Sunday, August 25, 2019

ენტონი ბერჯესი - "მექანიკური ფორთოხალი" Anthony Burgess - "A Clockwork Orange"

        "მექანიკური ფორთოხალი" არის წიგნი თინეიჯერი ხულიგნების შესახებ. 16 წლის ალექსი და მისი ძმაკაცები საშინლად ნეგატიური გმირები არიან. ისინი ცივსისხლიანი მკვლელები და ნაძირლები არიან , რომლებიც არა რაიმე მიზნისთვის, არამედ მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავენ , იპარავენ და აწამებენ. თავიდან, წიგნის კითხვის პროცესში ზიზღის და გულისრევის შეგრძნება არ გშორდება. სურვილი გაქვს წიგნი მოისროლო და აღარასდროს მიუბრუნდე , მაგრამ რაღაც ამის საშუალებას არ გაძლევს და შენც აგრძელებ კითხვას. არც ერთი წიგნის მთავარი გმირისადმი არ მიგვრძვნია იმდენი სიძულვილი , რაც ალექსის მიმართ ვიგრძენი. ალბათ გაგიკვირდებათ , რომ ალექსს კლასიკური მუსიკა სიგიჟემდე უყვარს, განსაკუთრებით ბეთჰოვენის - "მეცხრე სიმფონია", რომლის მოსმენის დროსაც ბინძური წარმოსახვა ექსტაზში აგდებს. სინანულის გრძნობა მისთვის სრულიად უცხოა და აკეთებს იმას , რაც უნდა. თუმცა, ეს მხოლოდ წიგნის პირველ ნაწილში.


       წიგნის მეორე ნაწილში , ალექსი ციხეში ხვდება მორიგი ძარცვის დროს, სადაც ნებაყოფილობით იღებს მონაწილეობას ექსპერიმენტში და გადის მკურნალობის კურსს, რომლის შემდეგაც მასში ბოროტების კვალიც აღარ უნდა დარჩეს. იგი ექსპერიმენტის შემდეგ უბრალოდ ნივთი ხდება - მექანიკური ფორთოხალი, რომელსაც როცა უნდათ მაშინ მომართავენ, რადგან უბრალო ბოროტების წარმოდგენაზე და  და წინააღმდეგობის გაწევის სურვილზე , ისეთი სპაზმები ემართება , რომ თავის მოკვლის სურვილს უჩენს. სახლში დაბრუნებული  კი საკუთარ მშობლებსაც ვერ არწმუნებს , რომ ბოროტების გაკეთება უბრალოდ აღარ შეუძლია. მთელი სამყარო მის წინააღმდეგ ამხედრდება : მშობლები სახლიდან აგდებენ, ბიბლიოთეკაში მოხუცების მთელი გუნდი სასტიკად სცემს, რის შემდეგ პოლიციელებისგან კიდევ უფრო მეტი წამება ხვდება.

   

      გადის დრო და ალექსი ისევ ისეთი ნაძირალა ხდება.კვლავ საკუთარი ბანდა ჰყავს და ღამის ცხოვრებით ცხოვრობს.  თუმცა მასში მაინც რაღაც ცვლილება მოხდა... ბოროტმოქმედებაში მონაწილეობის მიღებას ურჩევნია უბრალოდ ბრძანებები გასცეს. ხვდება რომ რაღაც სხვა სჭირდება , სხვა სიამოვნება ...

      წიგნისს მთავარი არსი კი ალბათ ის არის, რომ მოგვწონს თუ არა, სწორედ მორალური არჩევანია ადამიანობის ნიშანი. მორალური არჩევნისთვის კი უნდა არსებობდეს სიკეთე და ბოროტება.მთელი ჩვენი ცხოვრება არის რაღაც არჩევანის გაკეთება , წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მექანიკური ფორთოხლები ვიქნებით , რომლებსაც როცა მოუნდებათ მაშინ მომართავენ.


No comments:

Post a Comment