Thursday, July 4, 2019

ჯონ გრინი - "ალასკას ძიება" John Green - "Looking for Alaska"


       ამ წიგნში, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, აღწერილია რთული და ღრმა რეალობა, ამ რეალობის ძიება , რთული კითხვები ცხოვრების ფასეულობებზე, სიკვდილის შიში , წარმოუდგენლად მტკივნეული განშორება და მარტოსულობა...
       არასდროს არ მიფიქრია, რომ ამ ჟანრის (young adult) მოყვარული ვიყავი, მაგრამ ამ წიგნმა მთლიანად შემძრა და ჩემს სულიერებას შეეხო. ამ შემთხვევაში , არანაირი მნიშვნელობა არა აქვს წიგნის მთავარ გმირებს, მთავარია, ისინი და თქვენ ერთ ტალღაზე დარჩეთ.



         წიგნის კითხვის დროს , მე გვერდით ვიყავი მთავარ გმირებთან : გასაოცარ ალასკასთან ერთად, სულიერად გატეხილ გოგოსთან, ვიყავი მასზე შეყვარებული ბიჭების გვერდით, მათთან ერთად ვიჯექი სკოლის ეზოში, ვურეკავდი მშობლებს , ვგეგმავდი მომავალს, ვაწყობდი წვეულებებს... და აი, ის მომენტი ... დადგა ის ღამე, რომელმაც ცხოვრება ორ ნაწილად გაყო: "იქამდე" და "იმის შემდეგ" ... უკვე ვეღარაფერს შეცვლი...ვერ გაიგებ სიმართლეს...ვერ დასვამ კითხვას...ვერ დაეხმარები... მხოლოდ პასუხგაუცემელი კითხვები დაფრინავს თავში : როგორ ასე ?! ასე უბრალოდ?! უბრალოდ იყო ადამიანი და ახლა აღარ არის?!




      ძალიან მომეწონა ჯონ გრინის გადმოცემის მანერა, რითაც შენ უყურებ სამყაროს გზაარეული მოზარდის თვალებით... ეს ის წიგნია, რომელიც ბევრ ადამიანს  დაეხმარება  იმ მარტივი ჭეშმარიტების გააზრებაში , რომ ცხოვრება , როგორი რთულიც არ უნდა გეჩვენოს , მაინც მშვენიერია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა სიცოცხლისთვის ,  მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ რაღაც 17-  18 წლის ხარ...



No comments:

Post a Comment