წიგნში ასახულია სიყვარულის,ისტორიის და ადამიანის არჩევანის მნიშვნელობა. მოქმედება ვითარდება ირანში, განსაკუთრებით კი 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე, რაც პერსონაჟების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.
რომანის მთავარი გმირი - როია, მეოცნებე და იდეალისტი გოგონაა, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებს სამყაროში. მისი ცხოვრება იცვლება მაშინ, როდესაც იგი ბატონი ფახრის საკანცელარიო მაღაზიაში აღმოჩნდება - ადგილი, რომელიც არა მხოლოდ წიგნებით, არამედ იდეებითა და თავისუფალი აზროვნებითაა სავსე. სწორედ აქ ხვდება როია ბაჰმანს - მის პირველ და დიდ სიყვარულს. ეს სიყვარული თითქოს იდეალურია, თუმცა ავტორი გვიჩვენებს, რომ გრძნობები ყოველთვის საკმარისი არ არის ბედნიერებისთვის. ისტორიული მოვლენები, ოჯახის ზეწოლა და სოციალური გარემო გმირების გზას ცვლის. 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ირანისთვის, წიგნში არა მხოლოდ ისტორიულ ფონად , არამედ პერსონაჟების ბედის განმსაზღვრელ ძალად გვევლინება.
რომანის ერთ -ერთი მთავარი თემა არის ბედისწერა და არჩევანი. როიასა და ბაჰმანის ურთიერთობა გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთმა გადაწყვეტილებამ მთელი ცხოვრება შეცვალოს. ასევე , ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ხშირად ადამიანები ვერ მართავენ საკუთარ ბედს - მასზე გავლენას ახდენს საზოგადოება, პოლიტიკა და სხვა ადამიანები.
განსაკუთრებით საინტერესოა საკანცელარიო მაღაზიის სიმბოლური მნიშვნელობა. ეს ადგილი ცოდნის, თავისუფლებისა და სიყვარულის სივრცეა - თითქოს პატარა თავშესაფარია ქაოსურ სამყაროში. სწორედ აქ იწყება მთავარი გმირების ისტორია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს , რომ წიგნები და განათლება ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს.
საბოლოოდ , წიგნი საკმაოდ სევდიანია, მაგრამ ამავე დროს იმედიანი ... ის გვახსენებს, რომ სიყვარული შეიძლება ვერ დასრულდეს ისე , როგორც გვინდა, თუმცა მისი კვალი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის რჩება.



No comments:
Post a Comment