Saturday, August 31, 2019

იუსტაინ გორდერი - "სოფის სამყარო" Jostein Gaarder - " Sophie`s World"

    
       "სოფის სამყარო" - ეს არის რომანი ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. წიგნი მარტივი, გასაგები ენითაა დაწერილი და სიუჟეტი თანმიმდევრულად ვითარდება.
ყველაფერი ასე იწყება : 14 წლის სოფი ამუნდსენი ერთ დღეს ორ უცნაურ ანონიმურ წერილს მიიღებს. წერილებში , ერთი შეხედვით ძალიან მარტივი კითხვები წერია: "ვინ ხარ შენ?", "როგორ შეიქმნა სამყარო"? მიიღებს ღია ბარათსაც , რომელიც ვინმე ჰილდე მოლერ კნაგის სახელზეა გამოგზავნილი. ამ დღის შემდეგ სოფის ცხოვრება მთლიანად იცვლება. გოგონა ყოველდღე ახალ წერილს იღებს და ეცნობა ფილოსოფიის გრძელ ისტორიას.
      თავისი ფილოსოფიის მასწავლებლი - ალბერტო კნოქსის დახმარებით სოფი უამრავ და მნიშვნელოვან თემას გაივლის და დაფიქრდება უამრავ საინტერესო საკითხზე: შუასაუკუნეების ბნელ პერიოდზე, აღორძინების ხანაზე, ადამიანების ბედისწერაზე, ღმერთის არსებობაზე...  წიგნის მისტიკური ნაწილი კი ასე გრძელდება : ფილოსოფიის კურსის დასასრულს , სოფი და მისი მასწავლებელი აღმოაჩენენ , რომ ისინი მხოლოდ გამოგონილი მოთხრობის გმირები არიან.მოთხრობის, რომელიც ჰილდე მოლერ კნაგს , მისმა მამამ, მაიორმა აჩუქა მეთხუთმეტე დაბადების დღის აღსანიშნავად და თავადვე დაწერა. სწორედ ამიტომ ჩნდებოდა არსაიდან  სოფის სახლში უცნაური წერილები, რომელსაც მამა ჰილდეს უგზავნიდა. ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ სოფი და მისი მასწავლებელი გადაწყვეტენ გახდნენ რეალური სამყაროს ნაწილები და ჯადოსნური სარკის დახმარებით გადავლენ კიდეც ჰილდეს სამყაროში , თუმცა იქ მათ ვერავინ ვერ ხედავს, ვერც ხმას აგონებენ ვინმეს.

   
        წიგნის დასასრულს ,თითქოს მეც შემეპარა ეჭვი ჩემი სამყაროს რეალურად არსებობაში.თუმცა, ამის გარდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა, რომელზეც ჩემამდეც ბევრს უფიქრია.

      ისე, მე თუ მკითხავთ , იუსტაინ გორდერის ეს წიგნი მე-9 ან მე-10 კლასების ფილოსოფიის სახემძღვანელოს იდეალური ვარიანტია.

      ამ პოსტს კი გოეთეს ერთი ციტატით დავასრულებ : "ის , ვინც ვერაფერს ამოიღებს სამი ათასი წლის მატიანიდან , მხოლოდ დღიდან დღემდე თუ არსებობს".

 

Thursday, August 29, 2019

იუსტაინ გორდერი - "ფორთოხლის გოგონა" Jostein Gaarder - " The Orange Girl"

       გაიცანით იუსტაინ გორდერი. მისი სამყარო -  ეს არის ცხოვრება, როგორც სასწაული. ცხოვრება , როგორც რომანტიკული თავგადასავალი...ცხოვრება, როგორც ფილოსოფიური გამოცანა... გორდერის წიგნების პოპულარობას იწვევს ის, რომ მწერალი თავის წიგნებში აღწერს გასაოცარ სამყაროს,რომელიც ერთდროულად ჩვენიცაა - ანუ სრულიად ნაცნობი და რეალური, ამავდროულად ზღაპრულია ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.

       რაც შეეხება თავად "ფორთოხლის გოგონას". ავტორი ,წიგნში ერთმანეთის პარალელურად ორ პერიოდში გვამოგზაურებს. წიგნი იწყება იმით, რომ ერთ დღეს 15 წლის გეორგი მიიღებს წერილს მამისგან , რომელიც 11 წლის წინ გარდაიცვალა.როდესაც გეორგის მამამ გაიგო რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი სასიცოცხლოდ, მან გადაწყვიტა თავისი 4 წლის შვილისთვის წერილი მიეწერა.წერილში მოთხრობილია ამბავი იდუმალებით მოცული "ფორტოხლის გოგონას" შესახებ, ამბავი ჯადოსნურ სიყვარულზე, მამა-შვილის საოცარ და სევდიან ურთიერთობაზე, იმაზე თუ როგორი ძნელია ახლობელი ადამიანის დაკარგვა. ასევე თუ როგორი გასაოცარია სამყარო ჩვენს ირგვლივ. მოკლედ ეს არის ძალიან თბილი, ტკბილი და ფორთოხლისფერი წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

      ძალიან ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინოთ და ისწავლოთ ამ წიგნიდან. მე ის დასკვნა გავაკეთე , რომ ყველაფერი კანონზომიერებით ხდება და შემთხვევითი არაფერი და არავინ არ არსებობს. ჩვენ ,თუნდაც მხოლოდ იმიტომ ვართ იღბლიანები , რომ აქ ვართ - ახლა და ამ წუთში.

 სამახსოვრო ფრაზები :
  • ხშირად მოხუცები თითქოს უფრო მეტ დროს პოულობენ ,ვიდრე ბავშვები ,რომლებსაც უამრავი დრო აქვთ.
  • ცხოვრებაში ხანდახან საჭიროა რომ ცოტაოდენი სწრაფვა შეგეძლოს.
  • მაგრამ,სხვა თუ არაფერი, ერთხელ მაინც ხომ იცხოვრე - იღბლიანო.
  • მაგრამ მაინც - რა არის ადამიანი?რაშია მისი ღირებულება? იქნებ მხოლოდ და მხოლოდ მტვერი ვართ , ქარი რომ გაფანტავს ორ წამში?!
  • ცხოვრება ლატარიაა, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს. შენ , რომელიც ამ წიგნს კითხულობ,  ერთი ასეთი გამარჯვებული ბილეთი ხარ.

Monday, August 26, 2019

ჰარპერ ლი "ნუ მოკლავ ჯაფარას" Harper lee - "To kill a Mockingbird"


        "ნუ მოკლავ ჯაფარას" ის წიგნია, რომელიც სიცოცხლეში მნიშვნელოვანი ღირებულებების შესახებ ცოდნას  გვაძლევს. სიუჟეტი 1930 - იანი წლების ამერიკაში, ალაბამას შტატში - ქალაქ მეიკომში ვითარდება. მთავარი გმირები  პატარა და-ძმა - ჯინ-ლუიზა, მეტსახელად ჭყიტა და ჯემ ფინჩები არიან. ისინი არიან დაქვრივებული ატიკუს ფინჩის შვილები. ატიკუს ფინჩი, კეთილი და უზომოდ ჭკვიანი ადვოკატი, ცდილობს შვილებს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამ ასწავლოს - ადამიანებისადმი თანაგრძნობა და სიყვარული. ადამიანების დაფასება არა მისი კანის ფერის ან სოციალური მდგომარეობის , არამედ მისი პიროვნული თვისებების და ღირსების მიხედვით. ატიკუსი არის არამხოლოდ ამერიკულ ლიტერატურაში ყველაზე ჰუმანური სახე ადამიანისა , რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარი , პატივი სცეს სხვა ადამიანს , დაინახოს მასში ის , რასაც სხვები ვერ ხედავენ. აღმოაჩინოს ისეთი თვისებები , რაც განსაკუთრებული აქვს და ამის გამო უყვარდეს იგი.


      ატიკუსი ამის მაგალითს თავად აძლევს შვილებს, როდესაც გადაწყვეტს სასამართლოში დაიცვას შავკანიანი  - ტიმ რობინსონი , რომელსაც თეთრკანიანი გოგონას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. ატიკუსმა იცის , რომ ძალიან რთულ საქმეში იღებს მონაწილეობას , ვინაიდან რობინსონი შავკანიანია და საზოგადოება კი სტერეოტიპულად აზროვნებს.  რასიზმი , სოციალური უსამართლობა  და უთანასწორობა - წიგნის მთავარი თემებია.
 

      პატარა ჭყიტა და ჯემი ამას კარგად იაზრებენ, მთელ საზოგადოებასთან დაპირისპირებული მამისა და რედლი ბუას მაგალითზე . ბავშვები უკვე სხვა თვალით უყურებენ სამყაროს.      
       ჰარპერ ლიმ რომანში საკუთარი ბავშვობის სახლი და მოგონებები გააცოცხლა. წიგნის ბოლომდე  შენც სწავლობ ადამიანების განსაკუთრებულად აღქმას და იწყებ გამორჩეული თვისებების ძიებას.ბოლოს შენც გჯერა, რომ ყველას შენს ირგვლივ აქვს ის, რასაც უბრალოდ ვერ ხედავ და რის გამოც შეიძლება გიყვარდეს. მილიონობით ადამიანს, ჰარპერ ლიმ უმნიშვნელოვანესი მესიჯი დაუტოვა , რომ  ადამიანის გასაგებად საჭიროა მის ტყავში ჩავძვრეთ და ბოლოს გვითხრა , რომ არ მოვკლათ ჯაფარა , ჩიტი . რომელსაც მხოლოდ გალობა შეუძლია , არ  შევეხოთ.


Sunday, August 25, 2019

ენტონი ბერჯესი - "მექანიკური ფორთოხალი" Anthony Burgess - "A Clockwork Orange"

        "მექანიკური ფორთოხალი" არის წიგნი თინეიჯერი ხულიგნების შესახებ. 16 წლის ალექსი და მისი ძმაკაცები საშინლად ნეგატიური გმირები არიან. ისინი ცივსისხლიანი მკვლელები და ნაძირლები არიან , რომლებიც არა რაიმე მიზნისთვის, არამედ მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავენ , იპარავენ და აწამებენ. თავიდან, წიგნის კითხვის პროცესში ზიზღის და გულისრევის შეგრძნება არ გშორდება. სურვილი გაქვს წიგნი მოისროლო და აღარასდროს მიუბრუნდე , მაგრამ რაღაც ამის საშუალებას არ გაძლევს და შენც აგრძელებ კითხვას. არც ერთი წიგნის მთავარი გმირისადმი არ მიგვრძვნია იმდენი სიძულვილი , რაც ალექსის მიმართ ვიგრძენი. ალბათ გაგიკვირდებათ , რომ ალექსს კლასიკური მუსიკა სიგიჟემდე უყვარს, განსაკუთრებით ბეთჰოვენის - "მეცხრე სიმფონია", რომლის მოსმენის დროსაც ბინძური წარმოსახვა ექსტაზში აგდებს. სინანულის გრძნობა მისთვის სრულიად უცხოა და აკეთებს იმას , რაც უნდა. თუმცა, ეს მხოლოდ წიგნის პირველ ნაწილში.


       წიგნის მეორე ნაწილში , ალექსი ციხეში ხვდება მორიგი ძარცვის დროს, სადაც ნებაყოფილობით იღებს მონაწილეობას ექსპერიმენტში და გადის მკურნალობის კურსს, რომლის შემდეგაც მასში ბოროტების კვალიც აღარ უნდა დარჩეს. იგი ექსპერიმენტის შემდეგ უბრალოდ ნივთი ხდება - მექანიკური ფორთოხალი, რომელსაც როცა უნდათ მაშინ მომართავენ, რადგან უბრალო ბოროტების წარმოდგენაზე და  და წინააღმდეგობის გაწევის სურვილზე , ისეთი სპაზმები ემართება , რომ თავის მოკვლის სურვილს უჩენს. სახლში დაბრუნებული  კი საკუთარ მშობლებსაც ვერ არწმუნებს , რომ ბოროტების გაკეთება უბრალოდ აღარ შეუძლია. მთელი სამყარო მის წინააღმდეგ ამხედრდება : მშობლები სახლიდან აგდებენ, ბიბლიოთეკაში მოხუცების მთელი გუნდი სასტიკად სცემს, რის შემდეგ პოლიციელებისგან კიდევ უფრო მეტი წამება ხვდება.

   

      გადის დრო და ალექსი ისევ ისეთი ნაძირალა ხდება.კვლავ საკუთარი ბანდა ჰყავს და ღამის ცხოვრებით ცხოვრობს.  თუმცა მასში მაინც რაღაც ცვლილება მოხდა... ბოროტმოქმედებაში მონაწილეობის მიღებას ურჩევნია უბრალოდ ბრძანებები გასცეს. ხვდება რომ რაღაც სხვა სჭირდება , სხვა სიამოვნება ...

      წიგნისს მთავარი არსი კი ალბათ ის არის, რომ მოგვწონს თუ არა, სწორედ მორალური არჩევანია ადამიანობის ნიშანი. მორალური არჩევნისთვის კი უნდა არსებობდეს სიკეთე და ბოროტება.მთელი ჩვენი ცხოვრება არის რაღაც არჩევანის გაკეთება , წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მექანიკური ფორთოხლები ვიქნებით , რომლებსაც როცა მოუნდებათ მაშინ მომართავენ.


Tuesday, August 20, 2019

ჯეი აშერი - "13 მიზეზი რატომ" Jay Asher - "13 reasons why"


       ოდესმე თვითმკვლელობაზე გიფიქრიათ? დამეთანხმებით , ალბათ , როგორი საზარელი შეკითხვაა. გაფიქრებაც კი დაგრთგუნავს , ისეთი კითხვაა... წიგნის მთავარმა პერსონაჟმა - ჰანა ბეიკერმა კი შეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა. მან სუიციდი აირჩია. შინაარსი მარტივია : ჰანა , რომელმაც თავი მოიკლა, ტოვებს კასეტებს , სადაც  ასახელებს 13 მიზეზს თუ რატომ მოიქცა ასე. მისგან ვიგებთ, რომ ის მსხვერპლია ჭორების, გულგრილობის , უნდობლობის, ძალადობის და უყურადღებობის. ჰანას ამბის პარალელურად სკოლაში მთელი რიგი ამბები ხდება...მოზარდები იგებენ , რომ ჰანას წინაშე დამნაშავეები არიან. დამნაშავის სახით 12 სხვადასხვა ადამიანია წარმოჩენილი.

ჰანას ისტორია, თოვლის გუნდის ეფექტის ნათელი მაგალითია .ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და საბოლოოდ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა. თან ყველაფერი თავისით აეწყო - გოგონას არაფერი უთხოვია. წიგნში ასახულია ყველაფერი , რაც რეალურად ხდება. თითქოს უმნიშვნელო ამბები ტრაგედიის ჯაჭვის პატარა რგოლებს ქმნიან :    ამ ჭორმა სახელი გამიტეხა,ადამიანებმა ირწმუნეს ჭორი და შესაბამისად მექცეოდნენ.ხანდახან ასეთ ჭორს თოვლის გუნდის ეფექტი აქვს - უბედურება თანდათან იზრდება.
     
       თოვლის გუნდის ეფექტი მეგობრებო... ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს რამხელა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელმა ან უცებ წამოსროლილმა სიტყვამ...იმის მეშინია , რომ ბევრი ჰანა ბეიკერი არსებობს. მეშინია რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვიღაც საკუთარი გადაწყვეტილებით აღარ იქნება... და რომ შეიძლება ეს ჩემი ბრალიც იყოს...არა იმიტომ რომ დავამცირე , დავცინე და ცუდად მოვექეცი , არამედ იმიტომ რომ ტიროდა  და მე არ დავამშვიდე, უკან არ გავყევი...
       
     წიგნის კითხვა რომ დავასრულე, საშინლად დავითრგუნე...საშინელი განცდაა , როდესაც იგებ რომ სიცოცხლეზე შეყვარებულმა გოგომ თვითმკლელობით დაასრულა სიცოცხლე. რა უნდა ვქნათ რომ ასეთი საშინელი ფაქტი არ მოხდეს?! ალბათ ბევრი უნდა ვიფიქროთ მათზე...ალბათ უნდა მივიღოთ ისეთები , როგორებიც არიან...ალბათ დრო , რომელსაც მათთან ვატარებთ, ნაყოფიერი უნდა იყოს... და კიდევ ათასი "ალბათ" უნდა გამოვიგონოთ , რომ მათი გზა თვითმკვლელობამდე არასდროს არ მივიდეს...
     

      წიგნის მიხედვით არის გადაღებული სერიალი , რომელიც ნამდვილად დაგაინტერესებთ  :) 
https://www.youtube.com/watch?v=toj3CyMhBOs

Friday, August 16, 2019

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი" Paulo Coelho - "The Alchemist"


        პაულო კოელიოს შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ , რადგან ყოველთვის განსხვავებულ სამყაროს ქმნის. მის ნაწარმოებებში ყოველთვის ჩნდება იმედი და არასდროს არ ქრება . ეს იმედი კი საოცარი ოპტიმიზმით არის დატვირთული. მისი წიგნებიდან გამოვყოფდი "ალქიმიკოსს",ვინაიდან მისი წაკითხვის შემდეგ ხვდები თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი, როგორ უნდა მოახდინო მთავარი მცნებების გაერთიანება.

        "ალქიმიკოსი" არის  კლასიკური მაგალითი იმ წიგნებისა , რომლებიც უნდა იკითხო გუნების გამოსაკეთებლად, ფიქრების გასაქარვებლად, ყოველგვარი სირთულის და სიღრმეების გარეშე. ამ წიგნის შინაარსის მოყოლას არა აქვს აზრი, ვინაიდან  თავად ნაწარმოები არის მცირე მოცულობის. ამიტომ, ამჯერად მხოლოდ სამახსოვრო და გამორჩეული ფრაზებით შემოვიფარგლები.


  • ცხოვრება იმით არის საინტერესო , რომ შეიძლება ყველა სიზმარი აგიხდეს.
  • როცა რაღაცა გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.
  • თუ გიყვარს, შეგიძლია შეიცვალო.
  • ყოველი ადამიანი , რასაც არ უნდა აკეთებდეს,  უმთავრეს როლს აკეტებს სამყაროს ისტორიაში, თუმცა შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამის შესახებ.
არ დაივიწყო ,რომ სამყარო ერთი მთლიანობაა., ნიშნების ენას მიჰყევი და გახსოვდეს რომ ვალდებული ხარ ბოლომდე მიჰყვე ბედისწერას.    

Thursday, August 15, 2019

რეი ბრედბერი - "451 ფარენჰაიტით" Ray Bradbury - "Farenheit 451"


       რეი ბრედბერი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია, რადგან ის ახერხებს კითხვისას ისეთი ემოციებით აგავსოს სრულიად ირაციონალური არარეალური მოვლენებით, თითქოს ეს ესაა შენ თვითონ გადაგხდენოდეს თავს.ისე გაგაცინოს გულითაც და სიმწრითაც , რომ უცრემლოდ ვერ დაამთავრო კითხვის პროცესი.ისე დაგახვიოს თავბრუ უცნაურად შორეული , მაგრამ ძალიან ნაცნობი და ახლობელი ამბებით, რომ წიგნის დასასრულს სულ მცირე ნახევარი საათი დაგჭირდეს გამოსაფხიზებლად და გასარკვევად, რომელია ნამდვილად შენი რეალობა?!

       წიგნში მოქმედება არარეალურ ქალაქში ხდება, სადაც მეხანძრეებს ერთი ფუნქცია აქვთ - გააჩაღონ ცეცხლი და განადგურონ წიგნები. მთლიანი რომანი ეხება სასტიკ მომავალს , სადაც წიგნების კითხვა უდიდესი დანაშაულია.წიგნებს მათი მფლობელებიც ეწირებიან.


      წიგნის მთავარი გმირი, მეხანძრე - გაი მონტეგია. მას თავი ძალიან ბედნიერ ადამიანად მიაჩნდა და ეგონა რომ საკმაოდ მხიარული ცხოვრება ჰქონდა, სანამ ერთ ახალგაზრდა გოგონას არ შეხვდა , რომელმაც სამყარო სრულიად განსხვავებული კუთხით დაანახა. გაი განსხვავებული სულის პატრონია , სწორედ ამიტომ  მან ჩუმად დაიწყო წიგნების მოპარვა და კითხვა. ის მზადაა წიგნების გადასარჩენად გადატრიალება მოახდინოს.

     საერთოდ მგონია, რომ გასულ საუკუნეში,  21 საუკუნის ეშინოდათ და ელოდნენ რაღაც ცვლილებას, რაც ამ ორი საუკუნის ადამიანს მნიშვნელოვნად განასხვავებდა. ეს ცვლილება კი იქნებოდა უარყოფითი , რაც ტექნიკის განვითარებას მოჰყვებოდა.

      ეს არის წიგნი , რომელიც წიგნებს ეხება და აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაშია შესატანი.


Sunday, August 11, 2019

სტენდალი - "წითელი და შავი" Stendhal - "The Red and The Black"

      
       "წითელი და შავი" არის ისტორიული და ძალიან ფსიქოლოგიური რომანი.  ნაწარმოებში მოქმედება მე-19 საუკუნის საფრანგეთში  ხდება. ქვეყანა ნაპოლეონის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არის გაყოფილი. წიგნის მთავარი გმირი - ჟულიენი , თითქმის მარტო აღმოჩნდა  ყველა იმ ადამიანთა შორის , ვინც ნაპოლეონის მოწინააღმდეგეებს განეკუთვნებიან.ნაწარმოებში კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობს ჟულიენი დუმილით თავისი ფიქრების დამალვას. ის ამბობს მხოლოდ იმას, რაც იცის რომ საზოგადოებას მოეწონება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაძევებული იქნება საზოგადოებიდან ან უფრო უარესიჩ შესაძლოა მოხდეს , თუ გაიგებენ რომ იგი ნაპოლეონის მხარდამჭერია.

     ჟულიენი - გლეხის შვილია , რომელსაც ქალაქის მერის ცოლი - ქალბატონი დე რენალი შეუყვარდება. როდესაც ამჩნევს , რომ მასაც უყვარს, ჟულიენი ყველანაირად ცდილობს მის ხელში ჩაგდებას. თუმცა , ჟულიენი არაფერს განიცდის პატივმოყვარეობის გარდა. მას შეუძლია ქალი გონების გარეშე ამოქმედოს, დე რენალი კი , სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. დე რენალის შემდეგ მას მარკიზის შვილი - მატილდა უყვარდება. ჟულიენი პატივმოყვარეობას მასთანაც ავლენს .ის არასდროს უყვება მატილდას თავის მეგობრებზე  და დუმილით უსმენს თუ რას საუბრობს თავად ქალი და ამის საფუძველზე დასკვნებს აკეთებს.


       ჩემი , როგორც მკითხველის გადმოსახედიდან , ჟულიენი ძალიან ჭკვიანი ადამიანია.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა წარმატება ტყუილზეა დამყარებული, ის ამას სხვებს მაინც არ აჩვენებს, ეს მხოლოდ მან იცის.მისი ეს დუმილის თვისება ძალიან დასაფასებელია. მართლაც , თითქმის ასეთი ადამიანები არც არსებობენ...

      მიუხედავად იმისა, რომ ჟულიენი ძალიან ახალგაზრდა იყო, მას ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მიზნები, რომლების სისრულეში მოყვანაც სურდა. მისი აზრით , დუმილი უფრო ფასეულია, ვიდრე სიტყვა. მას სწორედ დუმილი დაეხმარა იმის მიღებაში რაც ყველაზე მეტად სურდა.


Tuesday, August 6, 2019

სტივენ კინგი - "მწვანე ბილიკი" Stephen King - "The Green Mile"


        სტივენ კინგს ,როგორც ავტორს, შესაძლოა არ იცნობდეთ, მაგრამ მისი წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმი მაინც გექნებათ ნანახი.სტივენ კინგის სახელი პირდაპირ ასოცირდება სიტყვა - ჰორორთან . მან შეძლო და შეაშინა თაობები და დღემდე არ ანებებს თავს ამ "მავნე ჩვევას". მისი ეს ფენომენი წარმოუდგენელი და სრულიად ამოუცნობია , თუ როგორ ახერხებს ეს ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, ამდენი ადამიანის "შეზანზარებას" .

       დღეს განვიხილოთ მისი ერთ - ერთი და პირადად ჩემთვის რჩეული წიგნი  - "მწვანე ბილიკი". აღსანიშნავია , რომ ეს ნაწარმოები ნაკლებად მოიცავს ჰორორს , თუმცა ადამიანის სისასტიკეს აქაც ვერ გავექცევით გარკვეულ მომენტებში.

       წიგნის სიუჟეტი იწყება მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ხნიერი პოლ ეჯკომბი ცხოვრობს . ის თავის მეგობარ - ელენს უყვება 1932 წლის ისტორია , რომელიც მას გადახდა, როდესაც მის ბლოკში სიკვდილმისჯილი პატიმარი - ჯონ კოფი მიიყვანეს.პოლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ციხის ზედამხედველად.ბლოკის ბოლოში დერეფანი იყო,რომლის იატაკიც მწვანედ იყო შეღებილი.სწორედ ამ გზას გადიოდა ყველა პატიმარი უკანასკნელად.მწვანე ბილიკი სიკვდილის მოლოდინში გატარებული წუთები იყო,რომელსაც ყველა გადიოდა , რის შემდეგადაც ელექტრო სკამს ხვდებოდა.  კოფის ბრალად ედებოდა ორი პატარა გოგოს გაუპატიურება და მკვლელობა.  ის იყო გიგანტური ზომის , შავკანიანი და ერთი ნახვაც საკმარისი იყო, რომ ნამდვილი შოკი გამოეწვია.  თუმცა პირველ დღეს აღმოჩნდა , რომ ამ "საზარელ არსებას" სიბნელის ეშინოდა და ზედამხედველებს სთხოვდა რომ ღამით დერეფანში სინათლე არ ჩაექროთ. სწორედ ამ დღიდან დაინტერესდა პოლ ეჯკომბი მისით.


        ციხეში გარდა ეჯკომბისა , გვხვდება სხვადახვა პოლიციელი, მათ შორის აგრესორი და პროვოკატორი - პერსი უელტმორი. პერსი თავს უფლებას აძლევს , რომ წარმოუდგენელი სისასტიკე გამოიჩინოს პატიმრების მიმართ. ასევე გვხვდება  კიდევ ერთი პატიმარი - ედვარდ დელაკრუა, რომლის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი აქვს პერსის.დელაკრუა საკანში გაიჩენს მეგობარს -  წრუწუნას - მისტერ ჯინგლსს, რომელიც ასევე იწვევს პერსის ზიზღს. სიკვდილის წინ დელაკრუა ოცნებებით გადის მწვანე ბილიკს .ელექტრო სკამზე მჯდომს კი პერსი მთელს ოცნებებს უმსხვრევს და საშინელი სიკვდილით სჯის.

       ჯონ კოფის უდიდესი დატვირთვა აქვს წიგნში . ვისაც არ გაქვთ წაკითხული , წაიკითხეთ , არ ინანებთ. შეგიძლიათ ნახოთ წიგნის ეკრანიზაციაც.


https://www.youtube.com/watch?v=Ki4haFrqSrw&t=58s

Saturday, August 3, 2019

ჯონ ბოინი - "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" John Boyne - "The boy in the striped pyjamas"


     წიგნი, რომელიც ემოციების ზღვას დაგიტოვებთ. შეუძლებელია , რომ წიგნი , რომელიც - ჰოლოკოსტს შეეხება , ადამიანი გულგრილი დატოვოს.წიგნის ავტორი - ჯონ ბოინი ,ძალიან კარგად ახერხებს ბავშვების ფიქრებით და დიალოგებით აგვიხსნას იმ დროის უდიდესი ტრაგედია და თან დაგვიტოვოს მძიმე შთაბეჭდილება.

     სიუჟეტი ვითარდება 1943 წელს... ჰოლოკოსტი ...ებრაელების გენოციდი...საკონცენტრაციო ბანაკები...პატარა ბრუნო აუშვიცის ბანაკის კომენდანტის შვილია , მაგრამ მას წარმოდგენაც კი არ აქვს რას საქმიანობს მამამისი.მას არც ომის და არც ებრაელების შესახებ სმენია რამე.იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ბანაკებში მისნაირად თავისუფალი ხალხია. ბრუნო ფიქრობს , რომ მის ახალგაცნობილ მეგობარს ნამდვილად არა აქვს არაფერი საწუწუნო.გერმანელი ბრუნო მოვლილი და გულუბრყვილოა , ებრაელი ბიჭი ზოლიან  პიჟამაში კი - გამხდარი და ნაადრევად გაზრდილი.


      უბრალოდ შეუძლებელია, რომელიმე თავის დასასრულს წიგნი გვერდზე გადადო. ყოველი თავის ბოლოში ჩნდება ახალი კვანძი , რომელიც მომდევნო თავებში იხსნება. თუ ძლიერი ემოციები გინდათ განიცადოთ , მიუხედავად მძიმე შინაარსის და თემისა , ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა. ჯონ ბოინმა მართლაც არაჩვეულებრივი სიუჟეტი შექმნა და დაგვანახა მავთულხლართების ორი მხარე და მათ შორის ორი ჩაჭიდებული ხელი.


    წიგნის წაკითხვის შემდეგ გირჩევთ ნახოთ  ეკრანიზაცია .
https://www.youtube.com/watch?v=_EfD5VaTX0A

Thursday, August 1, 2019

მარგარეტ მიჩელი - "ქარწაღებულნი" Margaret Mitchell - "Gone with the wind"


        მარგარეტ მიჩელმა ეს წიგნი 1936 წელს დაწერა , რომელმაც გამოსვლისთანავე მოიპოვა დიდი წარმატება .1939 წელს კი გაიმართა ფილმის პრემიერა , რომელიც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა. მახსოვს კითხვისას ვფიქრობდი , რომ ასეთი სრულყოფილი წიგნი არასდროს არ მქონდა წაკითხული.წიგნი ყველანაირად აკმაყოფილებს მკითხველის ინტერესს, მოლოდინს და მოთხოვნებს. წიგნი არის სიყვარულზე , მეგობრობაზე, მაღალი წრის წარმომადგენლებზე.მოვლენები ვიტარდება მე-19 საუკუნეში , ამერიკის ერთ-ერთ შტატში.


        ნაწარმოების მთავარი გმირი - სკარლეტ ო'ჰარა არის მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია ძლიერ ქალს.რომანის პირველ ნაწილში ის ერთი უწყინარი და უდარდელი , მეზობელ ბიჭზე შეყვარებული ქარაფშუტა გოგოა, რომლის ერთადერთ საფიქრალს წარმოადგენს თუ როგორი კაბა ჩაიცვას წვეულებებზე. რომანის მეორე ნაწილში კი , ვხვდებით ძლიერ და შეუპოვარ ქალს , რომელიც არაფერს და არავის არ უშინდება. მიუხედავად იმისა, რომ სკარლეტი სიმდიდრესა და ფუფუნებაში გაიზარდა , ის მაინც არ შეუშინდა ომის შემდეგ სიღარიბესა და სიძნელეებს. იგი პლანტაციაში შავკანიანი მონასავით მუშაობდა , რათა მის ოჯახს არ ეშიმშილა . მან იმდენი მოახერხა რომ საკუთარი ბიზნესი ააწყო და გამდიდრდა , რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. სკარლეტს არასდროს არ აინტერესებდა საზოგადოების აზრი, რითიც მათი დიდი სიძულვილი დაიმსახურა.


      შეუძლებელია სკარლეტის და რეტ ბატლერის სიყვარულმა ვინმე გულგრილი დატოვოს.ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. მხოლოდ რეტმა იცოდა თუ როგორი იყო სკარლეტი სინამდვილეში , იგი მას ისე კითხულობდა , როგორც გადაშლილ წიგნს.სკარლეტი კი ბედნიერი იყო , რადგან არ უწევდა რეტთან არისტოკრატი ლედის როლის თამაში, რომლის ნიღბის მორგებასაც მთელი ცხოვრება აიძულებდა საზოგადოება. სკარლეტი კი ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ ადამიანს .ის ბოლომდე ვერ აფასებდა რეტს  და იმ კაცზე ოცნებას აგრძელებდა ვისაც მისი არ ესმოდა.

      მიუხედავად სკარლეტის ახირებების და აუტანელი ხასიათისა, ის წიგნის დასასრულს მაინც იმსახურებს მკითხველის სიბრალულს.ცხოვრებამ მას ბევრი სიმწარე ანახა.მართალია, თავისი სისულელით, მაგრამ ახალგაზრდობიდანვე დააწვა ოჯახის დიდი ტვირთი და ბოლოს ყველა ადამიანი გამოეცალა ხელიდან, ვინც მისთვის ძვირფასი იყო. წიგნი გვასწავლის იმას , რომ არანაირი ფუფუნება და დიადი მიზნები არ გვჭირდება და არაფრად გვიღირს , თუ  სამაგიეროდ სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს.