში მწერალი საკუთარი ცხოვრებიდანაც იყენებს არაერთ დეტალს. მაგალითად, რომანის მთავარი გმირი, ხალხის მიერ იდიოტად შერაცხული თავადი მიშკინი გენერლის მეუღლისა და მისი სამი ქალიშვილის სტუმრობისას სიკვდილით დასჯის შესახებ საუბრობს. იგი ნათლად აღწერს იმ განცდებს, რომლებიც სიკვდილმისჯილ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს. თავად დოსტოევსკისაც მისჯილი ჰქონდა სიკვდილი, რის მიზეზადაც , როგორც ცნობილია, ბელინსკის ნაწარმოებების კითხვა და ასლების ქონა წარმოადგენდა , თუმცა, საბოლოოდ სიკვდილის მოლოდინში მყოფ მწერალს უთხრეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და მისი განაჩენი ციმბირში გადასახლებით ჩაანაცვლეს.

       კრიტიკოსებს შორის არსებობს მოსაზრება , რო ნაწარმოების მთავარი გმირი მიშკინი ქრისტეს სახეა.  არაერთი წყაროს მიხედვით, დოსტოევსკი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, შესაბამისად , შესაძლოა მის ნაწარმოებში დავინახოთ რელიგიური მოტივებიც. თავად მიშკინი გვევლინება როგორც იდეალური ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ყოველ ადამიანშია რაღაც კარგი, ებრალება განურჩევლად ყველა, ასევე უდიდესი მიმტევებლური თვისებებით გამოირჩევა. სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამო საზოგადოებაში ის იდიოტის სახელითაა ცნობილი...


       რომანში თავადი მიშკინის გარდა კიდევ სამი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია. ესენი არიან : აგლაია ეპანჩინა, ანასტასია ფილიპოვნა და პარფენ როგოჟინი. 

       აგლაიასა და ანასტასია ფილიპოვნას შორის თავადის გულის დასაპყრობად ბრძოლა მიმდინარეობს. აგლაია ოცი წლის გოგონაა, რომელიც ორიგინალობისკენ ილტვის.იგი პირველივე ნახვისას იხიბლება თავადი მიშკინით. ანასტასია ფილიპოვნა კი უბედური ქალის სახეა, რომელიც საკუთარი ტანჯვის დასაფარად ბევრ უღირს საქციელს ჩადის. თუმცა , თავადი უმოკლეს დროში ჩასწვდება მის პიროვნებას...

     საბოლოოდ ისე ხდება , რომ კეთილშობილი თავადი , რომელსაც არასდროს უფიქრია, ცუდი რამ ჩაედინა და ვინმეს ცხოვრება დაენგრია, მის ირგვლივ ყველას აუბედურებს.  ავტორს სურდა ამით ეჩვენებინა მკითხველისთვის თუ როგორ იცვალეს ადამიანებმა სახე მაშინდელ სამყაროში, როგორ დასცილდნენ თავიანთ პირვანდელ, უცოდველ სახეს ...


  სამახსოვრო ფრაზები : 

  • თქვენ რა იცით, რას არ ჩაადენინებს კაცს თავმოყვარეობა.
  • კაცი გამოსცადე და მერე შეაფასე
  • სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და ერთადერთ კანონს.
  • სილამაზე იხსნის ქვეყანას.
  • ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა თავისი გარდაუვალი კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია, ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც.

No comments:

Post a Comment