Sunday, July 14, 2019

ჯერომ სელინჯერი - "თამაში ჭვავის ყანაში" J.D. Salinger - "The catcher in the rye"


        მაშ ასე, წარმოგიდგენთ მის უდიდებულესობა ჯერომ სელინჯერს! სელინჯერი რომ კლასიკაა ,ორი აზრი არ არსებობს. ამჟამად მის ყველაზე ცნობილ, კლასიკად ქცეულ ნაწარმოებზე შევჩერდები – ,,თამაში ჭვავის ყანაში“.
        მთავარი გმირი 17 წლის ჰოლდენ კოლფილდია, რომელიც სამყაროს განსხვავებული თვალით უყურებს. მასში ზიზღს იწვევს “სიყალბე”. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გამუდმებით იტყუება, მისი ტყუილები არავის აზარალებს და ის არასდროს არ არის ყალბი. ერთი შეხედვით ჰოლდენი უმიზნო, საკუთარ თავში გაურკვეველი ადამიანია. მისთვის არ არსებობს წესები, ამჟღავნებს ყველაფრის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას და მისთვის ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა.უბრალოდ,ჰოლდენისთვის აუტანელია გაქნილობა, ფარსი, სიბინძურე, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის სწრაფვა, მოკლედ რომ ვთქვათ, ის რაც ყველგანაა, ყოველ ნაბიჯზე. “განათლებული” ადამიანების ქცევა და ცხოვრება მისთვის არასახარბიელოა. თუნდაც, სკოლაში შექმნილი სიტუაცია უკარგავს მას სწავლის სურვილს. ხედავს, რომ ირგვლივ ყველგან, ყველა სფეროში განსაკუთრებით კი წარმატების მიღწევის გზაზე მლიქვნელობაა...  სწორედ ამიტომ ვარდება გაურკვევლობაში და ერთადერთ გამოსავლად სხვებისგან შორს, ერთ პატარა ქოხში, ყრუ-მუნჯივით ცხოვრება წარმოუდგება. ვერავისთან საუბრობს გულწრფელად, ადამიანური ადამიანები თითქოს აღარ ან არ არსებობენ...


       ცხოვრების სტიმულს მისთვის პატარა და, ფიბი, წარმოადგენს. ფიბი კეთილი, უმანკო, სათუთი ბავშვია, რომელიც ცხოვრებას ჯერ ვერ დაუსვრია...მისი სიყვარული აძლევს ბიძგს ჰოლდენს იცხოვროს და ეცადოს გამოსავალი ადამიანებისგან გაქცევაში არ ეძებოს, ეცადოს რაღაც უკეთესობისკენ შემოატრიალოს. ჰოლდენისთვის იდეალი გარდაცვლილი ძმა ელია, ისიც ფიბივით უმანკო და კეთილი. ჰოლდენისთვის ელის მსგავსი ადამიანები აღარ არსებობენ...

       ძალიან ხშირად ისმის კითხვები თუ რატომ შეიძლება ეს ნაწარმოები ჩაითვალოს კლასიკად და ბევრის მომცემად თუ იგი ლიტერატურული ნორმების სრული დარღვევითაა დაწერილი. მაგრამ პასუხი მარტივია : ეს არის წიგნი, რომელიც გადმოცემულია 17 წლის თინეიჯერის ენით, რათა მისი განცდები და ემოციები მკითხველმა უფრო კარგად განიცადოს და ამით ამ ნაწარმოებმაც ერთ - ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა მსოფლიო დონის ლიტერატურაში.



      სამახსოვრო ფრაზები : 
  •  ხალხს ჰგონია, რასაც იტყვის, ყველაფერი მართალია. მეც რა მენაღვლება, ეგონოთ... საერთოდ, ვერაფერსაც ვერ ხედავს ხალხი. (ჰოლდენი) 
  •  შტერს რომ გადაეყრები, შენც შტერულად უნდა ილაპარაკო. (ჰოლდენი)  
  •  ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა  – "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო. (ჰოლდენი) 
  •  ყველანი პირუტყვები ვართ, კარგად თუ განსჯი, ყველანი პირუტყვები ვართ. 
  •  ადამიანი სიტყვით ახერხებს იმას, რომ ქვეყნად ყველაფერი გააფუჭოს და გაათახსიროს.
  •  ბედნიერ ადამიანს ვინმე უნდა ჰყავდეს გვერდით, გამომლაპარაკებელი.
 
 
     

No comments:

Post a Comment