Monday, November 7, 2022

ხალიდ ჰოსეინი - "ფრანით მორბენალი" Khaled Hosseini - "The kite runner"

 


           დედამიწაზე არსებობს ქვეყნები, რომლის მიწაც მძიმეა, ზოგი კი შედარებით უფრო მსუბუქი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ , დამძიმებულ მიწას გამოექცა ან იძულებული იყო გამოქცეოდა, მიეტოვებინა ყველაფერი და დარჩენილიყო მოგონებების იმედად.

          მიუხედავად იმისა, რომ  რომანი მარტივ ენაზეა დაწერილი, შინაარსი - მძიმე და ემოციებითაა სავსე. ორი პატარა ბიჭის ისტორია: შეცდომები, გაუბედაობა, სინანული და ტანჯვა. სიკეთე, რომელსაც ერთი პატარა ბიჭი იტევს, თან დაჰყვება მთელს რომანს. წიგნის წაკითხვის დროს გრძნობ, თუ როგორ ირევა ემოციები : სიყვარული , ბრაზი, დახმარების სურვილი. ეს არის წიგნი, რომელიც დაგასევდიანებთ. ავტორი სერიოზულ თემებს განიხილავს, რომლის მსგავსი შეიძლება ბევრჯერ გვაქვს წაკითხული და გვინახავს, მაგრამ ვერ გაგვიზიარებია თუ რა მდგომარეობა შეიძლება იყოს უცხო მიწაზე სადაც უსამართლობა და ძალადობაა, სადაც პატარა ბავშვებზე ძალადობენ, სადაც არ იცი გათენდება თუ არაშემდეგი დღე. ადგილი, სადაც ბავშვებს მშობლებს უხოცავენ, მშობლებს კი - ბავშვებს.


         მთავარი ორი პერსონაჟის - ამირის და ჰასანის ისტორია არის საშინელი, შემაძრწუნებელი, ძლიერი და ამასთანავე მშვენიერი. ორი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც ერთად იზრდებიან, ცხოვრობენ ქაბულში და თითქმის ყველაფერს ერთად აკეთებენ. საერთო ინტერესები და ლურჯი ფრანი, რომელიც ყველაფერს ცვლის მათთვის ერთი ბედნიერების მომტან და საბედისწერო დღეს. ეს არის გამარჯვება დიდი საფასურის სანაცვლოდ.

        ამირს, რომელსაც ჰქონდა შანსი ემოქმედა და დახმარებოდა მის მეგობარს უმოქმედობა არჩია, გამბედაობა არ ეყო და მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ამ საიდუმლოთი ცხოვრობდა.  1970 წელს, ავღანეთში პოლიტიკური კლიმატის შეცვლის შემდეგ მას და მამამისს ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ამირისთვის ეს იყო შანსი დაევიწყებინა წარსული და დაეწყო ახალი ცხოვრება ამერიკაში, მაგრამ ვერც ამერიკაში გაექცა წარსულს.


        რომანი საინტერესოდ იცვლება მესამე ნაწილში, სადაც ამირი ახალი აღმოჩენების წინაშე დგება. ვხედავთ ამირის ბრაზს და აღშფოთებას, როცა აღმოაჩენს, რომ მამამისი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იტყუებოდა ჰასანზე, თავის ნახევარ ძმაზე. ყველაზე დიდი აღშფოთება კი იმან გამოიწვია , რომ მამამისი თავისი სიტყვების საპირისპიროდ მოიქცა. ამირს სირცხვილის და დანაშაულის შეგრძნება , რომელიც ბავშვობიდან მომდინარეობს, აღარ აძლევს უკან დახევის უფლებას.

       რთულად მოიძებნება მკითხველი , რომელიც გულგრილია ამ რომანის მიმართ. ამერიკელი კრიტიკოსები მიიჩნევენ , რომ  წიგნის მიმართ ასეთი ინტერესი  და ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთის მიმართ უდიდესი ინტერესით იყო გამოწვეული.





Monday, October 17, 2022

სტივენ კინგი - "ჯოილენდი" Stephen King - " Joyland"

 


           ჯოილენდი გასართობი პარკია,  რომელიც ჰევენს-ბეიში, ჰევენსის სანაპიროს ახლოს მდებარეობდა. ავტორის თქმით, ის უკვე დიდი ხანია, რაც დაიხურა, რადგან დიდმა გასართობმა პარკებმა გაუწიეს კონკურენცია.

         ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი - დევინ ჯონსი , 1972 წლის ზაფხულში დაიწყებს მუშაობას, რადგან ჯოილენდი მხოლოდ ზაფხულობით მუშაობს და ახარებს ბავშვებს. ის გამოირჩევა უამრავი ატრაქციონით და დევინი, რომელიც გასაუბრების შემდეგ უფროსს ძალიან მოეწონება , უფასოდ დასვამს იმ ატრაქციონზე, რომელიც ყველაზე მაღლა ადის და ამ პარკის მთლიანად დანახვის შესაძლებლობას გაძლევს. გასართობ პარკებს ყოველთვის აქვთ თავისი თილისმა. ჯოილენდის თილისმა აღმოჩნდა - ჰოუი, ძაღლი, რომელიც დიდი ხნის წინ მოკვდა და ყველა ატრაქციონს ამ ძაღლის სურათი ამშვენებდა. ასევე ქურთუკიც ჰქონდათ ძაღლის ფორმის, რომელშიც ისეთი დახუთულობა იყო , რომ თხუთმეტ წუთზე მეტხანს ჩაცმა არ შეიძლებოდა. ჰოუის ყველა სცნობდა და  ყველა მისკენ გარბოდა. დედების გარეშე დარჩენილი და ატირებული ბავშვებიც კი ჰოუის დანახვისას ჩერდბოდნენ და თვალები უბრწყინავდათ, ისინი გაოცებით უყურებდნენ მის ცეკვას . "ჰოუი არ ლაპარაკობს, აქ ასეთი წესია"...


           დევინ ჯონსი თავიდანვე შეიტყობს ჯოილენდში არსებულ ლეგენდაზე , ლინდა გრეის შესახებ. ლეგენდის თანახმად, ლინდა გრეის სული "მოჩვენებათა სახლშია" .  ლინდა გრეი ცოტას თუ უნახავს, "მოჩვენებათა სახლში" მისმა შეყვარებულმა მას ყელი გამოჭრა და მატარებლიდან გადააგდო. მისი გვამი ჯოილენდის თანამშრომელმა იპოვა ატრაქციონების დათვალიერებისას, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო. 

          დევინ ჯონსი ამ საქმით ძალიან დაინტერესდება და მიუხედავად იმისა, რომ იცის მკვლელის პოვნა 8 წლის შემდეგ რომ შეუძლებელია, ის სადღაც შორს იქნაბა და კარგ დროს ატარებს, ან უკვე დიდი ხნის მკვდარია, მას მაინც სურს ცნობები მოიპოვოს ამ საქმის შესახებ და ასევე ძალიან უნდა , რომ ლინდა გრეი საკუთარი თვალით იხილოს.


          გამოძიება საბოლოოდ სწორ კვალზე დააყენებს დევინს და ხიფათშიც გაეხვევა. თუ რას მიაკვლია მან, ამას წიგნის წაკითხვისას გაიგებთ. 

          კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ სტივენ კინგი ის ადამიანია, რომელიც თავისი წიგნებით ხალხს თავს აყვარებს, აღწევს იმ ბნელ ადგილებში, სადაც თვითონაც არაა ნამყოფი და ხალხს აჯერებს არარეალურ ამბებს. 




Wednesday, August 31, 2022

ფიოდორ დოსტოევსკი - "დანაშაული და სასჯელი" Fyodor Dostoyevsky - "Crime and Punishment"

 


           ეს არის ფსიქოლოგიური რომანი დანაშაულის არსზე და მის შედეგებზე. თავად დოსტოევსკი ამ რომანს ასე ახასიათებდა : "ადამიანი ბედნიერებისთვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება". 

          რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა სტუდენტზე - რასკოლნიკოვზე , რომელიც ჩაიდენს მკვლელობას და ამ მკვლელობით ცდილობს დაარღვიოს არა კანონი , არამედ თეორია, რომლის თანახმად მკვლელობა არის კანონდარღვევა. რასკოლნიკოვს ჰქონდა თეორია, რომლის თანახმად ადამიანთა რასა იყოფოდა ორ ნაწილად - ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ ადამიანებად. ჩვეულებრივები - ანუ მასა, რომელიც მხოლოდ თავის მსგავს შთამომავლებს იძლევა, მეორე კი - ის არაჩვეულებრივი ხალხი, რომელთაც უნარი და ნიჭი გააჩნიათ და საზოგადოებაში ახალი სიტყვის თქმა შეუძლიათ. პირველი კატეგორია არის - წყნარი და მორჩილი , მეორე კი - კანონის დამრღვევი ან რომელთაც ბუნებით აქვთ მიდრეკილება დანაშაულისადმი. მათი დანაშაული რათქმაუნდა სხვადასხვაა, ისინი ამ დანაშაულით ემსახურებიან უკეთესი მომავლის შექმნას. 

         


          რასკოლნიკოვის თეორიის თანახმად , ადამიანები, რომლებიც ქმნიან ახალს და მართავენ მსოფლიოს, ვერაფერს შეძლებდნენ საკუთარ ბუნებაში დანაშაულისადმი მიდრეკილების არსებობის გარეშე, რადგან სწორედ ეს მიდრეკილება აძლევთ მათ გამბედაობას დაამხონ არსებული "ყველანაირი წყობილება" და შექმნან ახალი.

         სწორედ ამ იდეებით შეპყრობილი რასკოლნიკოვი ჩაიდენს მკვლელობას, რომლის შემდეგაც მერყეობას იწყებს მის მიერ არჩეული თეორიის წინაშე და ვერსად გაურბის სინდისის ქენჯნას, რომელმაც მას ფსიქიკა შეურყია და ჰალუცინაციებამდე მიიყვანა. აქ დოსტოევსკი ისე დამაჯერებლად აღწერს დამნაშავის ფსიქოლოგიას, მის ფსიქიკურ მდგომარეობას, სიგიჟის ზღვარამდე მისული ნერვული სისტემის მოშლას , რომ შეუძლებელია მკითხველში აღფრთოვანება არ გამოიწვიოს. 

        საბოლოოდ, რასკოლნიკოვის  შერყეული ფსიქიკა, გარკვეული გარემოებების დახმარებით, მიდის შედეგამდე, რომ მან უნდა აღიაროს დანაშაული და მოიხადოს სასჯელი.


         კატორღაში გამწესებული რასკოლნიკოვი ალაგებს აფორიაქებულ აზრებს და გონებაში ყალიბდება აზრი, რომ მას არა აქვს სინანული ჩადენილი მკვლელობის გამო. ის ერთგული დარჩა თეორიისა, რომლის თანახმად, მას - "არაჩვეულებრივ"  ადამიანს, უფლება ჰქონდა მოეკლა მომაბეზრებელი , მოხუცი მევახშე , რომელიც სისხლს უშრობდა მასთან დაგირავებული ნივთების მეპატრონეებს. რასკოლნიკოვმა ვერ იპოვა დანაშაულის შეგრძნება საკუთარ თავში, მან მხოლოდ მარცხი აღიარა, რამაც დანაშაულის ჩადენიდან ამ მომენტამდე აგონიაში ჩააგდო და სწორედ ამ აგონიამ მოიყვანა კატორღამდე. მას მხოლოდ რცხვენია... რცხვენია საკუთარი სიამაყის, რომელსაც თავმოყვარეობა აქვს შელახული, რადგან ვერ აღიარებს დანაშაულს და კატორღის მდგომარეობა მისთვის დამამცირებელია.


          8 წლიანი კატორღის საშიშ მოლოდინში, ერთადერთი იმედია - სონია, ომელიც თან გაჰყვება მას და საუკუნო ერთგულებას ჰპირდება. სწორედ ამ დროს იბადება ახალი ადამიანი - რასკოლნიკოვის შეგრძნება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მთელი არსებით არის შეყვარებული სონიაზე   და აქ იწყება ტანჯული ადამიანის სულიერად ახალ ადამიანად გარდაქმნის პროცესი, გადასვლა ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში, სულიერი განახლება.  სწორედ ეს არის დოსტოევსკის დასკვნა , რომ ნამდვილი სიყვარული უძლიერესია ამ სამყაროში.



Friday, August 26, 2022

პატრიკ ნესი - "ურჩხული გიხმობს" Patrick Ness - "A Monster Calls"

 


            "ურჩხული გიხმობს" ფენტეზის ჟანრის რომანია, რომელიც ხის ურჩხულისა და კოშმარებით დატანჯული ბიჭის ამბავს მოგვითხრობს. როგორც კი ღამის პირველის შვიდი წუთი სრულდება, ურთხელის ხე ურჩხულად იქცევა ხოლმე და ცამეტი წლის კონორის წყვდიადით და ქარით სავსე სიზმარში ინაცვლებს. საუკუნოვანი ურთხელის ხე ბუნების მისტიკურ ძალას განასახიერებს, რომელიც კონორის ქვეცნობიერში დამარხულ შიშებს აღვიძებს და მას შემზარავი სიმართლის აღიარებას აიძულებს.

          ურჩხული კონორს სამ ამბავს უყვება და სანაცვლოდ ერთი ამბის მოყოლას სთხოვს. ურჩხულის ამბები განსაკუთრებულია, რისი მიზეზიც ისაა, რომ თითოეულ მათგანშიის, ვინც ანტაგონისტი გვგონია, სინამდვილეში პროტაგონისტია. ურჩხული კონორს იმ რეალობას უჩვენებს, რომელიც ჭეშმარიტია და არა ადამიანური ილუზიებით შებურული. მათში პიროვნების ქმედება ყველა კუთხიდან განიხილება და მხოლოდ "კეთილი-ბოროტის"ცნებებით არ ფასდება.


         კონორის კოშმარები მას შემდეგ იწყება , რაც მოულოდნელად დედის სასიკვდილო დიაგნოზის შესახებ შეიტყობს. დედის დაკარგვის შიშს, შორს მყოფი მამის უყურადღებობა და აუტანელ ბებიასთან ერთად ცხოვრების პერსპექტივა კიდევ უფრო ამძაფრებს. პრობლემები არც სკოლაში აკლია. მას შემდეგ , რაც მოსწავლეები დედამისის ავადმყოფობის შესახებ იგებენ , კონორი თითქოს უჩინარი ხდება ,მასთან ურთიერთობა აღარავის არ სურს. 


          გარშემომყოფების წყალობით , კონორ ო'მელი უჩინარი ადამიანი ხდება და აქ ლოგიკურად იბადება კითხვა :  ურჩხულმა იხმო ბიჭი თუ  ბიჭმა გამოიხმო ურჩხული, რათა საკუთარ შიშებში და მარტოობაში ჩაძირულს , შემზარავ სინამდვილესთან გამკლავება შეძლებოდა?! კონორს ურჩხულის არ ეშინია, მეტიც - დასცინის კიდეც მას. ალბათ იმიტომ, რომ იცის - იმაზე უარესი, რაც რეალურ ცხოვრებაში მის თავს ხდება, ვეღარ დაემართება.

         


          გარკვეული თვალსაზრისით, პატრიკ ნესის ეს რომანი , ერთი მარტოსული მოზარდის  პიროვნულ დრამადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ისტორიად, რომელიც გვასწავლის, რომ ზოგჯერ, როცა უძლურნი ვართ, სიტუაცია შევცვალოთ, შეგვიძლია შევცვალოთ სიტუაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება და ამგვარად მოვახერხოთ გადარჩენა. პირველ რიგში კი, საკუთარ თავთან სიმართლე ვაღიაროთ.თუნდაც გვრხცვენოდეს ან გვეშინოდეს. ურჩხულის მოყოლილ ამბებშიც ხომ ყველა გმირს თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ანტაგონისტის სიმართლე ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს დგას , ვიდრე დანარჩენი პერსონაჟების.

        წაიკითხეთ და მოუსმინეთ კონორ ო'მელის...




Wednesday, August 17, 2022

ფრედერიკ ბეგბედერი - "რომანტიკული ეგოისტი"

 


           დიდი ხანია, მინდა ამ მწერალზე რამე ვთქვა, მაგრამ როგორც კი ვიწყებ , ვჩერდები... ასეთი რამ არცერთ მწერალზე არ მომსვლია. ვიწყებ კითხვას , ვიხიბლები , მომწონს მისი ფრაზები და როგორც კი შუა ნაწილს ვუახლოვდები, მწყინდება და თავს ვანებებ. რაც ეს აღმოვაჩინე , მას მერე ვიკვლევ ამის მიზეზს და ვფიქრობ, ამ ბოლო წიგნის კითხვისას მივხდი..

           მთავარი გმირი თავად ავტორია. ნაწარმოები ფაქტობრივად დღიურია და ამიტომ წიგნი მემუარულ ჟანრს უფრო მიესადაგება.თუმცა ეს მას ნაკლად არ ჩაეთვლება. აქ გადასარევადააწარმოჩენილი პერსონაჟის განცდები, ფიქრები, შეფასებები სხვადასხვა თემის შესახებ. ბეგბედერი არ ღალატობს ტრადიციას და მწარედ დასცინის სნობებს, ბურჟუაზიას და მის "მოკრძალებულ ხიბლს" . შენ , მკითხველს, გეღიმება მის მოსწრებულ გამონათქვამებზე, ირონიულ შეფასებებზე. ვერაფერს იტყვი, "გემრიელად" წერს, ნიჭიერად დასცინის ყველას და ყველაფერს. დაუნდობლად ააშკარავებს სულიერებაზე უარისმთქმელ დაავადებულ საზოგადოებას, რომელმაც გააკეთა არჩევანი და უპირატესობა ფიზიოლოგიას და ინსტიქტებს მიანიჭა. უცებ, კითხვის მომენტში ამოტივტივდება ავტორის ფიზიონომია, მისი იმიჯი, ცხოვრების წესი და მაშინვე მივხვდი, რომ მატყუებდნენ...როგორ შეიძლება დასცინოდე სხვებს და თვითონ ზუსტად ისეთივე ცხოვრების წესით ცხოვრობდე?!


         რა წუთშიც ეს კითხვა გამიჩნდა , იმ წუთიდანვე დამეკარგა ნდობა მის, როგორც მწერლის მიმართ, რადგან ვერაფრით ამოვიგდე თავიდან აზრი, რომ საქმე ტიპიურ პოპულისტთან მაქვს...მისი ყოველი სიტყვა , ყოველი ფრაზა გათვლილია მკითხველის მისაზიდად და თვალის ასახვევად და არ დავმალავ , ეს მშვენივრად გამოსდის. ნიჭიერი კაცია -  ეს უდავოა. მას შეუძლია არაფრისგან გააკეთოს წიგნი. მას შეუძლია ყველაფერი ის, რაც მანამდე სხვებს გაცილებით ღრმად და მრავალფეროვნად უთქვამთ, გადაამღეროს და ახლებურად აკინძოს, თან ისე , რომ მოგაწონოს და დაგამახსოვროს.

        ისე არ გამიგოს ვინმემ , რომ ცუდ მწერლად ვთვლი ამ ადამიანს და მის წიგნებს არაფრისმომცემად . სულაც არა. უბრალოდ, ვცდილობ ავხსნა, რატომ მწყინდება და რატომ ვერ ვახერხებ მისი წიგნების ბოლომდე ჩაკითხვას.  თუმცა არც ის მავიწყდება , რომ ბოლომდე მაინც არ მატყუებს ეს კაცი და თავს ზუსტადაც ეგოისტს უწოდებს, მაგრამ აი რომანტიკულობისა რა მოგახსენოთ... ნუ გამინაწყენდებიან , ვისაც უყვარს ბეგბედერი. ეს ერთი რიგითი მკითხველის სუბიექტური შეფასებაა.

        და მაინც , მიუხედავად ყველაფრისა, ვიტყვი , რომ ჩვენი რედერიკ ბეგბედერი ნამდვილად ფიგურაა თანამედროვე მწერლობაში. " ნიჭიერი თაღლითი" ასე დავარქმევ ჩემთვის, "ნიჭიერი თაღლითი ეგოისტი"!!!



Saturday, July 16, 2022

თომას კენილი - "შინდლერის სია" Thomas Keneally - "Schindler`s List"

 


           ამ წიგნში მოთხრობილია ოსკარის გასაოცარი თავგადასავალი, პირველ რიგში, შინდლერის წყალობით გადარჩენილი 50 ადამიანის ინტერვიუს ეფუძნება.

           ავტორი პროლოგში ერთი შეხედვით რიგით წვეულებას აღწერს კომენდანტ ამონ გეთთან, გვიყვება შინდლერის გარეგნული ბრწყინვალების შესახებ, გვიხასიათებს მექალთანე ბიზნესმენს, საუბრობს მისი პატიოსნების შესახებ. მეორეს მხრივ, კენილი, ოსკარის დანარჩენი სტუმრებისადმი დამოკიდებულების წარმოჩენას ცდილობს, საიდანაც ვგებულობთ, რომ იგი არ ჰგავს ამონ გეთს, ბოშს, შერნერს, ადამიანებს , რომლებსაც წიგნში ასე თუ ისე გაეცნობა მკითხველი და რომლებიც ყოვლად ამაზრზენ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ოსკარი მექალთანეა, სვამს, მფლანგველია, მაგრამ არ არის მათნაირი სასტიკი პიროვნება.


          თომას კენილი ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება შინდლერის ცხოვრებას. მკითხველი ეცნობა ერთის მხრივ გარემოს, სადაც იზრდებოდა ოსკარი, იგულისხმება არა მხოლოდ ოჯახი, არამედ საერთო სოციალური ფონი. გვიყვება მისი ოჯახის, მისი ბავშვობის შესახებ, შეძლებისდგავარად რეალურად, ფაქტებზე დაყრდნობით, შელამაზების გარეშე. თუმცა , წიგნი დაუჯერებლად მხატვრული, ემოციური და ჩამთრევია. 

         შინდლერი "სუფთა სისხლის" არიელი, უძველესი გერმანული ოჯახის წარმომადგენელი იყო, მისთვის საშინელებათა ის სერია სხვანაირად დაიწყო და გააზრებითაც სხვანაირად, სხვა დროს გაიაზრა. იგი უდავოდ არ ყოფილა სასტიკი, ფანატიკოსი ადამიანი, პირიქით... მაგრამ მაინც ძალიან რთულია იმ მოტივების პოვნა, რამაც საბოლოოდ  ის ოსკარ შინდლერად ჩამოაყალიბა, რომელსაც დღეს ჩვენ ყველა ვიცნობთ.


        იგი შეესწრო სცენას, სადაც ბავშვებს გეტოს ქუჩაში ჩამწკრივებულებს მიაცილებენ ესესელი ჯარისკაცები. წითლებში გამოწყობილი გოგონა ( ფილმის მნახველებს ძნელად თუ დაავიწყდებათ იგი) თავისი თვალით უყურებს, როგორ  დაადგა ერთ-ერთმა ფორმიანმა პატარა ბიჭს თავზე ფეხი, მიაბჯინა კეფაზე ლულა და გაისროლა... ამ სცენაში ყველაზე შემზარავი ალბათ ჩადენილი კი არა, ის იყო , რომ ბავშვების რიგირ ბოლოში მიმავალმა მცველმა სამი წლის გოგონას ამ სცენის ყურების საშუალება მისცა. იმავე დღეს ოსკარი საკმაოდ ზუსტად ჩასწვდა ვითარების არსს.მოწმეების არსებობის აღარავის ეშინოდა, რადგან სჯეროდათ, რომ ძალიან მალე ეს მოწმეებიც დაიღუპებოდნენ.

        იცხაკ შტერნმა, ებრაელმა ბუღალტერმა, შინდერთან პირველად შეხვედრისას, როგორც მას ახლად გამოცემული ბრძანება ავალდებულებდა , უთხრა , რომ ებრაელია.  ოსკარის საქმიან კითხვებს შტერნი ფრთხილად პასუხობდა, მერე კი ფილოსოფიურ თემებზეც გააბეს ლაპარაკი . მაშინ ბუღალტერა გაიფიქრა  , რომ ოსკარი გონებაგახსნილი იყო, თუმცა კონცეპტუალური აზროვნების უნარს მოკლებული.


          საუბრის დროს ოსკარმა ორიგინალური რამ თქვა :

"ასეთ ხანში ძნელია ეკლესიებმა მრევლს უქადაგოს, რომ ზეციურ მამას თუნდაც ერთი ბეღურის ბედი ანაღვლებს.ჩვენს დროში, როცა სიცოცხლე ერთ კოლოფზე იაფია, მღვდლობას ნამდვილად არ ვისურვებდი."

      შტერნი დაეთანხმა და დაამატა, რომ ბიბლიიდან მოყვანილ ოსკარის ციტატას თალმუდის ეს მუხლი ზუსტად აჯამებს :  

"ის , ვინც ერთი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, მთელს ქვეყნიერებას იხსნის"


 

Wednesday, July 6, 2022

უილიამ თეკერეი - "ამაოების ბაზარი" William Thackeray - "Vanity Fair"

 


           წიგნში მოქმედების მთავარი სფერო - ინგლისელი საზოგადოების უმაღლესი ფენებია. ავტორი აღშფოთებას გამოთქვამს მაღალი კლასის ამპარტავნებასა და სიყალბეზე. ასევე სვამს "სნობიზმის პრობლემას". ტერმინი "სნობი" თეკერეისებური გაგებით , არის რეგვენი, რომელიც აყოლილია საზოგადოებისთვის მიღებულ ნორმებს, რაც მისთვის გაუგებარია, თუმცა ამავდროულად მისაღებიცაა. მწერალი სნობის სახეებს ხედავს ინგლისელ არისტოკრატთა წრეებში. 

         რომანში მთავარ გმირებს არავითარი ადამიანური ღირებულებები არ გააჩნიათ. მათი მთავარი მამოძრავებელი მოტივი , სახელის, სიმდიდრის დაუფლებისკენ სწრაფვაა. წიგნის გმირები უარყოფითი პერსონაჟები არიან, თუმცა მათში, კარგი და ცუდი თვისეების სინთეზი იგრძნობა. მწერალი ნაწარმოებში, სრულიად განსხვავებულ პერსონაჟებს აახლოებს. მაგალითად , ბეკი შარპი და ემილია სედლი -  ორი ახალგაზრდა ლედი, რომლებიც ამთავრებენ პანსიონს, იწყებენ ახალ ცხოვრებას, თუმცა მათი რეალური ცხოვრება განსხვავებულია ერთმანეთისგან. ემილია მდიდარია , მგრძნობიარე, მიამიტი, სუსტი პიროვნება, რომელიც მხოლოდ მისი სოციალური მდგომარეობის გამოა მისაღები მაღალი წრის საზოგადოებისთვის. თუმცა, ემილია ეძებს სიყვარულს, თითქოს ესაა მისი სიცოცხლის მთავარი აზრი.


          ბეკი შარპი - ობოლი გოგონაა, რომელიც ღარიბია. მას სცხვენია საკუთარი თავის წარმომავლობის და ყველანაირი ხერხით ცდილობს დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში. ბუნებით ის ამპარტავანი, ანგარებიანი , შურიანია, თუმცა ჭკვიანიც ამავდრულად. მას შურს ემილიას მდგომარეობის, რომელიც უზრუნველად ცხოვრობს. 

         ავტორი ხშირად ირონიას მიმართავს პერსონაჟეის დახასიათებისას. მას უნდა გვძულდეს მლიქვნელი, ამპარტავანი "სნობები", რომლებსაც არავითარი ღირებულებები არ გააჩნიათ ადამაინებთან მიმართებაში.


          ემილია ვერ ხედავს ბეკის ნამდვილ სახეს. ბეკის ერთი შეხედვით "გულწრფელი ზრახვები" აქვს ემილიას მიმართ, თუმცა ის ავლენს ნამდვილ მისწრაფებებს ნაწარმოებში, ის ახერხებს დადებითი განწყობის მოპოვებას მის გარშემო, მიუხედავად მისი ანგარებიანი ზრახვებისა, საკმაოდ ჭკვიანური ხერხებით.

          ასევე საინტერესო პერსონაჟია მისტერ სედლი -  არისტოკრატი, ემილიას მამა , რომელიც ამხელს თავის შვილს - ჯოზეფს ფულის ფლანგვაში და უსაქმურობაში. იგი ხედავს მანკიერ თვისებებს თავისივე წრის წარმომადგენლებში, რაც მის დადებით თვისებაზე მიანიშნებს მკითხველს.

         საკმაოდ საინტერესო წიგნია -  რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელ მანკიერებებს ასახავს. ისე, საინტერესოა, საზოგადოების როგორი სურათი იქნებოდა აღწერილი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, "ჩვენი დროის ამაოების" სურათს თუ აღვწერთ?! 



Tuesday, June 28, 2022

სოფო არდია - "გროსმაისტერი"

 


            ძალიან მარტივი ენით დაწერილი დეტექტივის ჟანრის ნაწარმოები , რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ ამ სიმარტივეში უფრო მეტი  სიღრმე და სირთულეა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხშირად ჩერდები, ფიქრობ, მერე ისევ აგრძელებ კითხვას და ბოლოს იმდენად გითრევს, რომ ვეღარ ითმენ , სანამ ფინალში არ გახვალ.

           დეტექტივი ვახსენე, თუმცა ეს წიგნი მოიცავს ყველაფერს: რამდენად შეუცნობელია ადამიანის სამყარო, რამდენად ძლიერია ადამიანის წარმოსახვა და შინაგანი ბუნება და როგორ შეუძლიათ ადამიანებს იცხოვრონ ორმაგი ცხოვრებით.


           ამ არაჩვეულებრივ ამბავს გვიყვება ქართველი გოგო სოფოკო, რომელსაც აქვს ოჯახი, ჰყავს მეგობრები და ყველა გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის ცხოვრებაში და არის კიდევ - მატაბელი - ჩემთვის საუკეთესო პერსონაჟი ამ თავგადასავალში. კითხულობ წიგნს და გრძნობ, რომ მატაბელის მსგავსი ადამიანები არ არსებობენ და თუ არსებობენ, გინდა რომ შეხვდე, გაიცნო და განიცადო ზუსტად იგივე მის მიმართ, რასაც მთავარი გმირი განიცდის მასთან ყოფნისას და ურთიერთობისას.

          მატაბელი არის ადამიანი - მანიპულატორი. ის თამაშობს სხვების გრძნობებსა თუ ემოციებზე, შეუძლია ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს ყველა ვისთან ურთიერთობაც არ ხიბლავს, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას და საშუალებას , რომ იგი შეიძულოთ. ცხოვრებაც ხომ ასეა, იცი ადამიანის შინაგანი "უწმინდური" ბუნება, იგი განსხვავებულია, შესაძლოა "ცუდი ბიჭების სიაშიც" ჩაწეროთ, მაგრამ მაინც ეს "ცუდი" უფრო გხილავთ და სურვილი გიჩნდებათ დაუახლოვდეთ და ჩასწვდეთ მის ნამდვილ, შინაგან ბუნებას.


          "ის ჭაობივითაა, ოღონდ ლამაზი ჭაობივით, რომელიც გიზიდავს,გინდა შეეხო, გრძნობ, ერთად ვერ იქნებით, რადგან ის წყალია, შენ კი მიწა, იწევ მისკენ, გრძნობ,რომ უკვე ჰაერი აღარ გყოფნის და უკან იხევ. იმდენად გინდა მასთან დაახლოება, მზად ხარ ამორალური ქცევისთვის, სიკვდილისთვისაც...."

 

         ბევრს მოგითხრობდით მთავარ გმირზეც - სოფოკოზე, მაგრამ ის ისედაც თავად გიამბობთ ყველაფერს, ამიტომ მისი პიროვნების აღწერისგან თავს შევიკავებ. ის იმდენად ამოუცნობი, იდუმალი და შთამბეჭდავია, რომ აქ სიტყვები ვერაფერს გახდებიან. თქვენ თავად უნდა გაიცნოთ.


          წიგნის კიდევ ერთი ხიბლი ის არის , რომ ეს ამბავი ხდება ქართველი პერსონაჟების თავს და ბევრი სიუჟეტი იმდენად შენეულია, კითხვისას შესაძლოა ბავშვობის წლებიც ამოგიტივტივდეთ. უბრალოდ წაიკითხეთ "გროსმაისტერი" მათთვის კი ვინც ჯერ არ იცის -  "გროსმაისტერი" - წოდებაა, რომელიც ენიჭებათ უმაღლესი კვალიფიკაციის მოჭადრაკეებს.



Monday, June 6, 2022

ფრანც კაფკა - "გარდასახვა" ("მეტამორფოზა") Franz Kafka - "Metamorphosis"

 


            "ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ  გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო".  

 

      ახლიდან დაბადება, რომელიც ასე კარგად ჟღერს, შესაძლოა , ბევრი პრობლემის მომტანი აღმოჩნდეს. გრეგორ ზამზა, ადამიანობიდან არაადამიანად გახდომის მომენტიდან " მეტამორფოზის " მთავარი გმირია. ყავისფერი ქერქლით დაფარული მუცელი და ჯავშნიანი ზურგი იმის მაუწყებელია, რომ ფრანც კაფკას პერსონაჟი ვეღარ ივლის სამსახურში, ვეღარ შეჭამს უწინდელ საკვებს, ვეღარ ისაუბრებს და რაც მთავარია , ვეღარ იქნება საზოგადოებისა და ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

     მკითხველი, რომელიც ძალიან პატარა ნოველისგან ფიზიკური მეტამორფოზის აღწერას ელის, იმედგაცრუებული დარჩება, რადგან მთელი მოთხრობა გრეგორის სულიერი ტკივილის, იმედგაცრუების, საკუთარი გარეგნობის გამო სირცხვილის და საკუთარი პიროვნებისადმი შეუგუებლობის გარშემო ტრიალებს.


        თითოეულ ადამიანს თავის წარმოსახვაში ჰყავს იდეალური "მე". როდესაც იგი ძალიან დაშორებულია რეალური "მესგან", ადამიანი სასოწარკვეთაში ვარდება და ხანდახან  სძულს კიდეც საკუთარი თავი. მაშინ რა უნდა მოიმოქმედოს გრეგორმა , რომელიც შინაგანად ადამიანია, გარეგნობით კი საკუთარ დასაც აფრთხობს?! ნუთუ მხოლოდ იმიტომ , რომ გრეგორი მწერად იქცა, ოჯახს იგი უნდა შეზიზღდეს?!  რასაკვირველია,იმის ახსნა, რომ მწერი მხოლოდ მეტაფორაა, მკითხველისთვის საჭირო არ არის.


        კაფკა ამ კითხვებს შემდეგნაირად პასუხობს : ადამიანის სისასტიკესა და გულგრილობას საზღვარი არ აქვს. მას შეუძლია შეიძულოს საკუთარი ოჯახის წევრი, თუკი მისგან ვეღარ მიიღებს სარგებელს და შერცხვეს მისი, რადგან უკვე ყოფილი საყვარელი ადამიანი უღირსი და უშნო მწერია.

       მისტერ და მისის ზამზები და გრეტა , გრეგორს მოვალეობის გამო "უვლიან", თუმცა მალე მისდამი ზიზღი იმდენად ძლიერდება, რომ მისტერ ზამზა საკუთარი შვილის მოკვლასაც კი განიზრახავს. გრეგორს გამოკეტავენ და იქიდან გამოსვლის საშუალებაც კი არ აქვს. ცდილობენ როგორმე დამალონ , რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს მათი ტრაგედია.


        გრეგორ ზამზას არ შეუძლია მიიღოს თავისი თავი ისეთად, როგორიც ის არის. ის ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ისევ შეძლებს გაუღიმოს გრეტას და უთხრას მას , თუ რა კარგად უკრავს ვიოლინოზე. გრეგორის ცხოვრება იმიტომ კი არ არის ტრაგედია, რომ მწერად იქცა, არამედ იმიტომ, რომ მან ვერ გაიაზრა საკუთარი იდენტობა, დაიკარგა ადამიანობასა და მწერობას შორის.

      ნებისმიერი კავშირი ადამიანებს შორის ორმხრივია და თუ რომელიმე ჩვენგანს ეს ურთიერთკავშირი გაუწყდა ან თავიდანვე არ ჰქონია , მარტო ერთი ადამიანი ვერასდროს ვერ შეძლებს ურთიერთობის შენარჩუნებას. ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარს არა მოცემულობით , არამედ იმის გამო, როგორებიც ვართ ერთმანეთთან ...




Monday, May 9, 2022

მერი ჰიგინს კლარკი - "კონკიას მკვლელობა" Mary Higgins Clarke - "The Cinderella Murder"

 


            სიუჟეტი ვითარდება ჟურნალისტ ლორი მორენის გარშემო. ის სკანდალური შოუს "ეჭვქვეშ"  ავტორია. შოუ ეძღვნება გაუხსნელ საქმეებს, რომელმაც დიდი გამოხმაურებაგამოიწვია და მთელი ქვეყანა შეძრა.

            შოუს პირველმა ეპიზოდმა უზომო პოპულაროა მოიპოვა , რადგან შოუს მსვლელობისას მოხერხდა წლების წინ თაროზე შემოდებული გაუხსნელი საქმის ახლებურად დანახვა და დამნაშავის დაკავება. შოუს ახალ თემად, ლორიმ - სიუზენ დემფსის მკვლელობის 20 წლის წინანდელი, გაუხსნელი საქმე შეარჩია. იმ საბედისწერო საღამოს, როდესაც 19 წლის სტუდენტი სიუზენი მოკლეს, იგი მომავალი ფილმის რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას. მას ახალ ფილმში როლი შესთავაზეს. თუმცა, რეჟისორის ნაცლად, სიუზენი მკვლელს გადაეყარა. ჰოლივუდის მახლობელ პარკში , რეჟისორის სახლიდან , ნახევარი კილომეტრის მოშორებით სიუზენი მკვლელს გაურბოდა , მაგრამ ვერ გაასწრო. გოგონას გვამი მეორე დღეს იპოვეს. მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ გაუხსნელ საქმეს "კონკიას მკვლელობა" შეარქვეს.


           იმისთვის, რომ მაყურებელმა სრული სურათი დაინახოს და ჟურნალისტებმა რამე განსხვავებული სამხილი ან უზუსტობა აღმოაჩინონ, შოუში იწვევენ სიუზენის მეგობრებს, მის შეყვარებულს, მის პროფესორს, ფილმის რეჟისორს, დედას და რუმმეითებს. მალევე ლორა ამჩნევს, რომ 20 წლის წინანდელ საქმეში ბევრი უზუსტობაა, ბევრი ცარიელი ადგილია გაპარული, ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი და ნელ-ნელა ჟურნალისტური გამოძიება კონტურებს იძენს. ლორას შოუს წაყვანაში იურისტი ალექს ბაკლი ეხმარება.


            თუმცა, ვერც ლორი და ვერც მისი გუნდის სხვა წევრები ვერ ხვდებიან, რომ 20 წლის წინანდელი საქმით დღესაც ბევრი ბოროტმოქმედია დაინტერესებული. მათ კვალდაკვალ დევნის დამნაშავის აჩრდილი და მალევე ხდება აშკარა, რომ შოუს ჩაშლით ვიღაც არის დაინტერესებული.

          უამრავი კითხვა ჩნდება შოუს მსვლელობისას :   

  • ვინ მოკლა კონკია სიუზენი?
  • რა იყო მკვლელობის მოტივი?
  • როგორ აღმოჩნდა სიუზენი ჰოლივუდის ტყეში, როდესაც მისი ავტომობილი ისევ უნივერსიტეტის კამპუსთან იდგა 8 კილომეტრის მოშორებით?
  • ვინ იყო სიუზენის სიკვდილით დაინტერესებული?   


           შინაარსი საკმაოდ ჩახლართულია. სიუჟეტში უამრავი ტვისტია და მკითხველის განწყობა და ეჭვები მუდმივად სხვადასხვა პერსონაჟზე გადადის. გამოძიების მსვლელობისას მკითხველს აქვს ყველაფერი, რასაც ლორი და ალექსი გებულობენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერც თქვენ გამოიცნობთ დამნაშავეს წიგნის უკანასკნელ გვერდებამდე. ამ წიგნს აქვს ყველაფერი , რაც ასე ძალიან გვიყვარს დეტექტივებსა და თრილერებში. ჩამთრევია, ვერ მოწყდებით , მიგაბამთ წიგნზე და ერთი სული გექნებათ, გაიგოთ - ვინ მოკლა კონკია მაშინ, როცა ყველა "ეჭვქვეშაა"?!...



Wednesday, March 23, 2022

ჰარუკი მურაკამი - "ნადირობა ცხვარზე" Haruki Murakami - " A wild sheep chase"

 


         გრძელდება ჩემი და მურაკამის მეგობრობა...მისი მორიგი წიგნი , რომელმაც ასევე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა არის "ნადირობა ცხვარზე".  თხრობის სტილი აქაც მშვიდია, სიუჟეტი მარტივი,თითქოს განსაკუთრებული არაფერი, პერსონაჟები აქაც მუსიკის, კითხვის და სასმელის მოყვარული ახალგაზრდები არიან. მეგობრობა, სიყვარული და ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწვდენა აქაც მძაფრად იგრძნობა, მაგრამ .... მურაკამის შემთხვევაში ყოველთვის არსებობს სიტყვა - "მაგრამ".  უცბად ყველაფერი ირევა, სიმშვიდე სადღაც ქრება, ყველაფერი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სრულდება და ჩნდება უამრავზე უამრავი კითხვა, რომლებიდანაც უმეტესობა ასე პასუხგაუცემელი რჩება.


        წიგნის მთავარი პერსონაჟი , რომელსაც სახელი არ აქვს, ახალგაზრდა იაპონელია, რომელიც განსაკუთრებული თვისებებით არ ხასიათდება, ცოლს გაშორებულია, ცხოვრობს ბებერ კატასთან ერთად , უყვარდება იდეალური ყურების მქონე ქალი, პატარა სარეკლამო ფირმის მეწილეა და თავის მეწყვილესთან ერთად სხვადასხვა პროდუქციის რეკლამებს იგონებს.

        ერთ დღეს, ეს ყველაფერი,  უცნაური კაცის გამოჩენის შემდეგ ,ძირფესვიანად იცვლება. უცნაური კაცი მას ცხვრის პოვნას ავალებს, რომელიც დედამიწაზე არსებულ დანარჩენ ცხვრებს არ ჰგავს. უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანუ კი მის ზურგზე არსებული ვარსკვლავია. მთავარი კი ის არის ,რომ ამ ცხვარს ადამიანებში ჩასახლება და შემდეგ მისი "გამოცხვარებულად" დატოვება შეუძლია. თუ ის მას იპოვის, უცნაური კაცი  მას ყველანაირ სურვილს შეუსრულებს, თუ არა და მაშინ მთავარი გმირის ადგილი ქვეყნიერებაზე აღარ იქნება.


         ამიტომ , მთავარი გმირი თავის იდეალურყურებიან შეყვარებულთან ერთად, იარაღის მაგივრად - გამოცანებით აღჭურვილი, ჰოკაიდოზე, ცხვრის მოსაძებნად მიემგზავრება. მოგზაურობა დამღლელია, თუმცა ძალიან საინტერესო. უამრავ საიდუმლოს ეხდება ფარდა, თუმცა ამავდროულად უამრავი კითხვა იბადება.  კითხულობ , კითხულობ და ადამიანში ცხვრის ჩასახლება ან ჯადოსნურყურებიანი გოგო რაღაც სისულელე გგონია, მაგრამ ის შეგრძნება, რომ ამ ყველაფრის უკან სულ სხვა რაღაც იმალება, ერთი წამით არ გტოვებს.


          წიგნის სიუჟეტი ძველ იაპონურ მითს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ვერძი , ბუდაზე ადრე არსებობდა და ის ადამიანებში სახლდებოდა, განუსაზღვრელი თვისებებით ასაჩუქრებდა. სამაგიეროდ კი, სხვადასხვა საქციელებისკენ უბიძგებდა, რომ საბოლოოდ მიზნისთვის მიეღწია და ქვეყანაზე ანარქია მოეწყო...  

         საბოლოო ჯამში  ძალიან კარგი წასაკითხი წიგნია, საინტერესო სიუჟეტით და უამრავი გასახსნელი კვანძით, ასევე უამრავი ფსიქოლოგიური მომენტით. დარწმუნებით ვერ ვითყვი , რომ ყველა კვანძი გავხსენი, მაგრამ ალბათ, ამ წიგნის მთავარი თვისება სწორედ ესაა - დაგიტოვოს ბევრი გამოცანა, რომელზეც კიდევ მრავალი დღე იფიქრებ. 

         ერთ-ერთი დასკვნა კი ისაა, რომ ჩვენში, ყველაში ცხოვრობს ცხვარი, რომელსაც არ უნდა შევუშინდეთ, არ უნდა დავემორჩილოთ და ბატონობის უფლება არ მივცეთ. როგორც ჰარუკი მურაკამი ამბობს : "ყველაფერი ხომ რაკურსზეა დამოკიდებული , იმაზე თუ რა კუთხით შეხედავ".

 

      სამახსოვრო ფრაზები :
  • იმას რაც ყველაზე ძალიან გაწუხებს, ვერასოდეს გამოთქვამ ხეირიანად.
  • ნუთუ ,მხოლოდ საათის ისრების საშუალებით შეძლიათ ადამიანებს დარწმუნდნენ , რომ მართლა არსებობენ?!
  • იმპერიის დასასრული მისი იმპერატორის სიკვდილით იწყება.
  • სანამ ჩაძირვას არ დაიწყებ, თოკს არავინ გადმოგიგდებს.
  • ნერვების აყოლა ნიშნავს იმას, რომ შენს სისუსტეებსა და ცდუნებებს დაემორჩილო.
  • სხეულის უჯრედები მთლიანად , ასი პროცენტით ყოველთვიურად ახლდება.ჩვენ ერთიანად ვიცვლებით, ახლაც კი!!!ყველაფერი რაც ჩემს შესახებ იცი, საკუთარი მოგონებებია , მეტი არაფერი...