Tuesday, July 30, 2019

ემილი ბრონტე - "ქარიშხლიანი უღელტეხილი" Emily Bronte - "Wuthering Heights"

     
        "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. წიგნის კითხვისას თავს მართლაც დაგატყდებათ ემოციების ნაკადი .წიგნში ყველა გრძნობა ერთადაა თავმოყრილი : სიყვარული, შიში, სიძულვილი, ერთგულება, ღალატი, სისასტიკე...დღესდღეობით, ეს  წიგნი ინგლისური ლიტერატურის კლასიკად არის ქცეული. კრიტიკოსებისთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა თუ როგორ შეძლო და აღწერა ემილი ბრონტემ ადამიანური ვნებები, როდესაც თავად არასდროს ყოფილა შეყვარებული. როგორც ცნობილია ,მისი დის, შარლოტასგან განსხვავებით ემილი ჩაკეტილი პიროვნება იყო , არ ჰყავდა მეგობრები და ზოგადად უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა.


      მთელი წიგნი აგებულია სიყვარულის და სიძულვილის ჭიდილში. მათ შორის თანაბარი ბრძოლა  -  ფავორიტი არ არსებობს. კითხვისას ვერ გადაგიწყვეტია ვის მიენდო და დაუჯერო...
      წიგნი მოგვითხრობს ოჯახის ისტორიაზე.მთავარი პერსონაჟის წარმომავლობა იდუმალებითაა მოცული, რაც მკითხველს უფრო ძაბავს და ასმაგ ინტერესს უჩენს. ეს ერთი დიდი სიძულვილის ისტორიაა, თუ როგორ უნგრევს გაბოროტებული ადამიანი ყველას ცხოვრებას. ერთი შეხედვით კი , ყველაფერს სიყვარულისთვის აკეთებს. მთავარი პერსონაჟი - ჰიტკლიფი , უპატრონოდ მიგდებული ერნშოუმ თავის სახლში წამოიყვანა  და ამ ერთი შეხედვით კეთილშობილურმა საქციელმა , მთლიანად განსაზღვრა ამ ორი ოჯახის ისტორია.

      როდესაც უარყოფითი ემოციები გროვდება და შურისძიება თვითმიზანი ხდება,  სიყვარულიც ისეთივე  ბოროტული ხდება. და ისიც საკითხავია ეს მართლა სიყვარულია თუ არა... ვინ რას და რა მოტივით აკეთებს გაურკვეველია. როგორც ამბობენ , ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს... მოკლედ , ერთ - ერთი საინტერესო , თუმცა მძიმე წასაკითხი წიგნია .

   სამახსოვრო ფრაზები :
  • ამაყი ხალხი  თავის ვარამს თვითონვე კვებავს.
  • ავკაცების დასჯა უფლის ნებაა, ჩვენ კი მიტევება უნდა შეგვეძლოს.
  • პატიოსანი ხალხი წარსულს არ მალავს.
  • ზოგჯერ ისეთი ადამიანი შეგებრალება, რომელიც არც სხვას იბრალებს და არც საკუთარ თავს.
  • ავის მოლოდინით ცხოვრება ცოდვის ტოლფასია.
  • ყველა ცოდვილი უბედურად იგრძნობდა თავს სამოთხეში.

No comments:

Post a Comment