Tuesday, July 30, 2019

ემილი ბრონტე - "ქარიშხლიანი უღელტეხილი" Emily Bronte - "Wuthering Heights"

     
        "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. წიგნის კითხვისას თავს მართლაც დაგატყდებათ ემოციების ნაკადი .წიგნში ყველა გრძნობა ერთადაა თავმოყრილი : სიყვარული, შიში, სიძულვილი, ერთგულება, ღალატი, სისასტიკე...დღესდღეობით, ეს  წიგნი ინგლისური ლიტერატურის კლასიკად არის ქცეული. კრიტიკოსებისთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა თუ როგორ შეძლო და აღწერა ემილი ბრონტემ ადამიანური ვნებები, როდესაც თავად არასდროს ყოფილა შეყვარებული. როგორც ცნობილია ,მისი დის, შარლოტასგან განსხვავებით ემილი ჩაკეტილი პიროვნება იყო , არ ჰყავდა მეგობრები და ზოგადად უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა.


      მთელი წიგნი აგებულია სიყვარულის და სიძულვილის ჭიდილში. მათ შორის თანაბარი ბრძოლა  -  ფავორიტი არ არსებობს. კითხვისას ვერ გადაგიწყვეტია ვის მიენდო და დაუჯერო...
      წიგნი მოგვითხრობს ოჯახის ისტორიაზე.მთავარი პერსონაჟის წარმომავლობა იდუმალებითაა მოცული, რაც მკითხველს უფრო ძაბავს და ასმაგ ინტერესს უჩენს. ეს ერთი დიდი სიძულვილის ისტორიაა, თუ როგორ უნგრევს გაბოროტებული ადამიანი ყველას ცხოვრებას. ერთი შეხედვით კი , ყველაფერს სიყვარულისთვის აკეთებს. მთავარი პერსონაჟი - ჰიტკლიფი , უპატრონოდ მიგდებული ერნშოუმ თავის სახლში წამოიყვანა  და ამ ერთი შეხედვით კეთილშობილურმა საქციელმა , მთლიანად განსაზღვრა ამ ორი ოჯახის ისტორია.

      როდესაც უარყოფითი ემოციები გროვდება და შურისძიება თვითმიზანი ხდება,  სიყვარულიც ისეთივე  ბოროტული ხდება. და ისიც საკითხავია ეს მართლა სიყვარულია თუ არა... ვინ რას და რა მოტივით აკეთებს გაურკვეველია. როგორც ამბობენ , ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს... მოკლედ , ერთ - ერთი საინტერესო , თუმცა მძიმე წასაკითხი წიგნია .

   სამახსოვრო ფრაზები :
  • ამაყი ხალხი  თავის ვარამს თვითონვე კვებავს.
  • ავკაცების დასჯა უფლის ნებაა, ჩვენ კი მიტევება უნდა შეგვეძლოს.
  • პატიოსანი ხალხი წარსულს არ მალავს.
  • ზოგჯერ ისეთი ადამიანი შეგებრალება, რომელიც არც სხვას იბრალებს და არც საკუთარ თავს.
  • ავის მოლოდინით ცხოვრება ცოდვის ტოლფასია.
  • ყველა ცოდვილი უბედურად იგრძნობდა თავს სამოთხეში.

Sunday, July 28, 2019

ჯეინ ოსტინი - "ემა" Jane Austen - "Emma"


       ჯეინ ოსტინის ეს წიგნი ახლახანს წავიკითხე. ისე მოხდა, რომ მისი რომანების ეკრანიზაცია წაკითხვამდე მქონდა ნანახი. თან ისეთ ასაკში , როდესაც ცდილობ გაარკვიო : უყვარხარ თუ არა :) ...
      ემა ვუდჰაუზი , ინგლისის ერთ-ერთი სოფლის გამორჩეული ოჯახის შვილია.კეთილშობილური წარმომავლობის, ლამაზი  და სამაგალითო , 21 წლის გოგონაა.იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობს ემა, საკმაოდ შეზღუდული მსოფლმხედველობით გამოირჩევა. ეს არის  მე-19 საუკუნის პროვინციული ინგლისი - ჯეინ ოსტინის რომანების მთავარი ლოკაცია. ხალხი საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან და ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ.აქ  დრო საკმაოდ ნელა გადის და როდესაც კითხულობ წიგნს, პარალელურად ბრუნდები უზრუნველ დროში - ბავშვობაში. ემა მამასთან ერთად ცხოვრობს ჰარტფილდში.იგი ძალიან მზრუნველია მამის და მისი ოჯახის მიმართ. მის ოჯახს მყარი სოციალური სტატუსი აქვს ქალაქში და მათი სახლიც საკმაოდ მდიდრულია. ქორწინება ამ დროში სიყვარულის ნაცვლად სოციალურ სტანდარტებს ემყარება. ამ პერიოდში ქალებს არ ჰქონდათ საკმარისი განათლება. ოჯახი მხოლოდ იმას ასწავლიდა თუ როგორი კარგი ცოლები უნდა ყოფილიყვნენ.
  

       ვერ ვიტყვი ზუსტად როდისაა საჭირო ჯეინ ოსტინის რომანების კითხვა. მოზარდებმა შესაძლოა  იმდენად სერიოზულად მიიღონ მათში აღწერილი ამბები , რომ განსჯას ვერ აცდნენ, შესაძლოა მათ ზედმეთად მკაცრი განაჩენი გამოუტანონ მაშინდელ  ადამიანთა მარტივ ცხოვრებას. პირადად ჩემთვის კი ემა არაფერთან არ ასოცირდება , უბრალოების , მეგობრობის და ყავის სურნელის გარდა :)


Friday, July 26, 2019

ჯეინ ოსტინი - "სიამაყე და ცრურწმენა" Jane Austen - "Pride and Prejudice"


         პირველ რიგში , აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნადაა აღიარებული. ზოგადად ასეთი თემატიკის წიგნები არასდროს მიტაცებდა და ცოტა ირონიული დამოკიდებულება მქონდა , როდესაც გადავწყვიტე წამეკითხა. თუმცა,  ჩემი წინასწარი განწყობა პირველი ფურცლებიდანვე გაქრა... წიგნის მოქმედება 19 საუკინის დასაწყისში მიმდინარეობს.  ყველა ეპიზოდი და პერსონაჟი საკმაოდ ბუნებრივია და წიგნს ერთი ამოსუნთქვით წაგაკითხებთ.
         წიგნი იწყება მისის ბენეტის სიხარულით, როდესაც იგებს რომ მათ მეზობლად ერთი მდიდარი , ახალგაზრდა და დასაოჯახებელი კაცი გადმოდის. ის მიზნად ისახავს თავისი 5 ქალიშვილიდან ,რომელიმე მაინც გაათხოვოს მასზე.  ვაღიარებ , მისის ბენეტი ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა კითხვისას ჩემს სიმპატიებს...მისტერ ბინგლი  დასთან და მეგობართან , მისტერ დარსისთან ერთად ჩამოდის.  
    
       წიგნის სიუჟეტი ძირითადად დარსისა და მისის ბენეტის ერთ-ერთი ქალიშვილის - ელიზაბეტის მიხედვითაა აგებული. დარსი - ცოტა უჟმური , მკაცრი ხასიათისაა, უჭირს ემოციების გამოხატვა. პირადად ჩემთვის თავიდანვე იდუმალი იყო , მაგრამ ამასთან ერთად სანდო. ელიზაბეტი - ძალიან პრინციპული, დამოუკიდებელი , ძლიერი ხასიათის გოგოა. საკმაოდ საინტერესოა ასეთი განსხვავებული ორი ადამიანის ურთიერთობა.  ავტორი იმდენად კარგად გადმოსცემს ყველა მომენტს და ისტორიას, რომ გგონია შენც იქ ხარ, იცნობ ყველა პერსონაჟს და მათსავით განიცდი და გიხარია. ამ რომანში არაფერი და არავინ არ არის ყალბი. 
      ბევრი რომ არ გავაგრძელო, აუცილებლად წასაკითხი წიგნი , ერთის მხრივ , იმიტომ რომ კლასიკაა და მეორეს მხრივ - ნამდვილად ისიამოვნებთ .


Thursday, July 25, 2019

დენიელ კიზი - "ყვავილები ელჯერნონისთვის" Daniel Keyes - "Flowers For Algernon"

  
       "ყვავილები ელჯერნონისთვის"  არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები. რომანი დაწერილია დღიურის სახით და მოიცავს 32 წლის ჩარლი გორდონის ცხოვრების პერიოდს 3 მარტიდან 21 ნოემბრამდე. წიგნის კითხვის დაწყებისას , ვიფიქრე , რომ კორექტურის პრობლემა იყო, ვინაიდან სიტყვები საკმაოდ არეული იყო,თუმცა რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ აზრის გადმოცემის ხერხი იყო ასეთი.  ჩარლი გორდონი გონებასუსტია...ექიმები მასზე ისეთივე ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტენ , რაც თაგვ ელჯერნონზე ჩაატარეს. ექიმები აპირებენ ხელოვნური გზით ჩარლის ინტელექტი გაუზარდონ. მაგრამ აქ დგება სრული უტოპია: შედეგი მხოლოდ გარკვეული პერიოდი გრძელდება. შემდეგ ყველაფერი უკან მიდის და დგება სიკვდილი. თაგვი ელჯერნონი სწორედ მაშინ კვდება , როდესაც ჩარლი ინტელექტის პიკზეა და სამეცნიერო კვლევებს იწყებს.

       როდესაც ჩარლის ინტელექტი გაიზარდა და აზროვნება სხვანაირად დაიწყო , მიხვდა რომ ის რასაც მეგობრობას ეძახდა - დაცინვა იყო და იმას , რომ ექიმები სულაც არ იყვნენ გენიოსები... ჩარლი დღიურშიც წერს პარალელურად, რომ მან იცოდა რომ განსხვავებული იყო სხვებისგან...


      რამდენადაც დაბალია ჩარლის ინტელექტუალური შესაძლებლობები, იმდენად მაღალია ამ ალალი და გულუბრყვილო ადამიანის სურვილი და მონდომება ცოდნის შესაძენად, რადგან ჩარლი თვლის , რომ ჭკვიანი უფრო მეტ ადამიანს ეყვარება. სწორედ ამიტომ გამოარჩიეს ის ექსპერიმენტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის მომავალი შეცვალოს. წიგნის დასასრულს კი მხოლოდ ერთი კითხვა რჩება : დასაშვებია თუ არა ხელოვნური ჩარევის გზით  ადამიანის შეცვლა ?!...



Sunday, July 21, 2019

"ანა ფრანკის დღიური" "The diary of Anne Frank"

    
        ანა ფრანკი იყო ებრაელი გოგონა, ფაშიზმის 15 წლის მსხვერპლი, რომელიც 2 წლის მანძილზე , ოჯახთან ერთად ამსტერდამის ერთ-ერთი შენობის სამალავში ცხოვრობდა.
1942 წლის 14 ივნისს ანა ფრანკი 13 წლის გახდა. დაბადების დღის საჩუქრებს შორის იყო დღიური, რომელიც შემდეგ ანას მთავარი მესაიდუმლე გახდა. ანა მასში წერდა ყველაფერს, რასაც ხედავდა და განიცდიდა. მას ნებისმიერ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდა და უფროსებზე ბევრად რეალურად და სწორედ აფასებდა მოვლენებს. მან აღწერა ის საშინელი პერიოდი , რაც მეორე მსოფლიო ომში ხდებოდა... გადმოსცა ჰიტლერის სისასტიკე ებრაელი ხალხის მიმართ.

      მიუხედავად მისი ასაკისა , ანამ იცოდა  ცხოვრების ორი უკიდურესობა : სიკვდილი  და გამარჯვება. ისიც იცოდა , რომ სიკვდილი ზოგჯერ გამარჯვებას ნიშნავს. დღიურის კითხვის დროს, გაოცებული ვიყავი მისი სიმამაცით და შემართებით. მე ვფიქრობ რომ ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ ადამიანებმა , რომ გაიაზრონ რა ცუდია ომი , დაპირისპირება, ადამიანთა დამცირება და დევნა. ანა ფრანკი გვეუბნება რომ არ შეიძლება ადამიანი შეიძულო მხოლოდ იმის გამო , რომ ის ებრაელია. არ შეიძლება ადამიანის დევნა მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა. საკმარისი არ არის მხოლოდ იარსებო, მთავარია - იცხოვრო...


   სამახსოვრო ფრაზები:
  • არასდროს არ იცი , ვის რაში გამოადგები.
  • უწესო ადამიანებს უნდა გადაუხადო იგივე მონეტით.
  • როცა მოთმინებიდან გამოდიხარ, ადვილად მარცხდები.
  • თუ გინდა ადამიანი გაიცნო, ერთხელ მაინც უნდა წაეჩხუბო, მხოლოდ მაშინ შეძლებ მის შეფასებას.
  • სევდა ყოველთვის ტოვებს ადამიანში რაღაცა ლამაზს.
  • დაუსრულებლად ლოდინს ყველაზე საშინელი  დასასრული სჯობს.
  • მე მაინც მწამს რომ ყველა ადამიანი გულის სიღრმეში კეთილია.
ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და არ ვიცით რისთვის, ვცხოვრობთ იმ მიზნით რომ ბედნიერი ვიყოთ, ვცხოვრობთ სხვადასხვანაირად , მაგრამ მაინც ერთნაირად.



Saturday, July 20, 2019

ჯორჯ ორუელი - "1984" George Orwell - "1984"


         ჯორჯ ორუელის "1984" არის ის, რასაც "საკულტო რომანს" უწოდებენ. ეს წიგნი , ალბათ მისი დაწერის დღიდან არ კარგავს აქტუალურობას და პოპულარობას. ორუელმა არ დაწერა უბრალოდ მხატვრული ნაწარმოები. მან შექმნა სამაგიდო წიგნი, რომელიც ზოგიერთ სასწავლებელში სახელმძღვანელოდაც კი გამოიყენება.მან წიგნი სტალინური საბჭოთა კავშირის კრიტიკას მიუძღვნა და მკითხველი დააფიქრა იმაზე, თუ რას მივიღებდით , ტოტალიტარული რეჟიმი კიდევ უფრო რომ განვითარებულიყო. წიგნში ერთი შეხედვით, არარეალური და ფანტასტიკური სამყაროა აღწერილი, მაგრამ თუ კითხვისას პარალელებს გავავლებთ, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ დღევანდელ რეალობასთან.


        რომანის მთავარი გმირი უინსტონ სმიტია, რომლის მთავარი დანაშაულიც - "აზრის დანაშაულია", მთავარი დამსჯელი ორგანო კი - "აზრის პოლიცია". მოქმედება ლონდონში - ოკეანიის ერთ-ერთ ქალაქში ხდება, რომლის მაცხოვრებლები გამუდმებული  დაძაბულობის , შიშის და ტკივილის ქვეშ იმყოფებიან.  ეს საშინელი დაძაბულობა ანადგურებს ადამიანს, მის პიროვნებას და სულს... უინსტონი ხვდება რომ ის არის ტირანიის მსხვერპლი.მასში იღვიძებს გრძნობები, როგორიცაა თავისუფლება და სიყვარული. ეს ის გრძნობებია , რომლებიც მმართველმა პარტიამ საზოგადოებაში გააქრო. მასში პროტესტის გრძნობაც ჩნდება , რომელიც იცის რომ დაღუპავს...

     "1984" აუცილებლად წასაკითხი წიგნია .ჩემი აზრით , წიგნში აღწერილი ტოტალიტარული რეჟიმის ნაწილი, სამწუხაროდ, დღემდე ცოცხლობს სამყაროში.


     სამახსოვრო ფრაზები:

  • მე მესმის - როგორ , არ მესმის - რატომ.
  • ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება - ძალაა.
  • მშვიდობის სამინისტრო - ომის საკითხებს განიხილავს, ჭეშმარიტების სამინისტრო - სიცრუის, სიყვარულის სამინისტრო - წამების , დოვლათის სამინისტრო - შიმშილის.
  • ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალსაც.
  • ადამიანის  უპირველესი მტერი საკუთარი ნერვული სისტემაა.
  • თუ მომავლის წარმოდგენა გსურთ , წამოიდგინეთ ჩექმა , რომელიც ურტყამს ადამიანის სახეს.

Sunday, July 14, 2019

ჯერომ სელინჯერი - "თამაში ჭვავის ყანაში" J.D. Salinger - "The catcher in the rye"


        მაშ ასე, წარმოგიდგენთ მის უდიდებულესობა ჯერომ სელინჯერს! სელინჯერი რომ კლასიკაა ,ორი აზრი არ არსებობს. ამჟამად მის ყველაზე ცნობილ, კლასიკად ქცეულ ნაწარმოებზე შევჩერდები – ,,თამაში ჭვავის ყანაში“.
        მთავარი გმირი 17 წლის ჰოლდენ კოლფილდია, რომელიც სამყაროს განსხვავებული თვალით უყურებს. მასში ზიზღს იწვევს “სიყალბე”. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გამუდმებით იტყუება, მისი ტყუილები არავის აზარალებს და ის არასდროს არ არის ყალბი. ერთი შეხედვით ჰოლდენი უმიზნო, საკუთარ თავში გაურკვეველი ადამიანია. მისთვის არ არსებობს წესები, ამჟღავნებს ყველაფრის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას და მისთვის ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა.უბრალოდ,ჰოლდენისთვის აუტანელია გაქნილობა, ფარსი, სიბინძურე, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის სწრაფვა, მოკლედ რომ ვთქვათ, ის რაც ყველგანაა, ყოველ ნაბიჯზე. “განათლებული” ადამიანების ქცევა და ცხოვრება მისთვის არასახარბიელოა. თუნდაც, სკოლაში შექმნილი სიტუაცია უკარგავს მას სწავლის სურვილს. ხედავს, რომ ირგვლივ ყველგან, ყველა სფეროში განსაკუთრებით კი წარმატების მიღწევის გზაზე მლიქვნელობაა...  სწორედ ამიტომ ვარდება გაურკვევლობაში და ერთადერთ გამოსავლად სხვებისგან შორს, ერთ პატარა ქოხში, ყრუ-მუნჯივით ცხოვრება წარმოუდგება. ვერავისთან საუბრობს გულწრფელად, ადამიანური ადამიანები თითქოს აღარ ან არ არსებობენ...


       ცხოვრების სტიმულს მისთვის პატარა და, ფიბი, წარმოადგენს. ფიბი კეთილი, უმანკო, სათუთი ბავშვია, რომელიც ცხოვრებას ჯერ ვერ დაუსვრია...მისი სიყვარული აძლევს ბიძგს ჰოლდენს იცხოვროს და ეცადოს გამოსავალი ადამიანებისგან გაქცევაში არ ეძებოს, ეცადოს რაღაც უკეთესობისკენ შემოატრიალოს. ჰოლდენისთვის იდეალი გარდაცვლილი ძმა ელია, ისიც ფიბივით უმანკო და კეთილი. ჰოლდენისთვის ელის მსგავსი ადამიანები აღარ არსებობენ...

       ძალიან ხშირად ისმის კითხვები თუ რატომ შეიძლება ეს ნაწარმოები ჩაითვალოს კლასიკად და ბევრის მომცემად თუ იგი ლიტერატურული ნორმების სრული დარღვევითაა დაწერილი. მაგრამ პასუხი მარტივია : ეს არის წიგნი, რომელიც გადმოცემულია 17 წლის თინეიჯერის ენით, რათა მისი განცდები და ემოციები მკითხველმა უფრო კარგად განიცადოს და ამით ამ ნაწარმოებმაც ერთ - ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა მსოფლიო დონის ლიტერატურაში.



      სამახსოვრო ფრაზები : 
  •  ხალხს ჰგონია, რასაც იტყვის, ყველაფერი მართალია. მეც რა მენაღვლება, ეგონოთ... საერთოდ, ვერაფერსაც ვერ ხედავს ხალხი. (ჰოლდენი) 
  •  შტერს რომ გადაეყრები, შენც შტერულად უნდა ილაპარაკო. (ჰოლდენი)  
  •  ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა  – "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო. (ჰოლდენი) 
  •  ყველანი პირუტყვები ვართ, კარგად თუ განსჯი, ყველანი პირუტყვები ვართ. 
  •  ადამიანი სიტყვით ახერხებს იმას, რომ ქვეყნად ყველაფერი გააფუჭოს და გაათახსიროს.
  •  ბედნიერ ადამიანს ვინმე უნდა ჰყავდეს გვერდით, გამომლაპარაკებელი.
 
 
     

Saturday, July 13, 2019

შარლოტა ბრონტე - "ჯეინ ეარი" Carlotte Bronte - "Jane Eyre"


      "ჯეინ ეარი" პირველად  1847 წელს, ლონდონში გამოქვეყნდა. დღეს დღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, როგორც მას ერთმა კრიტიკოსმა უწოდა "ყველაზე რომანული რომანი". ვისაც არ გაქვთ წაკითხული , დამიჯერეთ - თქვენ არ იცით , რამხელა სიამოვნებაა, როდესაც ბავშვობაში წაკითხულ ამ პატარა, ობოლი გოგონას ისტორიას ხელახლა გადაიკითხავ და უკვე ზრდასრული ადამიანის თვალით შეხედავ...


        ესაა ამბავი ობოლ გოგონაზე ჯეინზე, რომელსაც ბიძის ოჯახი ზრდის და საბოლოოდ ღარიბთა სასწავლო პანსიონატში აგზავნის. პანსიონატში გატარებული 8 წლის შემდეგ, 19 წლის ჯეინი უკვე დამოუკიდებელი ადამიანია და პროფესიად აღმზრდელობას ირჩევს. ასე აღმოჩნდება ის მისტერ როჩესტერის მამულში და იწყება მთავარი – ერთი ლამაზი და თავაგადასავლებით სავსე სიყვარულის ისტორია…


      ასევე უნდა აღინიშნოს შარლოტა ბრონტეს, მე–19 საუკუნეში მოღვაწე ქალის, პროგრესული აზროვნება და მკითხველისათვის სასიამოვნოდ ჩამთრევი თხრობის სტილი. ბრონტეს ბევრი მიიჩნევს  ერთ – ერთ პირველ ფემინისტად და ამის დასადასტურებლად “ჯეინ ეარი”– დან მოვიყვან ნაწყვეტს :
ამბობენ, რომ ქალები საერთოდ მეტად მშვიდად უნდა ატარებდნენ ცხოვრებას, მაგრამ ისინი ხომ მუდამ იმავეს გრძნობენ და განიცდიან, რასაც მამაკაცები. მათაც ხომ სწორედ ისევე სჭირდებათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, უნარი და შექმნან სამოღვაწეო ასპარეზი, როგორც მათ ძმებს. ისინიც ხომ სწორედ ისევე იტანჯებიან სასტიკი თავდაჭერილობითა და ცხოვრების შეზღუდული პირობებით, როგორც მათ ადგილას დაიტანჯებოდნენ მამაკაცები.
      ასე დავასრულებ ამ პოსტს  და მეტს არაფერს გეტყვით, ცნობისმოყვარეობა წიგნის წაკითხვით დაიკმაყოფილეთ და მერწმუნეთ, არ ინანებთ. 


Friday, July 12, 2019

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "დიდი გეტსბი" F.Scott Fitzgerald - "The Great Gatsby"


       “დიდი გეტსბი” ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული რომანია. რომანში მოვლენები ადრეულ მეოცე საუკუნეში, 20–იან წლებში ვითარდება,  ნიუ იორკში. წიგნის მთავარი პერსონაჟი ნიკ კარავეია, რომელიც მის მეგობარზე, ჯეი გეტსბიზე მოგვითხრობს.  ჯეი მილიონერია და საზოგადოებაც, რომლის გარშემოც მოვლენები ვითარდება, “მაღალი ფენის” ნაწილია. “დიდი გეტსბი” სწორედ ამ საზოგადოების და მათი ცხოვრების წესის მშვენიერი ილუსტრაციაა. ამ წიგნის მთავარი ღირებულებაც ეს არის: მისი საშუალებით ძალიან კარგად შეიძლება იმ ბობოქარი 20–იანი წლების სურათის აღდგენა. „ დიდი გეტსბის“ კითხვის დროს, პირველი, რამაც ყურადღება მიიქცია ქალთა თავისუფალი ქცევა იყო. ჯერ კიდევ რამდენიმე  ათეული წლის წინ, ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა დეიზისა და ჯორდანივით ტახტზე თავისუფლად წამოწოლა, უცხო მამაკაცის ოთახში გამოჩენისას სიგარეტის გაბოლება, დაუსრულებლივ წვეულებებზე სიარული. ქალებისთვის ცხოვრება ბევრად უფრო თავისუფალი და შეუზღუდავი გახდა.




        ნაწარმოებში არ არსებობს დადებითი ქალი პერსონაჟი. მთავარი მათგან დეიზია, რომელმაც ჯეისადმი სიყვარული, ტომის ფულში გაცვალა. მას შემდეგ, რაც ტომთან ცხოვრება უფერული გახდა, ხოლოდ გეტსბი „ დიდ“ – ად იქცა, ქალი მზად იყო დაშორებოდა ქმარსა და ჯეის გაჰყოლოდა ცოლად. გამაღიზიანებელია დეიზის ქცევა გეტსბის სახლში – ის აღფრთოვანდა გეტსბის პერანგებით, ოქროს ნივთებით, მისი სახლით –  მატერიალურად ღირებული ნივთებით...
         მეორე წამყვანი ქალი პერსონაჟი ჯორდან ბეიკერია, რომელიც დეიზის ახლო მეგობარი და მასსავით საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელია.თავიდან, თითქოს ჯორდანი იმ ქალთა კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელთაც უარყოფითთან ერთად, დადებითი თვისებებიც აქვთ – მან საქმე დაიჭირა შედარებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთან - ნიკ კარავეისთან. მაგრამ ამ ურთიერთობაში გამოჩნდა ჯორდანის უაზრო სიამაყე, რომელიც სისულელეშიც კი გადასდიოდა. საბოლოოდ კი ის ისევე მოიქცა, როგორც დეიზი...– ნიკს დაშორდა და ტელეფონით შეატყობინა, რომ სხვას მიჰყვებოდა ცოლად. ამით ავტორმა გვითხრა, რომ ანგარებიანი ქალი, რომელიც სიყვარულსა და გრძნობას ფულსა და სტატუსზე ცვლიდა მხოლოდ დეიზი არ ყოფილა, ეს არ იყო ერთჯერადი მოვლენა – ჯორდანიც ანგარებით თხოვდება. ზნედაცემულობა არა რამდენიმე ადამიანს, არამედ მთელ საზოგადოებას მოედო.


     “დიდი გეტსბი” ყველა კატეგორიის მკითხველისათვის საინტერესოა. მას ძალიან კარგი სიუჟეტი აქვს და წიგნის ენაც, ალბათ, არავის არ შეუქმნის სირთულეს.


Thursday, July 11, 2019

სტივენ ჩბოსკი - "მარტოსულობის უპირატესობანი" Stephen Chbosky - "The perks of being a wallflower"

      "მარტოსულობის უპირატესობანი" young adult ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია.
არსებობენ ისეთი წიგნები , რომლებსაც ერთხელ წაიკითხავ და მათი მომდევნო ჯერზე წაკითხვა ისეთი საინტერესო აღარაა , რადგან ემოციებს არ ტოვებს...
       წიგნი 15 წლის ჩარლის ემოციებით სავსე ისტორიაა. ის ჩარლის უცნობისადმი ანონიმურად მიწერილი წერილებისგან შედგება. მათ წერას საშუალო სკოლის დაწყების წინა ღამეს იწყებს. ჩარლი სრულიად უცნობ ადამიანს უყვება თავისი ცხოვრების შესახებ: მეგობრებზე, ოჯახზე , თავის ემოციებსა და განცდებზე, პრობლემებსა და მარტოსულობაზე... ის ერთდროულად ბედნიერიცაა და უბედურიც .ყველანაირად ცდილობს რომ ცხოვრებაში ჩართული იყოს , თუმცა არის მასში  ერთი ნაწილი , რომელიც ყველასგან ჩაკეტილია.
     



       ჩარლი სწავლობს , რომ ცხოვრებას გვერდიდან არ უყუროს. მან უნდა იმოქმედოს და გააკეთოს ის რისი გაკეთებაც უნდა და გახდეს ის , ვინც რეალურად არის...ამ წიგნში წამოჭრილია ისეთი პრობლემები, როგორიცაა: სუიციდი, ბულინგი , ძალადობა, სექსუალური შევიწროება , დეპრესია...მასში უამრავ ლამაზ და ცხოვრებისეულ სცენებს შევხვდებით. ვფიქრობ , ეს წიგნი საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.

      

    სამახსოვრო ფრაზები :

  • ჩვენ ისეთ სიყვარულს ვთანხმდებით, როგორსაც გვგონია რომ ვიმსახურებთ.
  •  ყველა ადამიანი თავისებურად გამორჩეულია.
  • არ შეიძლება შენი ცხოვრება სხვებს მსხვერპლად შესწირო და გეგონოს ,რომ ეს სიყვარულია. 
  • ყველა ადამიანმა საკუთარი თავისთვის უნდა იცხოვროს, მერე არჩევანი გააკეთოს და სხვებს გაუზიაროს. 


 

Tuesday, July 9, 2019

რეი ბრედბერი - "ბაბუაწვერას ღვინო" Ray Bradbury - "Dandelion Wine"



       ალბათ,  ყველა მკითხველს სმენია რეი ბრედბერის შესახებ და ასე მგონია, თუ სმენია, წაიკითხავდა კიდეც. ერთი შეხედვით, ეს წიგნი არის ბავშვებზე, მათ თავგადასავლებზე ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრად მეტის დანახვაც შეიძლება…პირადად ჩემთვის, ეს წიგნი ბევრად მეტია - ყველა დეტალი, ყველა წინადადება, ნამდვილი ჯადოსნობაა...
       წიგნის მთავარი გმირი 12 წლის დაგლასია.ერთ დღეს , იგი აღმოაჩენს რომ ცოცხალია… ერთ დღესაც იმას ხვდება, რომ ყველაფერი შეიძლება დაკარგო - ნივთები, მეგობრები, ადამიანები… რომ ყველა ადამაინი მოკვდავია და მათ შორის თავადაც… ამ ყველაფერს იგი 2 წლით უმცროს ძმას, ტომს და თავის ყვითელ ბლოკნოტს უზიარებს…ბაბუაწვერას ყვავილივით ყვითელ ბლოკნოტს… მას ორ ნაწილად ჰყოფს, პირველს “რიტუალები და ცერემონიები” დაარქვა,  ხოლო მეორეს “აღმოჩენები და გამოცხადებები”.  უკვე რიტუალად აქცია ბაბუაწვერას ღვინის დამზადება,  ვერანდაზე საქანელის ჩამოკიდება თუ ახალი სპორტული ფეხსაცმლის შეძენა, აღმოჩენებს კი მიეკუთვნება აზრები სიცოცხლის შესახებ.


        კითხვისას დაგეუფლებთ გრძნობა, რომ თითქოს თქვენი ზაფხულია ბაბუებთან და ბებიებთან,რომ ატარებდით სოფელში.  რეი ბრედბერი  საოცრად რეალისტურად აღწერს ყოველ დღეს, თითქოს დაგლასთან ერთად შენც დაიკარგე ბნელ ხევში, ტომთან ერთად დედა შენც გეძებს, ბაბუა შენთან ერთად წურავს ბაბუაწვერისგან ღვინოს და თითქოს ზაფხულის ბოლოს, 90 ბოთლი, შენი პირადი 90 დღის მოგონებაა, რომელიც ზამთარში ზაფხულს გაგიცოცხლებს...
        დაგლასი თითქოს ჩვეულებრივი ბავშვია, რომელიც იზრდება და სწავლობს სამყაროს, მაგრამ აშკარაა , რომ იგი ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამს.იგი იმდენად განსაკუთრებულია, რომ კითხვისას სულ მეშინოდა არ მომკვდარიყო, ან ფიზიკურად, ან  პიროვნულად… მეშინოდა რაიმეს არ მოეკლა პიროვნება, რომელიც მასში ყალიბდებოდა…



        მაშ ასე, ზაფხულის მოყვარულებო,  ვისაც ბავშვობა გენატრებათ და ის ზაფხულები, რომლებიც დიდ სახლში, სადმე ლამაზ, სიმწვანით სავსე სოფელში და  უამრავი ნათესავის გარემოცვაში გაატარეთ, ბრედბერის ეს მცირე რომანი ცოტა ხნით დროში უკან გამოგზაურებთ.
    ახლანდელ ზაფხულებს ასეთი ხანგრძლივი უდარდელობა აღარ ახლავს თან. თუმცა, ერთი დღეც შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ უზრუნველობის განცდა დაგეუფლოს, გეგონოს, რომ ეს დღე მთელ ცხოვრებას უდრის და ცოტათი უფრო დაუდევარი და თამამი გახდე.მხოლოდ ზაფხულის დღეებში შეიძლება, ჭრიჭინების შორეული ზუზუნი მოისმინო, ენაზე ნაყინის ტკბილი სიგრილე იგრძნო და უცებ მიხვდე, რომ  suddenly everything, absolutely everything, is there...

  








Monday, July 8, 2019

ჯენიფერ ნივენი - "ყველა ნათელი ადგილი" Jennifer Niven - "All the bright places"


        პირველ რიგში , მინდა ავღნიშნო , რომ ყოველთვის დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი ისეთ ავტორებთან , რომლებიც თავიანთ სათქმელს პირდაპირ და გულახდილად გამოხატავენ. ჯენიფერ ნივენის ეს წიგნი კი , ნამდვილად იმსახურებს ჩემს დიდ მოწონებას და სოლიდარობას.
        თვითმკვლელობაზე ძალიან ბევრი წიგნი არსებობს , თუმცა ყველას არ შეუძლია სწორედ დაგვანახოს სიტუაცია. ავტორი წიგნში გვიყვება, რომ არავინ არ არის დამნაშავე , თუ ადამიანმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო , ეს მისი არჩევანია... მან თავად გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა...


         წიგნი მოგვითხრობს ორი თინეიჯერის – თეოდორ ფინჩისა და ვაიოლეტ მარკის უცნაურ ურთიერთობაზე. ფინჩი და მარკი ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან. მომხიბვლელი და სკოლაში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული მოსწავლე, ვაიოლეტ მარკი, დასთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა. ის გადარჩა, მაგრამ მისი უფროსი და ვერა. ვაიოლეტი თავს დამნაშავედ გრძნობს, ავტომობილით იმ გზით წასვლა რომ შესთავაზა უფროს დას. ეს დანაშაულის შეგრძნობა იმდენად მძაფრდება, რომ ერთ დღესაც გოგონა მაღალი შენობის კიდესთან დადგება. ორი განათლებული, თავისუფალი და მოაზროვნე ახალგაზრდა ერთმანეთს თვითმკვლელობის მცდელობის დროს გაიცნობს. თეოდორმა იცის, რომ სიბნელე, რომელიც  მენტალური დაავადების გამო მუდამ თან სდევს, ადრე თუ გვიან მას ჩაყლაპავს, თუმცა ვაიოლეტ მარკის გამოჩენა, ამ სიბნელეს დროებით ფანტავს და ამ დროს ვითარდება ყველაზე საინტერესო სასიყვარულო ისტორია, რომელიც სიბნელის დადგომის შემდეგაც, ძალიან ორიგინალური ხერხებით აგრძელებს არსებობას...



        ჯენიფერ ნივენი ამბობს , რომ უნდოდა ბიჭის თვალთახედვით დაეწერა რომანი. სინამდვილეში კი, ფინჩთან ერთად ავტორის თვალითაც ვხედავთ სამყაროს. 

"An exhilarating and heart-wrenching love story about a girl who learns to live from a boy who intends to die."