Sunday, December 14, 2025

პრიმო ლევი - "განა ეს ადამიანია?!"

 


       ეს არის ავტობიოგრაფიული მემუარი , რომელიც ასახავს ავტორის უშუალო გამოცდილებას აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში.  ეს არის არა მხოლოდ ჰოლოკოსტის ისტორიული დოკუმენტი , არამედ ღრმა ფილოსოფიური და მორალური კვლევა ადამიანის ბუნებაზე, ღირსებაზე და უკიდურეს პირობებში თვითგადარჩენაზე.

      წიგნის მთავარი კითხვა  სათაურშივეა  დასმული - რჩება თუ არა ადამიანი ადამიანად მაშინ , როცა მას ყველაფერს ართმევენ? ლევი აღწერს სისტემას, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს ინდივიდუალურობას : სახელების ნაცვლად ნომრები, შიმშილი, ფიზიკური და მორალური დამცირება. ბანაკი ადამიანის არაჰუმანურობის მექანიზმად არის წარმოჩენილი.  ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის - თვითგადარჩენა. აქ ვერ ნახავთ მკაფიო საზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის -  არსებობს მხოლოდ გადარჩენის სურვილი.


       მიუხედავად სასტიკი რეალობისა , მწერალი გვაჩვენებს რომ მცირე მოქმედებასაც კი შეუძლია ადამიანობის შენარჩუნება.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" ეპიზოდი, რომელიც სიმბოლურად წარმოაჩენს კულტურისა და აზროვნების ძალას ბარბაროსების წინააღმდეგ. 

      "განა ეს ადამიანია" არ არის მხოლოდ ჰოლოკოსტზე დაწერილი წიგნი . ეს არის გაფრთილება და კითხვად ქცეული სინდისი , რომელიც მკითხველს აიძულებს   დაფიქრდეს : რა გვაქცევს ადამიანებად? რამდენად მყარია ჩვენი მორალი კრიტიკულ ვითარებაში ?!  ეს წიგნი დღემდე აქტუალურია , რადგან ის გვახსენებს, რომ ადამიანის ღირსება სათუთია და მისი დაცვა მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს.



Wednesday, November 26, 2025

პოლ ოსტერი - "ბაუმგარტნერი" Paul Auster - " Baumgartner"

 


         "ბაუმგარტნერი" პოლ ოსტერის ყველაზე მშვიდი და ყველაზე სევდიანი რომანია. წიგნი მოგვითხრობს მწერალ და პროფესორ - სეიმურ ბაუმგარტნერის ცხოვრების გვიან პერიოდზე - ისეთი ასაკის ადამიანზე, როელიც ხედავს სითბოთი და სევდით სავსე წლებთან გათანაბრებულ საკუთარ არსებობას. რომანის ცენტრში დგას სიმწიფის ასაკში მყოფი ადამიანის ბრძოლა დანაკარგთან და დროის გარდაუვალობასთან.  ბაუმგარტნერი ცდილობს იცხოვროს ახალი ცხოვრებით, მაგრამ მუდმივად უბრუნდება ტრაგიკულად დაღუპული ცოლის ანა ბლანკის მოგონებებს. ეს მოგონებები არა მხოლოდ ტკივილია, არამედ მისი ცხოვრების საყრდენიცაა...

       ბაუმგარტნერი მუდმივად იხედება წარსულისკენ, იხსენებს ანასთან ერთობლივ ცხოვრებას, მათ ბედნიერებას, ყოველდღიურობის წვრილმან დეტალებს. მწერალი გვიჩვენებს , რომ მოგონებები შეიძლება სწორედ ის ადგილი იყოს , სადაც სიყვარულს ისევ შეუძლია არსებობა. ბაუმგარტნერი ხშირად არის მარტო საკუთარ გონებაში - სამყაროში , რომელსაც ნაკლებად უთანხმდება. 


       მწერალი სიყვარულს არ წარმოაჩენს იდეალიზებულად - ის გამოცდილია ყოველდღიურობით, სიმარტივით, ხანდახან მოულოდნელი კომიკურობითაც.  მიუხედავად იმისა, რომ ბაუმგარტნერის სიყვარულის ისტორია ტრაგიკულია, ის მაინც სავსეა სინათლით. სწორედ ეს სინათლე და წვრილმანები ქმნიან დიდი ტკივილისა და სილამაზის მთლიან სურათს. 

        რომანი განსაკუთრებით ძვირფასი იქნება მათტვის, ვისაც დაუკარგავს ძვირფასი ადამიანი ან ვისაც დაღლილობის მიუხედავად , მაინც სჯერა ცხოვრების მარადიულობის.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • თითოეულ ჩვენგანს საკუთარი "აქ" აქვს და დაბადებიდან სიკვდილამდე მასშია გამომწყვდეული.
  • ცოცხალი ადამიანი ტკივილსაც უნდა გრძნობდეს,ტკივილისგან გაქცევა სიცოცხლეზე უარის თქმაა.
  • მთავარია სწორი კითხვები გვქონდეს სიცოცხლის შესახებ, მაშინაც კი , როცა ვიცით, რომ პასუხს ვერასოდეს მივაგნებთ.
  • როგორ უნდა ისურვოს ადამიანმა იმაზე მეტი, რაც ისედაც საკმარისზე მეტია?!
  • რატომ ილექება ხოლმე მეხსიერებაში ზოგი უმნიშვნელო წამი მაშინ, როცა სხვა, ერთი შეხედვით, უფრო საგულისხმო მომენტები სამუდამოდ ეძლევა დავიწყებას.

Monday, November 3, 2025

ისააკ ბაშევის ზინგერი - "ლუბლინელი მაგი" Isaac Bashevis Singer - " The Magician Of Lublin"

 


      ისააკ ბაშევის ზინგერი - ებრაული წარმოშობის პოლონელ-ამერიკელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატია. მისი წიგნი ლუბნილეი მაგი პირველად გამოქვეყნდა 1960 წელს და ასახავს ზინგერისთვის დამახასიათებელ თემებს : რწმენასა და ცოდვას შორის ბრძოლას, თავისუფლებისა და სინდისის კონფლიქტს , ადამიანის გაორებას...

     მთავარი გმირია იაშა მაზური, ლუბლინელი მაგი და ილუზიონისტი, რომელიც მოგზაურობს პოლონეთის ქალაქებში, სადაც ასრულებს ფოკუსებს, ატყუებს ხალხს თავისი ხელოვნებით და ამავე დროს ეძებს ცხოვრების აზრს.  იაშა გარეგნულად მხიარული, ჩაცმულობით ელეგანტური და მიმზიდველი ადამიანია, მაგრამ შინაგანად გაურკვეველ ბრძოლაშია. მას ჰყავს ცოლი ლუბლინში, თუმცა სხვა ქალებთანაც აქვს ურთიერთობა.  ის საკუთარ თავს "თავისუფალ სულად" მიიჩნევს, მაგრამ თანდათან აღმოაჩენს, რომ მისი "თავისუფლება" სინამდვილეში სულიერი სიცარიელეა. როდესაც ერთ-ერთი საყვარელი - ემილია თვითმკვლელობას ჩაიდენს, იაშა დგება რწმენისა და სინდისის წინაშე. ბოლოს ის თავის თავს განმარტოებასა და მონაზვნურ ცხოვრებას უძღვნის.

       იაშას ცხოვრების გზა ცოდვისგან სინანულამდე გადის. ემილიას სიკვდილი მისთვის გარდამტეხი მომენტია, სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისი სულიერი გამოფხიზლება.  იაშას სიყვარული არ არის სუფთა -  ის არის ეგოიზმით სავსე. საბოლოოდ კი ხვდება, რომ ასეთი სიყვარული არ იძლევა ბედნიერებას.


      ავტორი გვიჩვენებს, რომ ადამიანი შეიძლება გონებით თავისუფალი ჩანდეს , მაგრამ სულით მონა იყოს. მხოლოდ სინანული, რწმენა და შინაგანი სიმართლე აცოცხლებს ნამდვილ თავისუფლებას. ნაწარმოები გვაფიქრებს იმაზე , როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი სული, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს სამყაროში , სადაც ცდუნება მუდამ ახლოა...

Saturday, October 25, 2025

ჰან კანგი - "ვეგეტერიანელი" Han Kang - "The Vegetarian"

 


       ეს არის შოკისმომგვრელი, ფსიქოლოგიურად რთული და სიმბოლიზმით სავსე რომანი, რომელიც იკვლევს ადამიანის ბუნებას, სხეულსა და თავისუფლებას.

       მთავარი გმირია - იონგჰე, რომელიც ჩვეულებრივი , მშვიდი ქალი ჩანს, სანამ ერთ დღეს გადაწყვეტს ცხოველური საკვების ჭამა შეწყვიტოს. ეს გადაწყვეტილება არ არის უბრალოდ დიეტური არჩევანი - ის შედეგია ძალადობრივი და დამთრგუნველი გარემოსადმი შინაგანი პროტესტის. როდესაც ოჯახი და საზოგადოება ცდილობს მის "გამოსწორებას", იონგჰეს ქცევა თანდათან უფრო უკიდურესი ხდება, ის უარს ამბობს არა მხოლოდ ხორცზე, არამედ ადამიანურობაზე - მას არ სურს შეიგრძნოს ტკივილი, აღარ სურს არსებობა... მისი სხეული მისივე ბრძოლის ველი ხდება. ის ცდილობს სხეულიდან გათავისუფლდეს, თავიდან აიცილოს ფიზიკური სურვილები, ძალადობა და ის საზოგადოებრივი მოლოდინები, რომლებიც ქალს აკავებს. მისი "მცენარედ ქცევა" შეიძლება აღიქმებოდეს როგორც სულიერი გათავისუფლება.


       კორეული საზოგადოება რომანში წარმოჩენილია როგორც პატრიარქალური და მკაცრი სისტემა, სადაც ინდივიდს თავისუფლება არ აქვს.  რომანში ასევე ბუნდოვანია ზღვარი სიგიჟესა და სიწმინდეს შორის. იონგჰეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სიგიჟე , მაგრამ შეიძლება იყოს ასევე ერთადერთი გზა სულიერი გადარჩენისთვის სამყაროში , სადაც მისი ტკივილის ხმა არავის ესმის...

      წიგნი საკმაოდ მარტივად იკითხება, თუმცა არის მომენტები , რომლებმაც შესაძლოა მკითხველი შოკირებული დატოვოს...



Thursday, October 23, 2025

ჰერმან ჰესე - "დემიანი" Hermann Hesse - "Demian"

  


       რომანი მოგვითხრობს ემილ ზინკლერის , ახალგაზრდა ბიჭის სულიერ და შინაგან ბრძოლაზე. ის იზრდება "კარგი" სამყაროს წესების მიხედვით, მაგრამ მალევე ხვდება , რომ არსებობს "ბნელი" მხარეც - აკრძალული, უცნაური სამყარო, რომელიც მას იზიდავს... მის ცხოვრებაში ჩნდება მაქს დემიანი - იდუმალი და გონიერი თანაკლასელი, რომელიც ზინკლერს ეხმარება თავისი შინაგანი ბუნების გაცნობიერებაში.  დემიანი მას ასწავლის, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება სრულფასოვანი, როცა საკუთარ "ჩრდილს" - ანუ ბნელ მხარეს იღებს და ცნობიერებაში აერთიანებს.  ზინკლერი გადის სულიერ გზას ბავშვობიდან ახალგაზრდობამდე, თვითმპყრობელი ღმერთის - აბრაქსასის იდეამდე, რომელიც ერთდროულად მოიცავს სიკეთეს და ბოროტებას.

      დემიანი ზინკლერს უხსნის , რომ ჭეშმარიტი ღმერთი აერთიანებს ყველაფერს, რასაც ადამიანები ყოფენ კარგად და ცუდად... აბრაქსასი წარმოადგენს ერთგვარ სიმბოლოს - ერთიანობას და თავისუფლებას.  ზინკლერი თანდათან უარყოფს საზოგადოებრივ მორალს, ავტორიტეტებს, ტრადიციულ რელიგიას და ცდილობს საკუთარი გზა იპოვოს  - რაც ძალიან ჰგავს სულიერი აღორძინების პროცესს.


       ჰესეს მიხედვით , ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება თავისუფალი , როცა საკუთარ ბნელ მხარეს არ ემალება. თითოეულ ჩვენგანში შეიძლება ვიპოვოთ დემიანი - ხმა, რომელიც შინაგანი სიმართლისკენ გვიძღვება. ეს რომანი , ალბათ ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეულია ჰესეს შემოქმედებიდან, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეს წიგნი არა მხოლოდ გმირის, არამედ ყოველი მკითხველის სულიერი სარკეა. 


 სამახსოვრო ფრაზები : 

  • შენ გმირი არ ხარ, თუ რაღაცის ან ვიღაცის წინაშე ძრწიხარ.
  • მადლიერების მოთხოვნას ვერ ჩავთვლით ზნეობრივად გამართლებულად, მით  უმეტეს ბავშვებში.
  • არაფერია ამქვეყნად ადამიანებისთვის იმაზე დიდი ტანჯვა , ვიდრე იაროს იმ გზაზე , რომელზეც საკუთარ თავს აღმოაჩენს.
  • მუსიკის მოსმენისას ისეთი შეგრძნება ეუფლება ადამიანს , თითქოს ცასა და ქვესკნელს შორის ცახცახებს. 
  • ყველა რელიგია თავისებურად მშვენიერია, ყველაშია სული.
  • არ არსებობს იმაზე დიდი ჭეშმარიტება, რასაც ჩვენში ვატარებთ.
  • ყველა ადამიანი სიზმარში ცხოვრობს , მაგრამ არა თავის  საკუთარში. ესაა განსხვავება.
  • ადამიანმა უნდა იპოვოს თავის არსებაში ჩაბუდებული ბედისწერა, გააცოცხლოს იგი და ბოლომდე მისდიოს მას. სხვა დანარჩენი კი საზოგადოებრივი იდეალებისთვის თავის შეფარებაა.

Monday, September 29, 2025

ნინო ხარატიშვილი - "უკმარი სინათლე"

 


        ვფიქრობ, ეს წიგნი მწერლის ყველაზე მეტად ქართული და ამავდროულად მისი საუკეთესო რომანია.  წიგნი არის რეკვიემი დაკარგულ თაობაზე , დაავადმყოფებულ, წამალზე დამოკიდებულ ახალგაზრდობაზე, 80-90- იანი წლების თბილისის გაძაღლებულ ყოფაზე, ნამდვილ მეგობრობაზე, რომელიც არასდროს სრულდება, სიყვარულსა და ღალატზე, საკუთარ დემონებთან ბრძოლასა და ომზე. 

       წიგნის მთავარი მოქმედი პერსონაჟები ერთმანეთთან ბედისწერის ძალით დაკავშირებული ოთხი გოგონაა.  ქეთო - ამბის მთხრობელი, ყველაზე მგრძნობიარე პერსონაჟი და ადამიანი , რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის მრავალ უბედურებას, გადარჩება, ცხოვრებას თავიდან დაიწყებს, მაგრამ წარსულს ვერა და ვერ დააღწევს თავს...  ნენე - ქალაქში ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ძმისშვილი და უბრალოდ ახალგაზრდა გოგო, რომელსაც სიყვარული სწყურია და თავისებურად უჯანყდება მის ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას, ყოველთვის წინ იხედება და წარსულს მასზე ბატონობის უფლებას არ აძლევს, ქეთოსგან განსხვავებით. დინა - ჩემი საყვარელი პერსონაჟი, შეუდრეკელი, თავისუფლების მოყვარული და მაძიებელი, სამართლიანი, ექსტრავაგანტური, სიყვარულისთვის ყველაფერზე წამსვლელი, გონიერი და უშიშარი. და ბოლოს ირა - ჭკვიანი, გონებამახვილი პერსონაჟი, რომელმაც მოახერხა და იმ სასტიკ დროში ამერიკაში შეძლო სასწავლებლად წასვლა და იქ მიღებული ცოდნით საყრდენი გამოაცალა იმ სისტემას , რომელიც მალევე ჩამოიშალა.


       ამ წიგნს როცა წაიკითხავთ, მიხვდებით თუ რა ჭაობიდან ამოვედით და ძალიან აშკარად დაინახავთ, რომ იმავე ჭაობში ვბრუნდებით დღეს, 2025 წელს... დაუსჯელობის სინდრომი , სროლები, ნარკოტიკი, ბანდები და სხვა მრავალი უბედურება... საქართველოში დღესაც უკმარი სინათლეა , მთელი თავისი სიცხადით...



Wednesday, September 3, 2025

ერიხ მარია რემარკი - "შავი ობელისკი"

 


      ერიხ მარია რემარკის რომანი "შავი ობელისკი" ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და სევდიანი ნაწარმოებია, რომელიც ავტორის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. რომანში მოქმედება გერმანიაში, 1920 -იან წლებში, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება. მთავარი გმირი - ლუდვიგი, მუშაობს ქვის გადამამუშავებელ საამქროში და ნათლად ხედავს თუ როგორ ცდილობს საზოგადოება ახალი ცხოვრების დაწყებას ომისგან განადგურებული რეალობის ფონზე.

     "შავი ობელისკი" სიმბოლურად აღნიშნავს ცხოვრებას, დროის წარმავლობას და სიკვდილს.ეს ობელისკი თითქოს უძრავია, მარადიული, თუმცა მის გარშემო ადამიანები მუდმივად იცვლებიან, ქრებიან, იტანჯებიან ... რემარკი გვიჩვენებს , რომ ომი არა მარტო ფიზიკურად განადგურებს, არამედ ფასეულობებს, რწმენას და ადამიანების ნდობას გიკარგავს. ობელისკი არის გარდაცვალების სიმბოლო, რომელიც მუდმივად გვახსნებს, რომ სიცოცხლე წარმავალია. მთავარი გმირები ვერ პოულობენ სრულ ბედნიერებას , რადგან წარსული მათ სულში მძიმე კვალს ტოვებს.


      რემარკის წერის სტილი რჩება სევდიანი, ლაკონური და სიღრმისეული..მისი პერსონაჟები თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათში მთელი თაობის ტრაგედიაა თავმოყრილი. რომანი გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მაშინ, როცა მომავალი გაურკვეველია და წარსული - აუტანელი.

      რომანი გვასწავლის , რომ სევდის მიღმა ყოველთვის შეიძლება იპოვო სითბო, ხოლო "შავი ობელისკი" - როგორც სიკვდილის სიმბოლო - შეიძლება იქცეს სიცოცხლის და სულიერი სიმტკიცის მუდმივ შეხსენებად.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ადამიანს არასდროს არ ავიწყდება ის, რაც მის ცხოვრებაში პირველად ხდება.
  • ის, რის ხელში ჩაგდებასაც ცდილობ,ყოველთვის იმაზე უკეთესი გგონია, რაც გაქვს.
  • რომანტიკოსებისთვის იუმორი უცხო ხილია.
  • სიკეთე არცთუ ისეთი უსაფრთხო რამ არის და შეიძლება უფრო მეტად გაგანადგუროს , ვიდრე პატარა უვნებელმა ბოროტებამ.
  • ერთი ადამიანის სიკვდილი სიკვდილია, ორი მილიონის კი - მხოლოდ სტატისტკა.
  • დრო ცრურწმენაა და სწორედ ეს არის ცხოვრების საიდუმლო, ოღონდ ადამიანმა არ იცის ეს და ყოველთვის სადღაც მისვლას ლამობს.
  • ნუ უგულებელყოფთ ეკლესიის სიბრძნეს : ის ერთადერთი დიქტატურაა, რომლის დამხობაც ორი ათასი წლის მანძლიზე ვერავინ მოახერხა.
  • ადამიანს რომ დასცილდება , მერე გაინტერესებს ყველაფერი , რაც მას ეხება. ასეთია სიყვარულის პარადოქსი.
  • მხოლოდ იდიოტები ფიქრობენ , რომ ერთი ნაცია შეიძლება რამით სხვებზე უკეთესი იყოს.
  • ის რაც არსებობს, უკვალოდ არ ქრება.

Friday, August 22, 2025

ფრედრიკ ბაკმანი - "აქ იყო ბრიტ-მარი" Fredrik Backman - "Britt-Marie was here"

 


        ფრედრიკ ბაკმანის "აქ იყო ბრიტ-მარი" ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელიც მარტივ, მაგრამ სიღრმისეულად ადამიანურ თემებს ეხება - მარტოობას, საკუთარი "მე" ს ძიებას და ცხოვრებაში ახალი შანსების პოვნას.

       ბრიტ-მარი  უკვე წლების განმავლობაში ცხოვრობს ჩაკეტილ, რუტინულ სამყაროში.მას ძალიან უყვარს წესრიგი და სისუფთავე, სია და წესები... თუმცა მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება -  მას ქმარი ტოვებს და ბრიტ-მარი იძულებულია ახალი ადგილი იპოვოს საცხოვრებლად. ის აღმოჩნდება პატარა , მიყრუებულ ქალაქში, სადაც თავიდანვე გრძნობს , რომ ზედმეტია, მაგრამ თანდათან ეგუება და ცდილობს ადგილობრივებთან ჩამოაყალიბოს ურთერთობა.

      რომანში ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა სწორედ ეს არის -  ადამიანი ნებისმიერ ასაკში და სიტუაციაში იმსახურებს მეორე შანსს. ბრიტ-მარი თითქოს უმნიშვნელო პერსონაჟია, მაგრამ რეალურად მასში იმალება ძლიერი, ბრძოლისუნარიანი ქალი, რომელსაც შეუძლია სხვის ცხოვრებაშიც შეიტანოს სინათლე. პატა ქალაქის მაცხოვრებლებთან ურთიერთობით ის სწავლობს გულწრფელობას, მეგობრობას და იაზრებს , რომ ცხოვრება იმაზე მეტია , ვიდრე მას წარმოედგინა.


       მწერალი თავის სტილში გულგრილად ,მაგრამ  ღრმად წარმოაჩენს ადამიანურ სისუსტეებს. თითქოს მსუბუქი ირონიით გვიჩვენებს ბრიტ-მარიმდე და მის შემდეგ არსებობას, თუმცა საბოლოოდ მკითხველს იმედს უტოვებს - ცხოვრება ყოველთვის შეიძლება დაიწყო თავიდან, თუნდაც იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელი. ეს რომანი გვახსენებს , რომ ბედნიერება შეიძლება  ყველაზე მოულოდნელ ადგილას დაგხვდეს და ადამიანებს , როგორი რთული ბუნებაც არ უნდა ჰქონდეთ, შინაგანად ყველას სჭირდება სიყვარული და მიღება.



Tuesday, August 19, 2025

ბრუნო შულცი - "დარიჩინის ქულბაქები" Bruno Schulz - "The Cinnamon Shops"


 

       "დარიჩინის ქულბაქების" მთავარი თემაა - დროის განცდა. ავტორი უბრუნდება ბავშვობას, თუმცა ეს დაბრუნება არ არის პირდაპირი. ის არის გარდაქმნილი ემოციების, სურნელის და სიმბოლოების ნაკადი. ქალაქი, რომელიც თითქოს ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს, ხდება ნახევრად მითიური სივრცე, სადაც ყველაფერი სავსეა საიდუმლოებებით. მწერლის გადმოცემის ენა განსაკუთრებულია -  მეტაფორებით და უჩვეულო შედარებებით გაჯერებული, რის გამოც ტექსტი თითქოს მუსიკას ჰგავს და არა მოთხრობას. 

      წიგნში ვხვდებით ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც  შეიძლება გახდეს მკითხველის პირადი ოცნების ნაწილი - დახურული მაღაზიები შუაღამით , დარიჩინის სურნელი, ჩაბნელებული ქუჩები... მწერალი წიგნში ბავშვობის სამყაროს, რეალობის დამახინჯებულ სურათებს და ფანტაზიის ძალას აერთიანებს. ნაწარმოები გვახსენებს, რომ ხანდახან წარსულის გახსენება შეიძლება იყოს უფრო მაგიური და ლამაზი , ვიდრე უშუალოდ ის დრო , როცა მასში ვცხოვრობდით. 


      "დარიჩინის ქულბაქები" მხოლოდ ნაწარმოები კი არა , პოეტური მოგზაურობაა ჩვენს მეხსიერებასა და წარმოდგენებში. ეს არის მცდელობა დავიჭიროთ დრო, რომელიც უკვე გაქრა და მას ფერებით და სურნელებით შევსებული სიზმრის სახე მივცეთ. ავტორი გვიჩვენებს ,რომ მწერლობა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ამბის გადმოცემა, არამედ სამყაროს ხელახლა შექმნა -  ისეთად, როგორსაც მხოლოდ ჩვენი წარმოსახვა ხედავს. 



Friday, August 15, 2025

ფრედრიკ ბაკმანი - "მშფოთვარე ადამიანები" Fredrik Backman - "Anxious People"

 


      "მშფოთვარე ადამიანები" არის თბილი, ირონიული და ამავდროულად სევდიანი რომანი ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ წარუმატებლობებთან, შიშებთან და იმედგაცრუებებთან ერთად ცდილობენ თანაარსებობას. 

       მოქმედება იწყება უცნაური და თითქოს სასაცილო ინციდენტით - ბანკის ძარცვის მცდელობით. პატარა ქალაქის ერთ  ბინაში ხვდებიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად "მშფოთვარე" ადამიანები. თავიდან ისინი ერთმანეთის მიმართ უნდობლად არიან განწყობილნი და საკმაოდ დაძაბულები ჩანან, მაგრამ მოვლენების განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იხსნებიან, უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ფარულ ამბებს, მარცხებს, იმედებს...


       ბაკმანი განსაკუთრებულად ოსტატურად აერთიანებს იუმორს და დრამას - ერთი შეხედვით კომიკური სიტუაცია სინამდვილეში სავსეა ღრმა ემოციებით და ადამიანური სითბოთი. ავტორი გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ტკივილი, რომელიც სხვებისთვის უხილავია. რომანში წამოწეულია თემები, როგორიცაა თანაგრძნობა, ოჯახური ურთიერთობები, პირადი პასუხისმგებლობა და იმის მნიშვნელობა, რომ ადამიანებზე არ გვქონდეს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა.

     რომანის მთავარი აზრი კი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბო : ჩვენ ყველას გვინდა გაგვიგონ, გვაპატიონ და ვუყვარდეთ ისეთები , როგორებიც ვართ - ხარვეზებით და შეცდომებით და ზოგჯერ , ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი შეიძლება შევხვდეთ ადამიანებს , რომლებიც დაგვეხმარებიან ამაში.



Tuesday, August 12, 2025

დაგლას სტიუარტი - "შაგი ბეინი" Douglas Stuart - "Shuggie Bain"

 


      დაგლას სტიუარტის "შაგი ბეინი" სოციო-პოლიტიკური და პიროვნული ტრაგედიების ერთიან ტილოზე ხატავს პატარა ბიჭის, შაგის მძიმე ბავშვობას. ეს არის ნაწარმოები ოჯახზე, სიყვარულზე, დამოკიდებულებაზე და ინდივიდუალურ ბრძოლაზე , სიღარიბის, მიუსაფრობის და სოციუმისგან გარიყულობის ფონზე. 

       რომანის ეპიცენტრშია შაგი ბეინი  - მგრძნობიარე, კეთილი და ცოტა უცნაური ბიჭი, რომელიც ცდილობს გადარჩეს სამყაროში,სადაც დედა ალკოჰოლიზმით არის შეპყრობილი, სამყაროში, რომელშიც მამამ მიატოვა და საზოგადოებაც არ წყალობს. შაგის დედა - აგნესი , ერთდროულად ძლიერი და სუსტი ქალია - მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს ღირსება და დარჩეს ისეთ გარემოში, სადაც პატივს არავინ არ სცემს...

      მწერალი საოცარი სიზუსტით და ემოციით გვიხატავს სოციალური დაღმასვლის, უფსკრულის პირას მყოფი ადამიანების ყოფას. ნაწარმოებში კარგად ჩანს , როგორ მოქმედებს სიღარიბე და დამოკიდებულება ოჯახის სტრუქტურასა და ურთიერთობებზე.


      შაგი არამხოლოდ საკუთარ გარემოცვასთან ბრძოლაშია, არამედ საკუთარ იდენტობასთანაც - განსხვავებულობის განცდა მას კიდევ უფრო აშორებს თანატოლებისგან. ამის მიუხედავად, მისი სიყვარულით სავსე დამოკიდებულება დედის მიმართ, გვიჩვენებს ჭეშმარიტი , უანგარო სიყვარულის ძალას.

      "შაგი ბეინი" არ არის მხოლოდ ტრაგიკული ამბავი - ეს არის ადამიანურობის, ღირსების და იმედის ძიება.დაგლას სტიუარტმა შეძლო საოცრად გულწრფელი და მტკივნეული ისტორიის გადმოცემა, რომელიც მკითხველს დიდხანს რჩება გონებაში. ეს წიგნი გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერები შეიძლება იყვნენ ადამიანები მაშინაც კი, როცა თითქოს ყველაფერი წაგებული აქვთ.



Sunday, August 10, 2025

ფიოდორ დოსტოევსკი - "იდიოტი"

 


        ამ გენიალურ წიგნში  ნათლად ჩანს , რამდენად კარგად იცნობდა ავტორი ადამიანის ფსიქოლოგიას. ავტორი უღრმავდება თითოეული პერსონაჟის შინაგან სამყაროს და ცდილობს შექმნას ადამიანების სახეები ისე, რომ მათი ემოციები მკითხველისთვის ნაცნობი გახდეს. ნაწარმოებში მწერალი საკუთარი ცხოვრებიდანაც იყენებს არაერთ დეტალს. მაგალითად, რომანის მთავარი გმირი, ხალხის მიერ იდიოტად შერაცხული თავადი მიშკინი გენერლის მეუღლისა და მისი სამი ქალიშვილის სტუმრობისას სიკვდილით დასჯის შესახებ საუბრობს. იგი ნათლად აღწერს იმ განცდებს, რომლებიც სიკვდილმისჯილ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს. თავად დოსტოევსკისაც მისჯილი ჰქონდა სიკვდილი, რის მიზეზადაც , როგორც ცნობილია, ბელინსკის ნაწარმოებების კითხვა და ასლების ქონა წარმოადგენდა , თუმცა, საბოლოოდ სიკვდილის მოლოდინში მყოფ მწერალს უთხრეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და მისი განაჩენი ციმბირში გადასახლებით ჩაანაცვლეს.

       კრიტიკოსებს შორის არსებობს მოსაზრება , რო ნაწარმოების მთავარი გმირი მიშკინი ქრისტეს სახეა.  არაერთი წყაროს მიხედვით, დოსტოევსკი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, შესაბამისად , შესაძლოა მის ნაწარმოებში დავინახოთ რელიგიური მოტივებიც. თავად მიშკინი გვევლინება როგორც იდეალური ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ყოველ ადამიანშია რაღაც კარგი, ებრალება განურჩევლად ყველა, ასევე უდიდესი მიმტევებლური თვისებებით გამოირჩევა. სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამო საზოგადოებაში ის იდიოტის სახელითაა ცნობილი...


       რომანში თავადი მიშკინის გარდა კიდევ სამი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია. ესენი არიან : აგლაია ეპანჩინა, ანასტასია ფილიპოვნა და პარფენ როგოჟინი. 

       აგლაიასა და ანასტასია ფილიპოვნას შორის თავადის გულის დასაპყრობად ბრძოლა მიმდინარეობს. აგლაია ოცი წლის გოგონაა, რომელიც ორიგინალობისკენ ილტვის.იგი პირველივე ნახვისას იხიბლება თავადი მიშკინით. ანასტასია ფილიპოვნა კი უბედური ქალის სახეა, რომელიც საკუთარი ტანჯვის დასაფარად ბევრ უღირს საქციელს ჩადის. თუმცა , თავადი უმოკლეს დროში ჩასწვდება მის პიროვნებას...

     საბოლოოდ ისე ხდება , რომ კეთილშობილი თავადი , რომელსაც არასდროს უფიქრია, ცუდი რამ ჩაედინა და ვინმეს ცხოვრება დაენგრია, მის ირგვლივ ყველას აუბედურებს.  ავტორს სურდა ამით ეჩვენებინა მკითხველისთვის თუ როგორ იცვალეს ადამიანებმა სახე მაშინდელ სამყაროში, როგორ დასცილდნენ თავიანთ პირვანდელ, უცოდველ სახეს ...


  სამახსოვრო ფრაზები : 

  • თქვენ რა იცით, რას არ ჩაადენინებს კაცს თავმოყვარეობა.
  • კაცი გამოსცადე და მერე შეაფასე
  • სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და ერთადერთ კანონს.
  • სილამაზე იხსნის ქვეყანას.
  • ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა თავისი გარდაუვალი კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია, ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც.

Monday, August 4, 2025

ფიოდორ დოსტოევსკი - "თეთრი ღამეები"

 


        ფიოდორ დოსტოევსკის "თეთრი ღამეები"  საკმაოდ სევდიანი ნაწარმოებია ადამიანის სულიერი მარტოობისა და დაუკმაყოფილებელი სიყვარულის შესახებ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი - უსახელო მთხრობელი, ახალგაზრდა კაცია, რომელიც ცხოვრობს ილუზიებში და თავს არიდებს რეალურ ცხოვრებას. ის განიცდის უკიდეგანო მარტოობას და ცხოვრების აზრს მხოლოდ ფანტაზიებში პოულობს.

       სიუჟეტი ვითარდება პეტერბურგში, თეთრი ღამეების პერიოდში , რაც ქმნის განსაკუთრებულად ლირიკულ ატმოსფეროს კითხვის დროს. ერთ ღამეს, ქუჩაში სეირნობისას, მთავარი გმირი ხვდება ახალგაზრდა ქალს - ნასტიას.  ისინი მალევე უახლოვდებიან ერთმანეთს . ნასტია უყვება საკუთარი სიყვარულის ისტორიას - თუ როგორ გამოეთხოვა საყვარელ ადამიანს და როგორ ელოდება მის დაბრუნებას. მთავარი გმირს ნელ-ნელა უყვარდება ნასტია, თუმცა მისი სიყვარული უპასუხოდ რჩება, რადგან ნასტია კვლავ იმ კაცს ირჩევს, რომელსაც მთელი ეს დრო ელოდა...


      მწერალი გვიჩვენებს, თუ როგორ არიან ადამიანები სევდიანად მიჯაჭვულნი წარსულს, ოცნებებს და მოლოდინს... მთავარი გმირის სიყვარული უანგაროა, მაგრამ სევდიანი. მას ღრმად სწამს , რომ სჯობს თუნდაც წამიერი ბედნიერება, ვიდრე გრძნობების და ემოციების გარეშე ყოფნა.  წიგნის დასასრულს მთავარი გმირი არ იბრძვის ნასტიასთვის, არამედ მშვიდად ანებებს თავს  და დიდი ტკივილის მიუხედავად, მადლობას უხდის ბედს იმ რამდენიმე ღამისთვის , როცა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდა. 

     დოსტოევსკი , პირადად ჩემთვის , ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული მწერალია. ეს წიგნი კი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სინაზით გაჯერებულია. აქ არ არის დიდი დრამა ან ტრაგედია. თუმცა , სევდა და ადამიანური მარტოობა იმდენად მძაფრად არის გამოხატული, რომ ის სამუდამოდ რჩება მკითხველის გონებაში და გულში.



Thursday, July 31, 2025

ჯეფრი იუჯინიდისი - "თვითმკვლელი ქალწულები" Jeffrey Eugenides - " The Virgin Suicides"

 


       ეს წიგნი ცოტა შემაძრწუნებელი და არაკომფორტულია, ერთდროულად ლამაზიც და ილუზიებით სავსე. ამბავი მოთხრობილია რამდენიმე მეზობელი ბიჭის პერსპექტივიდან . ისინი ცდილობენ გაარკვიონ , რატომ ჩაიდინეს ლისბონის დებმა თვითმკვლელობა.  ბიჭების მხრიდან ლისბონის დებზე ფეტიშიზმი და რომანტიზაცია საკმაოდ შემაშფოთებელია. შეპყრობილები საკუთარი აკვიატებით, ისინი მთელ დროს უთმობენ დებზე ჯაშუშობას და თვითმკვლელობების მერეც კი აწყობენ  გოგონების პირადი  ნივთების "გამოფენას". ფაქტობრივად, გოგონები დაყვანილი არიან მამაკაცური ფანტაზიებისა და სურვილების პროექციად - სიკვდილის შემდეგაც კი... 

     უნდა აღინიშნოს, ასევე , რომ გოგოები კონტროლდებიან და იზღუდებიან რელიგიური მშობლების მიერ.მშობლების მიერ გატარებული მკაცრი ქრისტიანული წესები აყალიბებს ოჯახის ჩაკეტილ გარემოს, სადაც გოგონები იძულებულნი არიან უარი თქვან პირად თავისუფლებაზე . სწორედ ამ თავისუფლების არქონა წარმოშობს ფსიქოლოგიურ კრიზისს. 


       ლისბონის დები წიგნში სიმბოლოებად გვევლინებია - დაკარგული სილამაზის, სიწმინდის და მიუწვდომლობის. ზოგადად, მთელი წიგნი ძალიან მელანქოლიურია. იგი სავსეა დრამატული აღწერებით. 

      ავტორი გვიჩვენებს , რომ ზოგჯერ სიჩუმე და გაუგებრობა უფრო სასტიკია , ვიდრე სიტყვები. ეს არის ამბავი არა მხოლოდ იმაზე თუ რა  მოხდა , არამედ იმაზე, რაც ვერ გავიგეთ და რაც სამუდამოდ მისტიკად დარჩა...




Saturday, July 26, 2025

ჯონ სტაინბეკი - "ედემის აღმოსავლეთით" John Steinbeck - "East of Eden"

 


        როგორც ავტორი ამბობს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი მის შემოქმედებაში.  წელს წაკითხული წიგნებიდან, ეს რომანი საუკეთესო აღმოჩნდა ჩემთვის. 

        წიგნში აღწერილია ტრასკებისა და ჰამილტონების ოჯახების ისტორია, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებული არიან ბიბლიურ პერსონაჟებთან. მწერალი დიდი ოსტატობით აღგვიწერს ადამიანის ორბუნებიან სახეს, წინა პლანზე წამოწევს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და ამით ხაზს უსვამს სამყაროში მუდმივ ჭიდილს სიკეთესა და ბოროტებას შორის. 

რაც შეეხება პერსონაჟებს , სტაინბეკმა ბევრი საინტერესო "პორტრეტი" შექმნა. ზოგიერთ მათგანს ძალიან შეიყვარებთ, ისე რომ მათ გამო ცრემლსაც გაიმეტებთ, ზოგიერთის მიმართ გულგრილობის გრძნობით განიმსჭვალებით, ხოლო ზოგიერთის მიმართ სიძულვილსა და სიბრალულს უხვად გაიმეტებთ.


      თითოეული პერსონაჟი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს მკითხველზე .            ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი , ჩემი აზრით, მოსამსახურე , ჩინელი კაცი - ლია, რომლის სახითაც ფაქტობრივად , მწერალი ხსნის კვანძს და გვიმხელს წიგნის მთავარ იდეას. ეს არის სიტყვა - "ტიმშელ" - "შენ შეგიძლია".. შენ შეგიძლია იბატონო ცოდვაზე და ყოველი ჩვენგანი თავად ირჩევს , თუ რომელი გზით იაროს. შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იყოს მსოფლიოში.

      რაც შეეხება დასასრულს, ძალიან ემოციური იყო , მაგრამ შვების მომგვრელი. იმდენად კარგი, რომ ვფიქრობ მთლიანი ამბავი და სიუჟეტი იდეალურად შეკრა.


 სამახსოვრო ფრაზები : 

  • წესრიგი აუცილებელი და სამართლიანი რამაა.
  • ჯარისკაცი ყველაზე წმინდაა ადამიანებს შორის, მას ყველაზე მძიმე გამოცდების გავლა უწევს.
  • ამ სამყაროში ძალიან ბევრი რამ კეთდება ინსტიქტურად.
  • თითქმის ყველა ადამიანი განიცდის შიშს  და მათ არ იციან, რა იწვევს ამ შეგრძნებას - აჩრდილები, დაბრკოლებები თუ უჩინარი სიკვდილის მოლოდინი.
  • დიდი საქმეები ისტორიის მიმდინარეობას ცვლის.
  • მახინჯ ადამიანს სწორედ სიმახინჯე მიაჩნია ნორმად, რადგან საკუთარ თავსყველა ნორმალურ არსებად თვლის.
  • შიში ადამიანს სიტუაციის კონტროლში უშლის ხელს.
  • ხალხის უმეტესობა მხოლოდ იმას ხედავს , რისი დანახვაც უნდა.
  • ძნელია, როდესაც ადამიანს ორი მხრიდან გაიცნობ და მერე იძულებეული ხარ , მარტო ერთი მხარე გახსოვდეს.
  • დანაშაულის გრძნობა უცნაური რამაა - ადამიანმა ყველაფერი რომ დათმოს, რაც კი გააჩნია, მაინც დაიტოვებს ერთ-ორ ადგილს ცოდვებისათვის, რომ ასაღელვებელი ჰქონდეს.
  • სიმდიდრე და უსაქმურობა ეშმაკის იარაღებია.
  • ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მაგიდას მივუსხდებით და შენ ყველაფერს პასეანსივით გაშლი. მანამდე კი... ჯერ ყველა კარტი უნდა შეაგროვო.
  • მოგონებების გარეშე  დრო ადამიანის წინაშე სრულიად უძლური იქნებოდა.
  • საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი თითქოს მძაფრსიუჟეტიან სერიალში ვცხოვრობთ  და სისტემატური დაძაბულობის რეჟიმში ვიმყოფებით.
  • თავიანთი სისუსტეების მიღმა ყველას ერთი სურვილი ამოძრავებს -  ხალხის სიყვარული რომ დაიმსახუროს.
  • მსოფლიოში ყველაზე კარგი მოსაუბრე სწორედ ის არის , ვინც სხვის საუბარს უსმენს.
  • გარემოს გამოცვლა , როგორც წესი, არაფერს ცვლის.


Thursday, July 17, 2025

ჰარუკი მურაკამი - "უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილგრიმობის წლები"

 



        ცუკურუ ტაძაკი რკინიგზის სადგურების მშენებელი მარტოსული კაცია, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია სამყაროში. ის იძენს და კარგავს ადამიანებს და იმ გამოქვაბულს ადარებს თავს, რომელსაც დროებით შეეფარებიან ხოლმე ჩიტები.

         ცუკურუ ბავშვობაში ოთხ თანატოლს დაუმეგობრდა : აკას (წითელი) , აოს (ლურჯი) , შიროს (თეთრი) და კუროს (შავი). ხუთ განუყრელ მეგობარს შორის მხოლოდ ცუკურო იყო უფერო... ერთხელ, მოულოდნელად მეგობრებმა ზურგი აქციეს და მიატოვეს, ისე , რომ არაფერი აუხსნიათ და არ განუმარტავთ.

         წლების შემდეგ ცუკურო ხვდება სარას, რომელსაც შეიყვარებს და რომელიც უბიძგებს მას , წარსულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი გაარკვიოს. ზუსტად 16 წლის შემდეგ ცუკურუ მიდის თავისი  ძველი მეგობრების სანახავად, რომ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში...


        ჰარუკი მურაკამის ეს რომანი 2014 წელს გამოიცა და მისმა ტირაჟმა იაპონიაში პირველ თვეში მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა . ვისაც მურაკამის წიგნები გიყვართ და დაიმეგობრეთ მისი არაჩვეულებრივი პერსონაჟები, დარწმუნებული ვარ ეს "უფერო" კაციც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს საყვარელ პერსონაჟებს შორის და საერთოდ ვიქრობ, რომ ამ უფერულ კაცს ძალიან ბევრი ფერი დაჰქონდა საკუთარი მარტოობის წლებში... 


სამახსოვრო ფრაზები : 

  • შეგიძლია მოგონებებს თავი მოუხუფო, მაგრამ ისტორიას, რომელმაც ისინი დაგიტოვა, ვერ წაშლა.
  • არსებობს ფიქრები, რომლებიც რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა გამოამჟღავნო.
  • იმას, ვისაც თავისუფლებას წაართმევენ, ბოლოს აუცილებლად შესძულდება ვინმე.
  • ცხოვრების მანძილზე თანდათანობით ვახერხებთ შევიცნოთ ჩვენი თავი და რაც მეტს აღმოვაჩენთ, უფრო მეტად ვკარგავთ საკუთარ თავებს.
  • ადამიანების გული ღამის ჩიტებს ჰგავს. რაღაცას ელის ჩუმად, მშვიდად, წყნარად და შემდეგ , დრო რომ მოვა, პირდაპირ მიფრინავს მისკენ.
  • საჭირო სიტყვები ყოველთვის უდროოდ , დაგვიანებით ადგება კაცს ენაზე. 

Wednesday, July 9, 2025

ფილიპ მაიკლ ონდააჩი - "ინგლისელი პაციენტი" Michael Ondaatje - "The English Patient"

 


        ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში წავიკითხე. რომანი ხასიათდება დახვეწილი წერის სტილით. მრავლად შეხვდებით ფილოსოფიურ ნააზრევს, უამრავ საინტერესო პასაჟს, აწმყოში წარსულის მისტიკური ისტორიების გაცოცხლებასა და ადამიანისთვის დამახასიათებელ ჰუმანურობას. 

      წიგნის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვითარდება, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში, სადაც ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულებრივად გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია : კანადელი ქურდი და გამნაღმველი. ეს წიგნიც მთლიანობაში ამ ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების შესახებაა, რომელთაც ომი აერთიანებთ და მისგან დაღდასმულნი უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ წარსულსა და ტკივილს.


       წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ რამხელა ძალა აქვს ომს, როგორ ფიტავს და ანადგურებს ის თითოეულ ადამიანს, აკარგვინებს მათ პირვანდელ სახეს და სრულიად სხვა პიროვნებებად აყალიბებს... ომი, ისევე როგორც სიყვარული, შინაგანად წვავთ მათ, დამწვარი სულის ტკივილი კი გაცილებით მტანჯველი და აუტანელია, ვიდრე დამწვარი კანი, რომელსაც ადამიანი მთლიანი სხეულით შეიგრძნობს.

 "ომიანობის დროს ღალატი მოსატანიც არაა იმ ღალატთან, რაც ადამიანებს მშვიდობიანობის დროს გვახასიათებს"