Sunday, April 5, 2026

დინო ბუცატი - "თათრების უდაბნო"

 


        რომანი "თათრების უდაბნო" წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ალეგორიულ სურათს, სადაც მთავარი გმირი  - ჯოვანი დროგო, თითქოს მთელი კაცობრიობის სიმბოლოდ იქცევა. ახალგაზრდა ოფიცერი , რომელიც დიდი იმედებით იწყებს კარიერას, აღმოჩნდება ბასტიანის ციხესიმაგრეში - იზოლირებულ , თითქმის დავიწყებულ ადგილას, სადაც არაფერი ხდება. სწორედ ამ "არაფერში" იკარგება მთელი მისი ცხოვრება.

       რომანის მთავარი თემა არის - ლოდინი იმ მოვლენის, რომელიც შეიძლება არასოდეს დადგეს.  დროგო და სხვა სამხედროები მუდმივად ელიან მტრის გამოჩენას, რომელიც მათ დიდებასა და მნიშვნელობას მოუტანს.  მაგრამ ეს მოლოდინი ნელ-ნელა იქცევა მახედ : გმირი კარგავს დროს, ახალგაზრდობას და შესაძლებლობებს, რადგან მუდმივად იმედოვნებს მომავალს, რომელიც არ მოდის.

       მწერალი განსაკუთრებული ოსტატობით გვაჩვენებს დროის დაუნდობელ სვლას. წლები შეუმჩნევლად გადის, ხოლო დროგო ვერ ამჩნევს, როგორ კარგავს ცხოვრებას. ის არ ტოვებს ციხეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი არაერთხელ აქვს.  საბოლოოდ, როცა ნანატრი ბრძოლა მართლაც ახლოვდება, იგი უკვე ძალიან გვიან არის,  რადგან დროგო ავად ხდება და სცილდება იმ მომენტს, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.


       რომანი ასევე ეხება არსებობის უსაზღვრო სევდას და უაზრობის განცდას. ბასტიანის ციხესიმაგრე შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის ცხოვრება - ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ველოდებით "მნიშვნელოვან მომენტს" , მაგრამ ხშირად  ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს მომენტი შეიძლება  საერთოდ არ დადგეს. ამით მწერალი გვეუბნება, რომ ხშირად ადამიანი თავად ანგრევს საკუთარ ცხოვრებას ყოყმანით და ილუზიებით.

      ჩემი აზრით, ეს წიგნი გვასწავლის , რომ ცხოვრება არ უნდა გადავდოთ "მომავლისთვის". დროგოს ტრაგედია სწორედ ისაა, რომ იგი მუდმივად ელოდა დიდ მოვლენას და ვერ შეამჩნია, რომ მისი ცხოვრება უკვე იკარგებოდა. დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია და თუ მას არ გამოვიყენებთ , ის უბრალოდ გაქრება.



No comments:

Post a Comment